კატეგორიები

37.5 მილიარდი აშშ დოლარი - ვაშინგტონის ხარჯი ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში

37.5 მილიარდი აშშ დოლარი - ვაშინგტონის ხარჯი ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში
ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ წარმოებული საბრძოლო მოქმედებები, ბოლო მონაცემებით, 37 მილიარდ 500 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა, რაც მაისის მაჩვენებელს 8 მილიარდით აღემატება - ეს ინფორმაცია შტატების ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა კონგრესს მიაწოდა მორიგი მოსმენის ფარგლებში, სადაც პოლიტიკური ოპონენტებისგან არაერთი კრიტიკული გზავნილისა და საპროტესტო შეძახილის მოსმენა მოუწია.

მაღალჩინოსნის თქმით, თავდაცვის უწყების გადაუდებელი საჭიროებების დასაფარად აუცილებელია 87 მილიარდის გამოყოფა, საიდანაც 67 ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ოპერაციისთვის იქნება მიმართული.

როგორც ჩანს, ომის ფინანსური ღირებულება აშშ-სთვის საბოლოო არაა, რადგან კონფლიქტში ჩაბმულ მხარეებს შორის ურთიერთიერიშები გრძელდება, რაც კიდევ უფრო მეტად აქცევს ჩრდილში პოტენციურ დიპლომატიურ პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ შტატები მზაობას აცხადებენ მოლაპარაკებებისთვის, ყურადსაღებია დონალდ ტრამპის დაპირება შურისძიებასთან დაკავშირებით, მოკლული ამერიკელი ჯარისკაცების გამო.

საჰაერო დარტყმების მორიგი ღამის ფარგლებში, ცენტრალური სარდლობის ძალები იუწყებიან ირანულ სამხედრო-სამეთაურო და ოპერატიულ ცენტრებზე, საზღვაო ობიექტებზე, თვითმფრინავის ანგარებზე, უპილოტო საფრენი აპარატების საცავებსა და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ, რისი მიზანიც, არის მოწინააღმდეგის სამხედრო შესაძლებლობების მინიმუმამდე დაყვანა.

თავის მხრივ, ირანმა განაგრძო შტატების მოკავშირეების წინააღმდეგ იერიშები - კერძოდ, ბაჰრეინის, იორდანიისა და ქუვეითის, სადაც სამიზნეში მოაქცია ამერიკული სამხედრო ბაზები, ასევე ვაშინგტონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

მსგავსად გაძლიერებული დარტყმები და როგორც სამხედრო, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით გაზრდილი დანაკარგები, როგორც ჩანს, უკმაყოფილებას იწვევს ამერიკელებს შორის.

უკმაყოფილება გამოიწვია ამ თემასთან დაკავშირებულმა შეკითხვამ დონალდ ტრამპისთვისაც, რომლის თქმითაც, ამჟამად ვაშინგტონს არ აქვს ირანულ დელეგაციასთან „არანაირი შეხვედრის ინტერესი“.

ჟურნალისტი: „ბატონო პრეზიდენტო, არ არსებობს არანაირი ნიშნები იმისა, რომ ირანი მზადაა, შეაჩეროს ბრძოლა. რა გეგმა გაქვთ? არის თუ არა გეგმა, უბრალოდ განაგრძონ დაბომბვა, ვიდრე არ დანებდებიან?“

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი: „საიდან იცით, რომ არანაირი ნიშანი არ არის? რატომ იცით რაღაც, რაც მე არ ვიცი?“

ჟურნალისტი: „ისინი განაგრძობენ ჩვენს მოკავშირეებზე თავდასხმებს და კლავენ ამერიკელებს“.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი: „არ იცით, კულისებს მიღმა რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათ სასოწარკვეთილად სურთ შეხვედრა, რათა როგორმე დაასრულონ ეს ყველაფერი, რადგან გამანადგურებელ მარცხს განიცდიან. ამას ვერ გაიგებთ, როცა თქვენს ყალბ საინფორმაციო არხს უსმენთ. საერთოდ არაფერი იცით“.

ჟურნალისტი: „ანუ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შესაძლებელია?“

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი: „მათ ძალიან სურთ შეხვედრა და ვიდრე არ იქნებიან მზად, რომ შეხვედრა ნამდვილად შედეგიანი იყოს, ჩვენ მათთან შეხვედრის ინტერესი არ გაგვაჩნია...“

თეირანმა განაცხადა, რომ „საკუთარ ტერიტორიას დაბომბვას დაიწყებს“ და მაინც არ მისცემს საშუალებას ამერიკულ ძალებს, მოახდინონ ირანის ოკუპაცია.

მოვლენათა ამგვარი განვითარებით შეშფოთებულია პაკისტანის პრემიერ-მინისტრი - ფაქტობრივად ანულირებული „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ ერთ-ერთი ხელმომწერი და მთავარი შუამავალი აშშ-ირანს შორის.

დაკავშირებული ამბები
37.5 მილიარდი აშშ დოლარი - ვაშინგტონის ხარჯი ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ირანის მტკიცებით, ბაჰრეინში მდებარე Amazon-ის მონაცემთა ცენტრი გაანადგურეს