ნიდერლანდებში ორგანიზაცია Buurtzorg-ში დასაქმებული ექთნები უძლურ მოხუცებს საკუთარ სახლში სთავზობენ სრულყოფილ ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურებას, რათა მათ ისევ დამოუკიდებლად და ღირსეულად შეძლონ ცხოვრება.
„რა დიდებული დღეა! ლურჯი ცა და კაშკაშა მზე!“ - ამ სიტყვებით ხვდება ანე-მარი დებორა ვარტას, უბნის ექთანს, რომელიც თავის ყოვცელდღიურ შემოვლას იწყებს ნიდერლანდების ქალაქ ამერსფორტში.
88 წლის ანე-მარი ვილდბერგს ხუთი წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა და მას შემდეგ მარტო ცხოვრობს. მას დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. მაგრამ მაინც ვერაფრით დაარწმუნეს, რომ უარი ეთქვა საკუთარ ბინასა და უბანში ცხოვრებაზე. დებორა ერთ-ერთია იმ ექთნებიდან, რომლებიც მოხუცს ყოველდღე აკითხავენ.
“ჩემი აზრით, ძალიან კარგია, რომ ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს სისტემატურად აკონტროლებენ. თანაც მარტო აღარ ვარ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მეხმარება“,- ამბობს ანე-მარი.
დებორა ექთნად მუშაობს ქალაქ ამერსფორტში, რომელიც ამსტერდამიდან აღმოსავლეთით 50 კილომეტრით არის დაშორებული. იგი ნიდერლანდებში ბინაზე მოვლის სერვისის მიმწოდებელ ყველაზე დიდ ორგანიზაციაში მუშაობს, რომელსაც Buurtzorg-ი ჰქვია. ეს სახელი სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „უბნის დახმარება“. ეს არის იმ ხანშიშესული ადამიანების დახმარების მოდელი, რომელთაც სურთ სახლში რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ.
ბერტ დე ბრეინს პარკინსოსნის დაავადება აქვს და საკმაოდ ცუდად ახსენდება ის მოკლე პერიოდი, როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრში მოუწია ყოფნა.
“ნამდვილად იგრძნობა სარეაბილიტაციო ცენტრთან სხვაობა. იქ თითქოს მხოლოდ ციფრი ხარ. აქ უბრალოდ შესანიშნავად მივლიან“, - განმარტავს ბერტი.
“მასზე ძალიან ბევრი პროფესიონალი ზრუნავს და ჩვენ ყველას ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს. თუ რამე მოხდა, სწრაფად შეგვიძლია ერთმანეთის პოვნა. იმედი გვაქვს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შინ რაც შეიძლება დიდხანს დარჩებით“, - ამბობს დებორა.
ორგანიზაცია Buurtzorg-ის მომსახურების უნიკალური მოდელი ადამიანებთან სიახლოვეზე, მობილურობასა და თვითმენეჯმენტზეა დაფუძნებული. ჩვენ ახლა ერთ-ერთ საკოორდინაციო შეხვედრას ვესწრებით, რომელსაც ამერსფორტში დასაქმებულ ექთანთა სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლები ატარებენ.
“ჩვენ მენეჯერები არ გვყავს. საკუთარ თავს თავად ვუვლით. პრობლემების უმეტესობას გუნდები წყვეტენ,“ - განმარტავს დებორა. „ზოგჯერ საკმაოდ მარტივია გამოსავალი, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, სამაგიეროდ სხვა გუნდმა შეიძლება დაინახოს. ამიტომ კარგია, ერთმანეთს რომ ვიცნობთ“.
Buurtzorg-ი 20 წლის წინ დაარსდა. ახლა თითქმის 15 ათასი თანამშრომელი ჰყავს და ნიდერლანდებში პაციენტების შინ მოვლის ბაზარზე 75% უკავია. ეს ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით პაციენტების კმაყოფილების რეიტინგის სათავეში დგას და პარტნიორები 25 ქვეყანაში ჰყავს, მათ შორის ევროპაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში.
ამ მოდელის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იოს დე ბლოკია, ყოფილი ექთანი, რომელიც სოციალური მეწარმე გახდა.
“ჩემი აზრით, საზოგადოებაზე ზრუნვის სისტემა სულ უფრო უარესდებოდა,“ - ამბობს ის. „ექთნები ამბობდნენ, რომ ვეღარ ახერხებდნენ პაციენტების მოვლას, როგორც წესი და რიგი იყო, რადგან მეტისმეტად ბევრი ადამიანის წინაშე იყვნენ პასუხისმგებელი, თუ რა და როგორ გაეკეთებინათ. ვიფიქრე, რომ ამის გაკეთება სულ სხვანაირად შეიძლებოდა“.
ორგანიზაციის ფუნდამენტური პრინციპია გუნდისთვის ავტონომიის მინიჭება.
“ხალხი საკუთარ საქმედ მიიჩნევს და პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რასაც აკეთებს,“ - ამბობს იოსი. „ცდილობენ, რომ ყოველდღე სულ უფრო უკეთ მოექცნენ თავიანთ პაციენტებს. როცა სწორად იქცევი, უამრავი პრობლემის პრევენციას ავტომატურად ახდენ. ისიც დავამტკიცეთ, რომ საქმე ნაკლებ დროშიც შეიძლება გაკეთდეს. თითოეულ პაციენტთან გატარებული დრო 50%-ით შემცირდა“.
იოს დე ბლოკის აზრით, ადამიანის კარგად მოვლა ეკონომიკურადაც მომგებიანია.
“საოპერაციო ხარჯი თითქმის არ გვაქვს. ჯანდაცვის სექტორს დავანახეთ, რომ ჩვენი მეთოდით მუშაობა მას ნაკლები უჯდება,“ - განმარტავს იოსი. „ჩემი აზრით, თუ ამ პრინციპებს მთელ ჯანდაცვის სექტორში დავნერგავთ, მისი ხარჯი 25%-ით შემცირდება. ყურადღება მხოლოდ იმას უნდა დაეთმოს, რაც მართლა აუცილებელია. ხარისხიანი ჯანდაცვა იმას ნიშნავს, როცა ამა თუ იმ საჭიროების მქონე პაციენტს ნამდვილად გამოცდილ ადამიანს მიამაგრებს, რომელიც სწორ დროს სწორ ნაბიჯს გადადგამს და გარშემომოყოფთ ისე ჩართავს საქმეში, რომ მათ რაც შეიძლება ეფექტიანდ გააკეთონ საქმე“.
Buurtzorg-ის ექთანი მარიოლეინ ონვლე და ჟურნალისტი ანკე სპრაკელი, კვირაში ერთხელ ამსტერდამის ქუჩებში გადიან მობილური სტუდიით, რათა მოხუცი ხალხის ამბები ჩაწერონ რადიოპროგრამა Radio Steunkous-ისთვის, რომელიც ითარგმნება, როგორც „კომპრესიული წინდების რადიო“.
„რას აკეთებთ საკუთრაი ჯნმრთელობისთვის?“ - ეკითხება ანკე ქუჩაში ველოსიპედისტის ჩაფხუტიან ხანშიშესულ მამაკაცს.
“აუზზე დავდივარ საცურაოდ“ - პასუხობს მამაკაცი. „იმიტომ კი არა, რომ მსიამოვნებს, უბრალოდ რომ ვიმოძრაო. ბევრს ვკითხულობ, თუმცა ვწერ კიდეც, რომ გონებრივი აქტივობა შევინარჩუნო, რადგან ალცჰაიმერის დაავადება მაქვს“.
Buurtzorg-ის დახმარებით მარიოლეინი და ანკე უკვე 15 წელია თავის რაიდოპროგრამას უძღვებიან.
“ადამიანზე ზრუნვა მხოლოდ მის ფიზიკურ მოვლას არ ნიშნავს,“ - ამბობს ანკე. „ფსიქიკურ ჯანმრთელობზე ზრუნვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გადავწყვიტე, რომ გაგვეკეთებინა პროგრამა იმ მოხუცებისთვს, რომლებიც სახლში არიან. ვისაუბრებდით ჯანდაცვაზე, ზოგადად რას ნიშნავს სიბერე და ცხოვრებისული გამოცდილება“.
“გვჯერა, რომ ერთმანეთის ამბების მოყოლა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა,“განმარტავს მარიოლეინი. „ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ყველას შეუძლია სხვისი საყრდენი იყოს. ამიტომ მოგვწონს ასეთი ენერგეტიკის გავრცელება, რომ ხალხი გავახალისოთ ამბებით, რათა თავი ყველამ ცოტათი მაინც უკეთ იგრძნოს, თუნდაც ერთი წუთით“.
ავტორი: ვალერი გორია
