ოდესაზე მიტანილ რუსულ სარაკეტო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 10. ღამით საპორტო ქალაქზე მიტანილი მორიგი დარტყმა კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევით დასრულდა.
უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით,ღამის განმავლობაში ქვეყანას 130 დრონითა და 10-მდე რაკეტით შეუტიეს. დარტყმა იყო უკრაინის სამხრეთით მდებარე ზაპორიჟიეზეც, საკუთარ სახლში დაიღუპა სამი ადამიანი. მათ პოვნას წინ ხანგრძლივი სამაშველო ოპერაცია დასჭირდა. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მთავრობის მუდმივი განცხადებების თანახმად, მათი შეიარაღებული ძალების სამიზნე უკიდურესად სამხედრო ინფრასტრუქტურაა.
„ყოველდღე, ზუსტად ერთსა და იმავე დროს, იწყება მართვადი რაკეტების საფრთხე. 16:00 საათიდან დაახლოებით 16:30 საათამდე ირთვება სიგნალი და რუსები იწყებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, არა სამხედრო სამიზნეების,არამედ ხალხის. ისინი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ აწარმოებენ ომს. ცდილობენ ჩვენს დაშინებას და შეშინებას, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უკრაინელები ვართ. ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობდით და აქ გავაგრძელებთ ცხოვრებას“-აღნიშნავს ზაპორიჟიეში მცხოვრები,სვიტლანა სმოლენკივა.
ძლიერი რუსული იერიშების ფონზე კიევს მიმავალი ბრიტანელი პრემიერი, კირ სტარმერი სტუმრობდა. მან ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და უკრაინისთვის დამატებით 300 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებაც ისაუბრა, მისთვის შვედური გაანადგურებლების, გრიპენების მიწოდების მიზნით, რათა ომში მყოფმა ქვეყანამ საკუთარი საჰარო სივცის დაცვა უკეთ შეძლოს. პოლიტიკური კარიერის დასრულების წინა დღეს კირ სტარმერა, უკრაინის მიმართ თბილი სიტყვებიც არ დაიშურა.
„ჩემი გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკისადმი არის ის, რომ გაერთიანებული სამეფოს ერთგულება უკრაინისადმი არ შეირყევა. ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ამის შემდეგაც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თანამდებობიდან წასვლისას პრეზიდენტ ზელენსკისთვის ეს მეთქვა. მე მჯერა, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს. ვფიქრობ, რომ ბოლო ექვსი თვე ნამდვილად გარდამტეხი პერიოდი იყო, რადგან კონფლიქტის დასაწყისში ყველა ვარაუდობდა, რომ რუსეთი რამდენიმე კვირაში გაიმარჯვებდა. ახლა უკვე ომის მეხუთე წელია, და ამ დროის განმავლობაში მოხდა ის, რომ უკრაინამ წელს ფრონტზე უკუგდება დაიწყო და წინააღმდეგობის გაწევა გააძლიერა. ისინი ალბათ ყველაზე ეფექტური საბრძოლო ძალა არიან ევროპაში. ასე რომ, ისინი ამ კონფლიქტში გაიმარჯვებენ”-ამბობს კიევში მყოფი კირ სტარმერი Sky News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„მე მას მადლობა გადავუხადე ყველა ჩვენგანის, მთელი ჩვენი ქვეყნის სახელით, მისი ლიდერობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. დღეს გაერთიანებული სამეფოსა და შვედეთისგან ახალი თავდაცვის პაკეტი მივიღეთ 300 მილიონი ევრო იმისთვის, რომ „გრიპენების“ (Gripen) ჩვენს ცაში ოპერატიულად ამოქმედება უფრო სწრაფად მოხდეს. ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.დღეს ასევე კარგი შეხვედრა გვქონდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან - ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა. თურქეთი ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ხელი შეუწყოს ლიდერების დონეზე შეხვედრის გამართვას ამ ომის დასრულების მიზნით. ყოველდღიურად ჩვენ სრულად ვართ ჩართული საერთაშორისო დონეზე, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა მტკიცედ იდგეს და კვლავ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა.ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა თავდაცვამ მშვიდობამდე მიგვიყვანოს. ნამდვილ მშვიდობამდე, ღირსეულ მშვიდობამდე, გარანტირებულ მშვიდობამდე. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“-აღნიშნა ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პარალელურად 117 მოგერიებულ უკრაინულ დრონზე იუწყება მოსკოვი. უკრაინა უტევს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს შავ ზღვაშიც, სამიზნეში ამოღებული 2 ტანკერი უკრაინის სანქციების ქვეშ ცურავდა და სატრანსპორტო საწვავი გადაჰქპნდა.
