კატეგორიები

ნიუ-იორკის მერი აშშ-ის ფედერალურ მთავრობას ნეთანიაჰუს დაკავებისკენ მოუწოდებს

ნიუ-იორკის მერი აშშ-ის ფედერალურ მთავრობას ნეთანიაჰუს დაკავებისკენ მოუწოდებს
ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი ამბობს, რომ, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, ქალაქის ადმინისტრაციას არ აქვს შესაბამისი უფლებამოსილება ისრაელის პრემიერ-მინისტრის დასაკავებლად, თუმცა შეერთებული შტატების ფედერალურ ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანაში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის შემთხვევაში, მას ბორკილები დაადონ.

მეგაპოლისის მთავრობის მეთაურის თქმით, სრულად ეთანხმება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ომის დანაშაულების გამო, ისრაელის პოლიტიკური ლიდერის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო და მასზე დაკავების ორდერი გაიცა.

ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ ჰააგას სასამართლოს „მოჩვენებითი“ და „ფარსული“ უწოდა.

„ბენიამინ ნეთანიაჰუ არის ომის დამნაშავე - პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ საშინელი გენოციდის ფუძემდებელი. ის პასუხისმგებელია 73 000-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაზე, ათიათასობით ბავშვის დასახიჩრებაზე, რადგან გადარჩენილებს კიდურების ამპუტაცია ანესთეზიის გარეშე უტარდებათ. ახალშობილთა საავადმყოფოებისა და სამშობიარო ცენტრების მიზანმიმართულ თავდასხმებზე, რითაც ახალშობილებს სიცოცხლის შანსსაც კი ართმევენ. უთვალავი ადამიანის შიმშილზე, რადგან მან ხელი შეუშალა მათთვის საკვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ასობით ჰუმანიტარული მუშაკისა და ჟურნალისტის დახოცვაზე.

სულ ახლახან, გასულ თვეში, გაერომ დაადასტურა, რომ პალესტინელი ბავშვები კვლავ განზრახ ხდებიან ისრაელის შეიარაღებული ძალების სამიზნე და იხოცებიან, ე.წ. ცეცხლის შეწყვეტიდან რვა თვეზე მეტი ხნის შემდეგაც კი. სია გრძელდება და გრძელდება.

და ამ ყველაფერს მაშინ, როცა ჩვენ, როგორც ამერიკელები, ვიხდით იმ ბომბებისთვის, რომლებიც ამ მკვლელობებს იწვევს. არსებობს მიზეზი, რის გამოც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა...“ - განაცხადა ზოჰრან მამდანიმ საჯარო ვიდეომიმართვისას.

ნიუ-იორკის მერის განცხადებისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს თეთრი სახლის ადმინისტრაციას. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს შტატების ტერიტორიაზე „არავითარ შემთხვევაში არ დააკავებენ“.

ნიუ-იორკში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჩასვლას სექტემბერში გეგმავს, გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მოხსენებაზე, რომელიც, შესაძლოა, მისთვის ბოლო აღმოჩნდეს, 27 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.

აშშ-მა რომის სტატუტს ხელი 2000 წლის 31 დეკემბერს მოაწერა, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, თუმცა ეს ხელმოწერა არ არის რატიფიცირებული. იურიდიულად კი, მხოლოდ ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ სასამართლოს იურისდიქცია სრულად აღიარა.

დაკავშირებული ამბები
ნიუ-იორკის მერი აშშ-ის ფედერალურ მთავრობას ნეთანიაჰუს დაკავებისკენ მოუწოდებს 37.5 მილიარდი აშშ დოლარი - ვაშინგტონის ხარჯი ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში