კატეგორიები

მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა შედგა

მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა შედგა
ფილიპინების დედაქალაქში, აზიელ დიპლომატებთან დისკუსიების პარალელურად, ერთმანეთს აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეხვდნენ. მოგვიანებით ითქვა, რომ მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის საუბრები 35 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

შინაარსის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია პირადად დიპლომატებს არ გაუსაჯაროვებიათ, მათ შორის არც იმ პირებს, რომლებიც დელეგაციებში იყვნენ წარმოდგენილი. თუმცა წინასწარ იყო ცნობილი, რომ გარდა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხისა, საკვანძო რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა იქნებოდა. ვაშინგტონი გაჭიანურებულ და ბოლო პერიოდიში შეჩერებულ პროცესში ახალი დინამიკის შეტანას ცდილობს.

„ცხადია, უკრაინაში მიმდინარე ომმა, მრავალი თვალსაზრისით, შეაფერხა რუსეთისა და შეერთებული შტატების შესაძლებლობა, სხვა საკითხებზე თანამშრომლობისა თუ შეთანხმების სფეროები ეპოვათ.თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევეცდებით სხვა შესაძლო თანამშრომლობის მიმართულებების მოძიებას. ამავე დროს, გვსურს, რომ ეს Lavrov_sot_260723093154ომი დასრულდეს. მიგვაჩნია, რომ ამ ომის დასრულება რუსეთისთვისაც სასარგებლო იქნებოდა.როგორც უკვე ვთქვი, შეერთებული შტატები კვლავ მზად არის და ღიაა, კონსტრუქციული როლი შეასრულოს ამ ომის დასრულების პროცესში, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება, და შესაძლოა, ასეთი შესაძლებლობა მართლაც გაჩნდეს. ჩვენ მზად ვართ ასეთი როლი ვითამაშოთ, რადგან ვფიქრობთ, და მგონია, რომ რუსებიც დაგვეთანხმებიან ამაში, რომ ამ ეტაპზე, ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ ომის დასრულების ხელშეწყობაში“-აღნიშნავდა შეხვედრამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

შეხვედრამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავდა, რომ ამერიკელ კოლეგასთან ბევრი კითხვა ჰქონდა,მათ შორის დონალდ ტრამპის ბოლო პროგნოზების თაობაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ომის დასრუება ახლოვდებოდა. უკვე შეხვედრის შემდეგ ლავროვს აღარ უსაუბრია, თუმცა განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო უწყებამ,სადაც ითქვა,რომ რუსმა დიპლომატმა ამერიკელ კოლეგამდე მიიტანა სრულყოფილი ინფორმაცია ფრონტის ხაზზე რეალური ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა იმის დაუშვებლობას, რომ გაგრძელდეს, როგორც თავად უწოდებენ „კიევის რეჟიმის“ შეიარაღება  - მადესტაბილიზირებელი ევროპული ქვეყნების მხრიდან. ეს ევროპული ქვეყნები,  განცხადების თანახმად მოსკოვისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე არიან ორიენტირებულნი. განცხადებაში ხაზგასმულია ვლადიმერ  პუტინსა და დონალ დტრამპს შორის, ანკორიჯში გამართული შეხვედრის შედეგები, ამ შეთანხმებაზე კრემლი მუდმივად აპელირებს.

„ანკორიჯში გამართული სამიტის დასრულებისთანავე, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა, ისე პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ იქ ძირითად საკითხებზე შეთანხმება იქნა მიღწეული. ჩვენ გამოვდივართ იმ დაშვებიდან, რომ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს არ უარუყვიათ ის წინადადებები, რომლებიც თავად წამოაყენეს, რომლებიც იქ საჯაროდ გამოცხადდა და რომელთა შესახებაც ახლა უკვე ყველასთვის ცნობილია. ნებისმიერ შემთხვევაში, პირისპირი შეხვედრა ყოველთვის სასარგებლოა“-შეხვედრამდეც აღნიშნავდა სერგეი ლავროვი.

მხარეებს შორის რიგით მეოთხე შეხვედრაზე აშშ-სა და რუსეთის პირველი დიპლომატები შეეხნენ სხვა საერთაშორისო თუ რეგიონალურ საკითხებსაც,ასევე ნასასა და როსკოსმოსს შორის თანამშრომლობის აღდგენას, დიპლომატიური მისიების ნორმალურ ფუნქციონირებასა და  ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე პროცესებს. ეს ყველაფერი კი რუსეთის მხრიდან უკრაინის ქალაქებზე მასირებული იერიშების ფონზე ხდება.

ბოლო 24 საათში ფრონტის ხაზზე 211 სამხედრო შეტაკება მოხდა. ღამის იერიშები იყო საპორტო ქალაქ ოდესაზე. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. იყო იერიში სუმის ოლქზეც, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. დარტყმის ქვეშ ინტენსიურად ხვდება ხარკივი.  უკრაინა გაეროს უშიშრსოების სხმის ჩანიშვნას ითხოვს, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე რუსული იერიშების გამო.  ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტს კომუნიკაცია ჰქონდა ამერიკულ მხარესთან, რომელთა მხრიდანაც დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლების  მცდელობები აშკარაა.

„ახლახან მქონდა საუბარი პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. ეს იყო კარგი და მნიშვნელოვანი საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს დიპლომატიური ძალისხმევა და როგორ უნდა დავაახლოოთ მშვიდობა.მშვიდობა აუცილებელია - ღირსეული მშვიდობა, და უკრაინა ამისთვის უკვე დიდი ხანია მზად არის. ჩვენი გუნდები მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ, მათ შორის იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ყველა იმ საკითხზე, რომელიც განვიხილეთ.მადლობას ვუხდი სტივსა და ჯარედს მშვიდობის მისაღწევად გაწეული პირადი ძალისხმევისთვის. ასევე მადლობელი ვართ პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკელი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის“- წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

საგულისხმოა, რომ რუსეთი უკრაინის ორი ახალი დასახლების დაკავების შესახებ იუწყება .ამის პარალელურად უკრაინული დრონების იერიშები გრძელდება რუსულ ქალაქებზე, დაზიანებულია ვორონეჟში მდებარე ერთერთი საცავი. იყო დარტყმა რუსეთის მიერ მიტაცებულ ყირიმზეც.

დაკავშირებული ამბები
ტრამპი ირანს უფრო მძლავრი და გამანადგურებელი დარტყმებით ემუქრება მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა შედგა