კატეგორიები

პიქაქსის მთა შესაძლოა, აშშ-ის ახალ სამხედრო სამიზნედ იქცეს

პიქაქსის მთა შესაძლოა, აშშ-ის ახალ სამხედრო სამიზნედ იქცეს
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქალაქ ნათანზიდან თითქმის 2 კილომეტრით დაშორებული პიქაქსის მთა, რომლის ქვეშაც ირანი ბირთვულ ობიექტს აშენებს, შესაძლოა, შეერთებული შტატების ახალ სამიზნედ იქცეს.

ვაშინგტონმა და თელ-ავივმა ნათანზის ურანის გამამდიდრებელ ობიექტს 2025 წლის ივნისის 12-დღიანი სამხედრო ოპერაციის დროს დაარტყეს, თუმცა პიქაქსის მთა ხელშეუხებელი დარჩა და თეირანმა განაგრძო იქ სამშენებლო სამუშაოების ჩატარება იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი კატეგორიულად მოითხოვს, ისლამურ ქვეყანას არ ჰქონდეს ატომური იარაღი.

დღემდე გაურკვეველია, კონკრეტულად რა არის განთავსებული პიქაქსის მთაზე, რადგან გაეროს ბირთვული ზედამხედველობის ორგანოს ამ ობიექტზე წვდომა არასოდეს ჰქონია.

საგულისხმოა, რომ 21 ივლისს მედიასთან საუბრისას ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპისთვის ამ ობიექტის არსებობა სიახლე არაა. შესაბამისად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამან, შესაძლოა, უბიძგოს თეთრ სახლს აშშ-ის სამხედრო არსენალში არსებული, აქამდე გამოუყენებელი და ყველაზე მძლავრი იარაღი მიმართოს ისლამური ქვეყნის წინააღმდეგ.

მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებით, მოკავშირეებს, ურანის გამდიდრებაში ვაშინგტონი დახმარებას ჰპირდება.

საქმის შესახებ ინფორმირებული ორი წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა საუდის არაბეთთან შეთანხმება, რომელიც პოტენციურად მისცემს სამეფოს ურანის გამდიდრების შესაძლებლობას მისი სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული პროგრამისთვის.

ამავდროულად, შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რასაც თავად ვერ აღიარებენ მათ შორის იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ არ ჰყავთ თავისუფალი მედია.

„მათ სამხედრო ინფრასტრუქტურას უზარმაზარი ზიანი მიადგა, თუმცა ამავე დროს 20 წლის განმავლობაში თითქმის ყველა რესურსს საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე კი არა, ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებასა და სარაკეტო და დრონების სისტემების გაძლიერებაზე ხარჯავდნენ.

და ის, რასაც ახლა ხედავთ - თუმცა უკვე მნიშვნელოვნად დასუსტებული სახით - სწორედ ის ჩვეულებრივი სამხედრო ძალაა, რომლის „ფარის“ უკანაც ისინი ბირთვული პროგრამის განვითარებას აპირებდნენ და რომლის იმედადაც მსოფლიოს გამოწვევას უგზავნიდნენ, თითქოს ეუბნებოდნენ: „აბა, სცადეთ და რამე დაგვიპირისპირეთ“.

კიდევ ერთი წლის შემდეგ ირანს იმდენი რაკეტა და დრონი ექნებოდა, რომ ძლიერი ჩვეულებრივი სამხედრო პოტენციალის „ფარის“ უკან მოექცეოდა, რაც მას ფაქტობრივად იმუნიტეტს მისცემდა და საშუალებას მისცემდა, რაც უნდოდა, ის ეკეთებინა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

ვაშინგტონის მოკავშირე სახელმწიფოებში უკვე, ფაქტობრივად, უწყვეტად ისმის საჰაერო განგაშის სიგნალები. იორდანიის საპორტო ქალაქ აქაბას მეზობელი ისრაელელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ირანული რაკეტა სამეფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელიც იქ მდებარე ამერიკული ბაზებისკენ იყო მიმართული.

ურთიერთიერიშების დაწყების დღიდან ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როდესაც საბრძოლო მოქმედებების არეალი ისრაელს უახლოვდება - თელ-ავივს კი თეირანი გაფრთხილებული ჰყავს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ომი კვლავ სრულმასშტაბიან ხასიათს მიიღებს.

თუმცა, როგორც ჩანს, ისლამური ქვეყანა მსგავს გაფრთხილებებს ყურადღებას არ აქცევს და თავად ავრცელებს გამაფრთხილებელ განცხადებებს რეგიონის მიღმა მდებარე სახელმწიფოების გასაგებად.

ბულგარეთის მთავრობის წინადადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ბეზმერის ავიაბაზაზე დროებით უნდა განთავსდეს რვამდე აშშ-ის საჰაერო საწვავით გამმართველი თვითმფრინავი, თეირანის კრიტიკა მოჰყვა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ,განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო თავდასხმების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა ბულგარეთს თეირანის წინააღმდეგ „აგრესიისა და ომის დანაშაულების“ თანამონაწილედ აქცევს.

დაკავშირებული ამბები
პიქაქსის მთა შესაძლოა, აშშ-ის ახალ სამხედრო სამიზნედ იქცეს ირანმა პირველად აღიარა საკუთარ ენერგოინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანი