კატეგორიები

„მე ძალიან მაფიქრებს ბიოტერორიზმის საკითხი“ - არის თუ არა ევროპა სათანადოდ მომზადებული კიდევ ერთი პანდემიისთვის?

„მე ძალიან მაფიქრებს ბიოტერორიზმის საკითხი“ - არის თუ არა ევროპა სათანადოდ მომზადებული კიდევ ერთი პანდემიისთვის?
ყველას ახსოვს მთელ მსოფლიოში ცნობილი Moderna-ს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა. საინტერესოა, რისთვის იყენებენ მას დღეს? კომპანია Moderna-ს ხელმძღვანელი ესაუბრა ევრონიუსს ბიოტერორიზმზე, პანდემიის მიმართ მზადყოფნსასა და კიბოს მკურნალობაზე.

მარედ გვინი, ევრონიუსი: „ჩვენი მაყურებელი Moderna-ს  ძირითადად კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Spikevax-ით იცნობს. და, რა თქმა უნდა, ფართო საზოგადოებამ სწორედ მაშინ გაიგო, თუ რა არის მატრიცული რიბუნუკლეინის მჟავის ე.წ.  mRNA ტექნოლოგია. თუ შეიძლება შეახსენეთ ჩვენს მაყურებელს, მაინც რას წარმოადგენს ეს ტექნოლოგია და რით განსხვავდება ტრადიციული მეთოდებისგან?“

სტეფან ბანსელი, Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი: „მატრიცული რიბუნუკლეინის მჟავა  mRNA არის მოლეკულა, რომელიც ყოველი ჩვენგანის ორგანიზმშია, რომელსაც თითოეული უჯრედი შეიცავს, სწორედ მისი წყალობით ვცოცხლობთ ჩვენც, მცენარეებიც და ცხოველებიც. ეს არის ბიოლოგიის საბაზისო პრინციპი, რომელიც ცილის წარმოქმნისთვის საჭირო ინსტრუქციას ავრცელებს. ჩვენმა კომპანიამ კი მისი მედიკამენტად გარდაქმნის გზა აღმოაჩინა. ჩვენ შეგვიძლია, ადამიანის ორგანიზმში შევიყვანოთ ქარხნულად მიღებული ეს მოლეკულა, რომელიც თქვენს ორგანიზმში არსებული მოლეკულის ზუსტი ასლია, რაც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მედიკამენტი, რომელიც თქვენი ორგანიზმის უჯრედებს აძლევს ინსტრუქციას, რომ ებრძოლონ, მაგალითად, კიბოს ან ვირუსს; ან თუ დე-ენ-ემში გარკვეული გენის ნაკლებობით გამოწვეული გენეტიკური დაავადება გაქვთ, ინსტრუქცია მისცეს თქვენს უჯრედებს, ისეთი ცილა მოგაწოდონ, რომელიც ნორმალური ცხოვრების საშუალებას მოგცემთ. კომპანია სწორედ იმიტომ დავაარსეთ და საფონდო ბირჟაზეც გავიყვანეთ, რომ გვჯეროდა, ეს ემ-არნა mRNA ძალიან ძლიერი ტექნოლოგია იყო და რომ დროთა განმავლობაში მისი დახმარებით შევქმნიდით მედიკამენტს  მრავალი დაავადების სამკურნალოდ, როგორებიცაა კიბო, ინფექციური დაავადებები, იშვიათი გენეტიკური დაავადებები და ბევრი სხვა. როდესაც კოვიდი დაიწყო, ცოტათი გადავუხვიეთ გზიდან, რათა ჩვენი მოვალეობა შეგვესრულებინა და ხალხს დავხმარებოდით. ამის მერე ისევ დავუბრუნდით ჩვენს მისიას და დღეს უკვე ძალიან კარგი მონაცემები  გვაქვს კიბოსა და იშვიათი გენეტიკური დაავადებების მიმართულებით. ასე რომ, ეს პლატფორმა ძალიან ბევრი მიმართულებით იძლევა შედეგს“.

 მარედ გვინი, ევრონიუსი: „ონკოლოგიაში ვაქცინების გამოყენება ჩვენი მაყურებლებიდან ბევრს შესაძლოა წარმოუდგენლად მოეჩვენოს. შეგიძლიათ უფრო ვრცლად მოგვიყვეთ, მაინც როგორ ხედავთ მომავალს და რა როლი შეიძლება შეასრულოს Moderna-მ სამომავლოდ?“

სტეფან ბანსელი, Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი:  „რა თქმა უნდა. ვაქცინების მიმართულებით ორი სხვადასხვა გზით მივდივართ. მოდი, მკურნალობით დავიწყოთ. ჩვენ ინდივიდუალური მკრუნალობის მეთოდზე ვმუშაობთ, რომელიც მხოლოდ თქვენთვის შექმნილ  mRNA-ს მოლეკულას ეყრდნობა. ანუ თითოეული პაციენტისთვის განსხვავებულ მოლეკულას ვქმნით. ეს მოლეკულა შედის თქვენს იმუნურ სისტემაში და, ფაქტობრივად, გადასცემს ორგანიზმში არსებული კიბოს უჯრედის სტრუქტურას, რათა იმუნურმა სისტემამ შეძლოს კიბოს შთანთქმა. ბოლო ხუთი წლის მონაცემების მიხედვით, კანის კიბოს შემთხვევაში ამ მოლეკულის ეფექტი გაცილებით დიდია, ვიდრე ამჟამად ხელმისაწვდომი საუკეთესო მედიკამენტებისა. ჩვენი მეორე მიმართულება არის ახალი პროდუქტის შექმნა მათთვის, ვისაც ე.წ. ლინჩის სინდრომი აწუხებს. ლინჩის სინდორმი გენეტიკური დაავადებაა და ის ძალიან ხშირია. 300 ადამიანიდან ერთს აქვს. გამოდის, რომ ევროპაში ეს სინდრომი დაახლოებით მილიონ 800 ათას ადამიანს აქვს, რაც ძალიან ბევრია. როგორც წესი, თქვენი დნმ ინსტრქუციას აძლევს ცილებს, რომ აღადგინონ დნმ, როცა საჭიროა. როგორც ცნობილია, მთელი სიცოცხლის განმავლობაში თქვენი უჯრედები უამრავ ახალ უჯრედს წარმოშობს. და ეს ახალი უჯრედები ზოგჯერ შეცდომას უშვებენ. მაგალითად, როგორც საბეჭდი მანქანის ან კომპიუტერის კლავიატურაზე ბეჭდვის დროს შეიძლება შეცდომა დაუშვათ მართლწერაში. დნმ შეიცავს ისეთ ცილებს, რომლებიც ასწორებენ დნმ-ის უჯრედების მიერ დაშვებულ შეცდომებს. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში ეს დნმ-ის აღმდეგნი ცილები მუტაციას განიცდიან. ამიტომ ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო მეტი შეცდომის დაშვება და მეტი მუტაცია ხდება დნმ-ში, რის შედეგადაც ვითარდება კიბო. თუ პაციენტს ლინჩის სინდრომი აქვს, ორმაგად მაღალია კიბოს გაჩენის შანსი იმ ადამიანთან შედარებით, რომელსაც ეს სინდრომი არ აქვს. ამიტომ ჩვენ ვქმნით ვაცქინას, რომელიც კიბოს პრევენციას შეძლებს“.

მარედ გვინი, ევრონიუსი:  „ესე იგი ეს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაა?“

სტეფან ბანსელი, Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი:  „დიახ“.

მარედ გვინი, ევრონიუსი: „როგორ გგონიათ, ეს გარდამტეხი მომენტი იქნება თქვენი კომპანიისთვის? რადგან ვიცით, რომ კოვიდის დროს გარკვეული ბუმის შემდეგ Moderna-ს აქციების ფასი, ცოტა არ იყოს, დაეცა და არც პროგნოზი კეთდება მაინცდამაინც კარგი ამ კომპანიისთვის. როგორ გგონიათ, შეიცვლება არსებული ვითარება, თუ ყველაფერი მართლაც გამოგივათ?“

სტეფან ბანსელი, Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი:  „დიახ, როგორც აღვნიშნე, პანდემიამდე არსებული სტრატეგიით მივდივართ, რომლის შედეგადაც უკვე ოთხი ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა დაგვიმტკიცეს ევროპელმა მარეგულირებლებმა. კიდევ რამდენიმე ვაქცინა მესამე ფაზას გადის და მათ ირგვლივ მიმდინარე კვლევების მონაცემებს 2026 წელს ველოდებით. გარდა ამისა, უამრავი სხვა პროდუქტიც გვაქვს, მათ შორის არის ლიჩნის სინდრომის საწინააღმდეგო პროდუქტიც. ასე რომ, ჩვენი პორტფოლიო თანდათან მრავალფეროვანი ხდება. წელს ისევ ვუბრუნდებით გაყიდვების ზრდის ტენდენციას. ის, რაც კოვიდთან დაკავშირებით მოხდა, ვიცოდით, რომ გარდაუვალი იყო. ყოველთვის ვიცოდით, რომ პანდემიის შემდეგ მცირე ვარდნა გვექნებოდა, რადგან პანდემია არ იყო ნორმალური ვითარება. ეს ერთგვარი „ომი“ იყო ვირუსის წინააღმდეგ. ამიტომ ველოდებოდით გაყიდვების ვარდნას, მაგრამ ვიცოდით, რომ მერე მთელი პორტფოლიო და ჩვენი ძლიერი პლატფორმა ისევ მისცემდა გაყიდვებს ზრდის საშუალებას, რაც წელს ხდება კიდეც“.

მარედ გვინი, ევრონიუსი: „სტეფან, თქვენ მსხვილი ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის ევროპელი ხელმძღვანელი ხართ. ვიცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები ვაქცინების მიმართ გარკვეული სკეპტიზიცმით გამოირჩევიან. როგორ აისახება ეს თქვენს საქმიანობაზე?“

სტეფან ბანსელი, Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი:  „ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენს საქმიანობაზე, რადგან ყოველდღე მოვდივართ ოფისში, რათა შევქმნათ ისეთი კარგი პროდუქტები, რომლებიც დაეხმარება ხალხს. და როცა ასეთი რამეები გესმის, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ხანდახან მოტივაციას კარგავს. თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენი საქმიანობა მეცნიერებაა. მეცნიერება კი არ ტყუის, მონაცემები არ ცრუობენ. ვიცით, რომ ვიღაც საავადმყოფოში ისევ მოხვდება და გარდაიცვლება კიდეც გრიპის ინფექციით, კოვიდის ან რესპირატორულ-სინციტიური ვირუსებით გამოწვეული ინფექციებით და ჩვენი ვალი საზოგადოების წინაშე ის არის, რომ შევქმნათ პროდუქტები, რომელთაც ამის პრევენცია შეუძლია. ვაქცინა ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო ინსტრუმენტია, რომელიც  ხელთ გვაქვს, რათა დაავადება აღვკვეთოთ“.

მარედ გვინი, ევრონიუსი:  „შეგიძლიათ, გვითხრათ, როგორია Moderna-ს გავლენა ევროპაში? ასევე რამდენად კარგ პირობებს უქმნის  ევროპა ინოვაციებს, მათ შორის იმ ინოვაციას, რომლის დანერგვასაც თქვენ ცდილობთ ევროპაში?“

სტეფან ბანსელი, Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი: „ჩემი აზრით, ევროპამ აუცილებლად უნდა მოძებნოს ისეთი სტაბილური გზა, რომ ემ-არნას mRNA ტექნოლოგია ადგილობრივად იწარმოებოდეს და ხელმისაწვდომი იყოს. როგორც იცით, კომპანია  BioNTech-მა, რომელმაც პანდემიის დროს ბრწყინვალედ გაართვა საქმეს თავი, სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ხურავს გერმანიაში თავის წარმოებას. ამიტომ დღეს კონტინენტურ ევროპას თუ გადახედავ, აღარავის შეუძლია  mRNA ტექნოლოგიის წარმოება. ამიტომ  Moderna აპირებს ევროკავშირთან და ევროპის სუვერენულ მთავრობებთან თანამშრომლობას, რათა მოვიფიქროთ, თუ როგორ დავამყაროთ ისეთი პარტნიორობა, როგორიც, მაგალითად, გვაქვს კანადასთან, დიდ ბრიტანეთთან ან ავსტრალიასთან, რადგან, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპას  mRNA-ს წარმოება საკუთარ ტერიტორიაზე შეეძლოს“.

მარედ გვინი, ევრონიუსი: „ვიცით, რომ არსებობს რეალური შეშფოთების საფუძველი ე.წ. სტრატეგიულ ავტონომიასთან დაკავშირებით, რაც ფარმაცევტულ სექტორსაც ეხება. როგორ გგონიათ, ევროპა უკეთ არის მომზადებული ახლა, ვიდრე  2019-2020 წლებში იყო?“

სტეფან ბანსელი, Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი: „გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგალითად, შეიქმნა  ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების ორგანო, რომელიც პანდემიისთვის მზადყოფნას უზრუნველყოფს. ასე რომ, რაღაც გაკეთდა. თუმცა ჯერ კიდევ ხარვეზად მიმაჩნია ის, რომ არ არსებობს ინდუსტრიული ბაზა. ევროპაში არ ჩანს კომპანია, რომელიც ემ-არნას ტექნოლოგიის წარმოებას შეძლებს, ეს კი ძალიან ცუდია მშვიდობის დროსაც, როდესაც არვითარი პანდემია არ არის და ომის დროსაც, როდესაც შესაძლოა პანდემია ისევ დაიწყოს. მნიშვნელობა არ აქვს, მისი გამომწვევი მიზეზი ბუნება იქნება თუ ადამიანი. მე სერიოზულად მაფიქრებს ბიოტერორიზმის საკითხი. დღესდღეობით სულ იაფად საკუთარ ავტოფარეხში შეგიძლია შექმნა ვირუსი და მთელ ევროპაში გაავრცელო. თუ გავითვალისწინებთ ყველა დესტრუქციულ ძალას, რომლებიც კი დღეს არსებობენ, იქნება ეს მტრულად განწყობილი სახელმწიფო თუ მთავრობისგან დამოუკიდებლად მოქმედი ჯგუფები, შესაძლოა ევროპაში რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს და არ არსებობს არავითარი ინდუსტრიული ბაზა, რომელიც მასთან გამკლავებას შეძლებს“.

ავტორები: ჰანა ბრაუნი და მარედ გვინი

დაკავშირებული ამბები
„მე ძალიან მაფიქრებს ბიოტერორიზმის საკითხი“ - არის თუ არა ევროპა სათანადოდ მომზადებული კიდევ ერთი პანდემიისთვის? დაჰკრავს თუ არა შოკოლადს ბავშვთა ექსპლუატაციის გემო?