სამოქალაქო საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო - ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან ოლექსანდრ სირსკი გაათავისუფლა - სამხედრო მაღალჩინოსნის, რომელსაც უკავშირდება თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები, ექსმინისტრ მიხაილო ფედოროვთან უთანხმოების გამო.
გათავისუფლებულია გენშტაბის უფროსი ანდრი ჰნატოვიც. გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახსნა ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის აუცილებლობით.
მისი თქმით, სამხედრო მეთაურობასთან რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ განისაზღვრა, როგორ იქნება რეორგანიზებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სტრუქტურა.
„ოლექსანდრ სირსკიმ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი შედეგები უზრუნველყო კიევის დაცვის, ხარკივის კონტრშეტევისა და კურსკის ოპერაციის დროს. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, უკრაინის დაცვა გრძელდება და თითოეულ მებრძოლს ღირსეულად უნდა მოეპყრონ. მადლობელი ვარ ოლექსანდრ სირსკისა და თითოეული ჩვენი მებრძოლის, რომლებიც უკრაინის მტკიცე პოზიციების შენარჩუნებას ემსახურებიან ფრონტზე...
ჩვენ ყველას ერთი და იგივე მიზანი გვაქვს: დავამარცხოთ მტერი და შევქმნათ ისეთი პირობები - როგორც ფრონტის ხაზზე, ისე რუსეთზე ზეწოლის გზით, რაც საშუალებას მოგვცემს, რუსეთი მშვიდობაზე დავიყოლიოთ. უკრაინა ამ ვითარებიდან უფრო ძლიერი უნდა გამოვიდეს, ხოლო რუსეთისთვის ყველაფერი უფრო რთული გახდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ოლექსანდრ სირსკი გენერალ-მაიორმა მიხაილო დრაპატიმ შეცვალა, რომელიც მოსკოვმა უკვე გამოაცხადა ძებნილად.
მისი სამხედრო კარიერა 2001 წლიდან იწყება და მოიცავს გზას მექანიზებული ბრიგადის მეთაურობიდან „ხორტიცას“ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფებისა და სახმელეთო ჯარების ლიდერობამდე და პასუხისმგებელი იყო ხარკივის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე.
საგულისხმოა, რომ „ხორტიცას“ დაჯგუფებამ ოკუპანტებისგან გაათავისუფლა დასახლებების მნიშვნელოვანი ნაწილი კუპიანსკის ტერიტორიის ირგვლივ, რომელზეც მოსკოვმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მტკიცებით ფორმაში განაცხადა კონტროლის დაწესება, რაც კიევისა და დასავლური დაზვერვის ცნობით ტყუილი აღმოჩნდა.
დრაპატიმ თავი გამოიჩინა არამხოლოდ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, არამედ მანამდეც, როდესაც კრემლმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია.
2014 წელს 72-ე მექანიზებული ბატალიონის მეთაურის რანგში ის მარიუპოლისთვის საბრძოლველად გაუშვეს, სადაც შეტაკებები ქალაქის ცენტრში მიმდინარეობდა.
ოლექსანდრ სირსკისგან განსხვავებით, გენერალ მიხაილო დრაპატის კარგი ურთიერთობები აქვს მიხაილო ფედოროვთან, რომელსაც გადაყენების შემდეგ ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა და განაცხადა, რომ მისი მინისტრობისას დაინახა ნამდვილი ძალისხმევა, გატარებულიყო ის აუცილებელი ცვლილებები და მოგვარებულიყო ის პრობლემები, რომელთა იგნორირებასაც სისტემა შეეჩვია.
დრაპატიც მომხრეა ძირეული სამხედრო რეფორმების გატარების და მიიჩნევს, რომ დუმილი კი არ იცავს არმიას, არამედ დაშვებული შეცდომების რაოდენობას ზრდის.
რაც შეეხება მიხაილო ფედოროვს - მის მომავალთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი დაგროვდა, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფედოროვს შესთავაზა „მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი თანამდებობა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, გააერთიანოს ქვეყნის ტექნოლოგიური შესაძლებლობები და უზრუნველყოს მათი უწყვეტი განვითარება“.
