კატეგორიები

საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური პლატფორმების გამოყენება აიკრძალა

საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური პლატფორმების გამოყენება აიკრძალა
საფრანგეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას საშუალო სკოლებში.

კანონის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა სოციალური მედიის მავნე ზემოქმედებისგან. საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, 12-იდან 17 წლამდე ასაკის მოზარდების 90 პროცენტი ყოველდღიურად სარგებლობს სმარტფონით, ხოლო 58 პროცენტი სოციალურ ქსელებში აქტიურობს. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ამ პლატფორმებმა შესაძლოა შეამციროს თვითშეფასება და გაზარდოს თვითდაზიანებასთან, ნარკოტიკების მოხმარებასთან და სუიციდთან დაკავშირებული კონტენტის გავრცელების რისკი.

„ეს კანონი მხოლოდ თვალთმაქცური კი არა, საშიშიც არის. თქვენ იცით, რომ ამ შეზღუდვების გვერდის ავლა შესაძლებელი იქნება და მათი პრაქტიკაში აღსრულება ვერ მოხერხდება. ეს მხოლოდ საბაბია, რათა ინტერნეტში ანონიმურობა დასრულდეს, ევროკავშირის კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდეს იმ სივრცეზე, რომელსაც ინტერნეტი ჰქვია, და შექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს GAFAM-ის წინააღმდეგ მოქმედებთ, მაშინ, როცა სინამდვილეში სწორედ ეს ტექნოლოგიური გიგანტები გკარნახობენ წესებს.

ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მათ აზრს არავინ ეკითხება. მე შევთავაზე, ამ კანონპროექტზე დებატები და კენჭისყრა სკოლებში ჩატარებულიყო, მაგრამ ამაზე უარი თქვით“ - განაცხადა მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ წარმომადგენელმა ლუი ბოიარმა.

კანონი არ გავრცელდება ონლაინენციკლოპედიებზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პლატფორმებზე, ასევე ღია პროგრამული უზრუნველყოფის რესურსებზე. მიუხედავად პარლამენტის მხარდაჭერისა, მოსალოდნელია, რომ კანონის შესაბამისობას საფრანგეთის კონსტიტუციასთან შეამოწმებენ, რის გამოც მისი ამოქმედება შესაძლოა გადაიდოს.

„დღეს, როგორც პოლიტიკოსების, ჩვენი მთავარი კითხვა არის, ვინ განსაზღვრავს იმ ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო გარემოს, რომელშიც ჩვენი შვილები იზრდებიან?

რა თქმა უნდა, მესმის პირადი თავისუფლების შესახებ არგუმენტები. ასევე მესმის, რომ ზოგიერთი ამ საკითხის კონსტიტუციურ საბჭოში გადატანას ითხოვს. თუმცა, ჩემი აზრით, თავისუფლების აუცილებელი პირობაა, ადამიანს ჰქონდეს საკუთარი ყურადღების მართვის შესაძლებლობა, წვდომა სანდო ინფორმაციაზე და თავად გადაწყვიტოს, რას ხედავს. ეს პირობები აღარ არსებობს, როდესაც პლატფორმები ჩვენს კოგნიტურ სისუსტეებს კომერციული სარგებლის მისაღებად იყენებენ“ - განაცხადა კანონპროექტის მომხსენებელმა, „რენესანსის“ პარტიიდან ლორ მილერმა.

ბოლო წლებში რამდენიმე ოჯახმა TikTok-ის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა. მათი მტკიცებით, პლატფორმაზე გავრცელებული მავნე კონტენტი მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა და ტრაგიკულ შედეგებამდე მიიყვანა.

„ჩემმა ქალიშვილმა ყველაფერი თვითდაზიანებით დაიწყო. შემდეგ პარაცეტამოლის მიღებით სუიციდი სცადა, მოგვიანებით კი მძიმე ანორექსია განუვითარდა. ის წელიწად-ნახევრის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

თავიდანვე მქონდა განცდა, რომ რაღაცას ვერ ვამჩნევდით, თითქოს არსებობდა რაღაც გარე ფაქტორი, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევდით. სწორედ იმ პერიოდში წავიკითხე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok-ის წინააღმდეგ სარჩელი იყო შეტანილი. იქ აღწერილი იყო ზუსტად ისეთი შემთხვევა, როგორიც ჩემს შვილს დაემართა, და სხვა მშობლებმაც ამის გამო უჩივლეს TikTok-ს. მაშინ მივხვდი, რომ ეს ზუსტად იგივე ამბავი იყო“ - განაცხადა კანონპროექტის მხარდამჭერმა გაელ ბერბონდიმ.

მსგავსი შეზღუდვები უკვე მოქმედებს ან მიღებულია ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და ინდონეზიაში, სადაც არასრულწლოვანთა სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვა ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევა.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური პლატფორმების გამოყენება აიკრძალა ილონ მასკმა მარინ ლე პენს „საფრანგეთის უკანასკნელი იმედი“ უწოდა