კატეგორიები

ბულგარეთში მხარი დაუჭირეს ბეზმერის სამხედრო ბაზაზე აშშ-ის კონტინგენტის დროებით განთავსებას

ბულგარეთში მხარი დაუჭირეს ბეზმერის სამხედრო ბაზაზე აშშ-ის კონტინგენტის დროებით განთავსებას
136 ხმით 13-ის წინააღმდეგ ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკუთარ ტერიტორიაზე მდებარე ბეზმერის საჰაერო ბაზაზე 24 ივლისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში საწვავით გამმართველი რვამდე ამერიკული, KC-135-ის ტიპის საჰაერო ხომალდის, საჭირო აღჭურვილობისა და 250-მდე სამხედრო მოსამსახურის განლაგებას.

NATO-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის თქმით, გადაწყვეტილების არც მიზანი და არც მოტივი არ არის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ბულგარეთის ჩართვა, არამედ წარმოადგენს აღებული ვალდებულებებისა და სოფიაში შეერთებული შტატების საელჩოს მოთხოვნის შესრულებას.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, დიმიტარ სტოიანოვის თქმით, სტრატეგიული პარტნიორი ვაშინგტონისგან მიიღეს შესაბამისი გარანტიები, რაც მოიცავს ბულგარეთის ეროვნული ინტერესებისადმი ზიანის მიყენების მინიმუმამდე დაყვანას, თუმცა, ამას გარდა, როგორც მაღალჩინოსანი ამბობს, ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა ადგილობრივ დონეზეც.

„მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არსებულ ურთიერთობებს და კატეგორიულად გამოვრიცხავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციები ბულგარეთის ტერიტორიიდან განხორციელდეს.

საჰაერო საწვავით მომმარაგებელი ამერიკული თვითმფრინავების განთავსება ბეზმერის ავიაბაზაზე ემსახურება მხოლოდ ლოგისტიკურ მისიებს, რომლებიც ბულგარეთის საჰაერო სივრცის ფარგლებს გარეთ ფრენის დროს საწვავით შევსებას გულისხმობს.

აშშ-სა და ირანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი ომი, შესაძლოა, მთელ მსოფლიოში არაპროგნოზირებადი შედეგების გამომწვევი გახდეს“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა.

სამხედრო ძალების განთავსება ბულგარეთს აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ოპერაციების ლოგისტიკურ უზრუნველყოფაში პირდაპირ როლს ანიჭებს, რამაც უკვე გამოიწვია თეირანის მძაფრი რეაქცია.

22 ივლისს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ,განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო თავდასხმების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა ბულგარეთს თეირანის წინააღმდეგ „აგრესიისა და ომის დანაშაულების“ თანამონაწილედ აქცევს.

საგულისხმოა, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების დროებითმა დისლოკაციამ ბულგარეთის მოსახლეობაში გარკვეული საპროტესტო განწყობები და დაძაბულობა გამოიწვია.

მათი შეფასებით, საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, ქვეყანა მაქსიმალურად უნდა დისტანცირდეს გლობალური სამხედრო კონფლიქტებისგან - მით უმეტეს, რომლებიც არ მიმდინარეობს ევროპულ კონტინენტზე.

დაკავშირებული ამბები
ბულგარეთში მხარი დაუჭირეს ბეზმერის სამხედრო ბაზაზე აშშ-ის კონტინგენტის დროებით განთავსებას კონკურსში გამარჯვების შემდეგ ბულგარეთი აცხადებს, რომ მზადაა ევროვიზიას უმასპინძლოს