კატეგორიები

უკრაინასა და რუსეთში ინტენსიური საჰაერო იერიშები გრძელდება

უკრაინასა და რუსეთში ინტენსიური საჰაერო იერიშები გრძელდება
რუსეთი უკრაინის ქალაქებზე ინტენსიურ სარაკეტო და დრონებით იერიშებს აგრძელებს. ოდესაში ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა კერძო საწარმოს ტერიტორიაზე, სადაც მაშველები და მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს, ხოლო მაშველები დაშავებულებს დახმარებას უწევდნენ.

იერიში იყო კრამატორსკშიც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ზედა სართულებზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან ხუთი მოქალაქის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა ქვეყნის მიმართულებით 41 რაკეტა და 125 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. რუსეთმა იერიშები მიიტანა კიევზე, კრამატორსკსა და სხვა ქალაქებზე. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვი სულ უფრო ინტენსიურად იყენებს ბალისტიკურ რაკეტებს. იგი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.

ამავე დროს, რუსეთი უკრაინის მასშტაბურ, დრონებით შეტევაზეც იუწყება. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით 400-ზე მეტი დრონი გაუშვა. მისი თქმით, მათი უმეტესობა იქამდე ჩამოაგდეს, სანამ მოსკოვს მიაღწევდა. 85 დრონი კი დედაქალაქის სიახლოვეს გაანეიტრალეს. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინული დრონების იერიშის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის ბელგოროდის ოლქშიც. რეგიონის მოქმედი გუბერნატორის განცხადებით, სამგზავრო ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი ქალი და ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მოსკოვის ოლქში ლოგისტიკური ობიექტები და ნავთობის საცავი დააზიანეს. მისივე თქმით, შავ ზღვაში დარტყმა მიაყენეს რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორ ტანკერს, რომლებიც სანქცირებული ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობდნენ.

დაკავშირებული ამბები
უკრაინასა და რუსეთში ინტენსიური საჰაერო იერიშები გრძელდება ზაპორიჟიესა და ოდესაზე მიტანილი რუსული იერიშები კვლავ მსხვერპლით დასრულდა