დონალდ ტრამპი ირანს მოკლული ამერიკელი ჯარისკაცებისთვის „დიდი საფასურის გადახდას“ დაჰპირდა და ცენტრალური სარდლობის ძალებს უბრძანა „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ გახსნან, რაც ისლამური ქვეყნის წინააღმდეგ უფრო მძლავრი იერიშების დაწყებას გულისხმობს.
მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომელიც დოვერის საჰაერო ბაზაზე ჩავიდა დაღუპულ სამხედროთა პატივის მისაგებად, საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ „ყოველ ჯერზე“, როდესაც თეირანი დაარტყამს ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემს, ვაშინგტონი დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს, მათ შორის ირანის დედაქალაქსა თუ მის სიახლოვეს.
მისივე განმარტებით, იერიშებში იგულისხმება რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების ან სხვა შეიარაღების გამოყენება.
„ეს ეხება იმ დაპირისპირებას, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან გვაქვს. და სწორედ ასე ვუწოდებ ამას, რადგან გეტყვით: ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. მათ შეთანხმების დადება სურთ, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჯერ ამისთვის მზად არ არიან, რადგან ყოველ ჯერზე, როცა შეთანხმებას დებენ, შემდეგ მისი შეცვლა და სხვადასხვა პირობის გადახედვა უნდათ. ისინი ჯერ მზად არ არიან, თუმცა ძალიან მალე მზად იქნებიან...
თუ შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას ერთად განვიხილავთ, მსოფლიოს ნავთობის ბაზრის დაახლოებით 62% ჩვენს ხელშია. ამიტომ არც სრუტეები გვჭირდება და არც სხვა რამ. ჰორმუზის სრუტეც არ გვჭირდება. მაგრამ ამას მაინც ვაკეთებთ, რადგან გვიწევს. არ შეგვიძლია, ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება მივცეთ. ეს ძალიან სერიოზული საკითხია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატში გამართული შეხვედრებისას.
ურთიერთიერიშების მორიგი ღამის ფარგლებში, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ძალებმა კვლავ დაარტყეს ირანის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რისი მიზანიც არის გრძელვადიან პერსპექტივაში თეირანის შესაძლებლობების შემცირება, იერიშები მიიტანონ რეგიონულ წყლებში მოძრავ სამოქალაქო ხომალდებსა და კომერციულ გემებზე.
ამავე დროს, ირანული სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ვაშინგტონმა შეუტიეს ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებს, მათ შორის აჰვაზს, რამშირსა და ანდიმეშკს.
მათივე მტკიცებით, ერაყის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ შალამჩეში ამერიკული იერიშების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა.
ექსპერტების თქმით, არ არის გამორიცხული, ვაშინგტონმა სამიზნეში ამოიღოს პიქაქსის მთა, რომლის ქვეშაც ირანი ურანის გამამდიდრებელ ობიექტს აშენებს.
ამ წერტილიდან თითქმის 2 კილომეტრშია განთავსებული ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელიც, პირდაპირი გაგებით, არაერთხელ მოექცა აშშ-ისრაელის სამხედრო ფოკუსში.
მოვლენათა ამგვარი განვითარება ძირს უთხრის დიპლომატიურ პროცესსა და პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეირანი მიმართავს „თვალი თვალის წილ“ თავდაცვის დოქტრინას, რომელიც ირანისა და მისი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმებზე „მძლავრი და გადამწყვეტი“ პასუხის გაცემას გულისხმობს.
ისლამური ქვეყნის პარლამენტის სპიკერისა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართული ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება კი საზოგადოებას ირანის სახელმწიფო მაუწყებლის დიქტორმა გააცნო:
„ირანის ისლამური საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში, დონალდ ტრამპს მიმართა სიტყვებით: „უსაფრთხოება ყველასთვის - ან არავისთვის.“
მან განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება მხოლოდ მაშინ იქნება უზრუნველყოფილი, როდესაც რეგიონში ამერიკული სამხედრო ძალები აღარ იქნებიან. ამავე განცხადებაში მან ხაზი გაუსვა, რომ „ამ ომის ფორმულა ნათელია: ან ყველასთვის, ან არავისთვის!“ მისი თქმით, „იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ნავთობს ვერ ვყიდით, ვერც სხვა გაყიდის.“
მოჰამად ღალიბაფმა ასევე გააფრთხილა ამერიკა: „თუ ჩვენი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, არცერთი ინფრასტრუქტურული ობიექტი არ იქნება უსაფრთხო, ხოლო ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება ამერიკული ძალების არყოფნაზეა დამოკიდებული. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სრუტეში არსებული ვითარება ომამდელ მდგომარეობას აღარ დაუბრუნდება.“
არაპოპულარული ომი, რომელიც უკვე ხუთი თვეა, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას, ანალიტიკოსების თქმით, წესით და რიგით, ყველაზე მეტად არ უნდა აწყობდეს დონალდ ტრამპს, რომელიც საბრძოლო მოქმედებების გამო, ოპონენტთა მხრიდან არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში.
ეს ვითარება თეთრი სახლის ლიდერისთვის განსაკუთრებით არახელსაყრელია შემოდგომის შუალედური არჩევნების წინ, თუმცა დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკელები არა ომის, არამედ გაზრდილი ფასების გამო არიან გაბრაზებულნი, რაც, როგორც ამბობს, დროებითია.
