სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში განლაგებულ ამერიკულ ბაზებზე მოკლული ჯარისკაცებისთვის დონალდ ტრამპი ირანს შურისძიებას ჰპირდება და ამბობს, რომ შესაბამისი დირექტივები ომის მდივანსა და გაერთიანებული შტაბების მეთაურს უკვე მიეცათ.
საგულისხმოა, რომ დაღუპულ სამხედროთა რიცხვმა ბოლო დღეების განმავლობაში 17-ს მიაღწია, რაც აღემატება 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის პირველი ტალღისას დაღუპულთა მაჩვენებელს. პენტაგონი საუბრობს დაახლოებით 430 დაშავებულ ჯარისკაცზეც, რომელთა ნაწილის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციას მაგიდაზე ახლა ბევრი ვარიანტი უდევს, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვაშინგტონისთვის ყველაზე ხელსაყრელი ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანაა, ანუ იმ სარაკეტო-გამშვებ პუნქტებზე, რომლებითაც თეირანი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისკენ ახორციელებს დარტყმებს.
პარალელურად, ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ისლამური ქვეყნის სამხედროებმა კვლავ დაარტყეს ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზებს, საჰაერო თავდაცვისა და თანამგზავრულ სისტემებს, ასევე ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა HIMARS-ის გამშვებ პუნქტებზე. ირანული მხარის თანახმად, შეაჩერეს ორი ნავთობტანკერი, რომელიც ცდილობდა „ჰორმუზის სრუტის სახიფათო სამხრეთ მარშრუტის“ გავლას.
მოვლენები ამგვარად ვითარდება იმ ფონზე, როდესაც ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი პაკისტანში ჩავიდა - ქვეყანაში, რომელიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის მთავარი მომლაპარაკებელია და, ფაქტობრივად, ანულირებული „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ ერთ-ერთი ხელმომწერი.
განსხვავებით ამერიკელი პოლიტიკოსებისა, ანალიტიკოსები არ ფიქრობენ, რომ ვაშინგტონს ვარიანტების მრავალფეროვნება აქვს. ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის თქმით, რეალურად, რეგიონში მოვლენათა განვითარების მხოლოდ ორი ვერსია არსებობს, თუმცა არცერთი არაა კონფლიქტში ჩართული მხარეებისთვის მომგებიანი:
„პირველი ვარიანტია სამხედრო ოპერაციის მასშტაბური ესკალაცია, რაც, სავარაუდოდ, ათიათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ჩართვას მოითხოვს, რათა ირანის მიწაზე საკმარისი ტერიტორია დაიკავონ და შეინარჩუნონ, რაც უზრუნველყოფს, რომ ჰორმუზის სრუტე ღია და უსაფრთხო დარჩეს.
ამ სცენარს ძალიან დიდი რისკები ახლავს. ამასთან, ბევრი გაურკვევლობაც არსებობს იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ასეთი ნაბიჯი საბოლოოდ იმ მიზნების შესრულებას, რომელთა მიღწევასაც აშშ ცდილობს.
მეორე უკიდურესობაა ხანგრძლივი დიპლომატიური შეთანხმების მიღწევა, რომელიც, დიდი ალბათობით, უფრო არახელსაყრელი იქნება, ვიდრე ობამას ადმინისტრაციის მიერ დაახლოებით ათი წლის წინ დადებული ირანის ბირთვული შეთანხმება.
სავარაუდოა, რომ ასეთი შეთანხმება აღარ მოიცავს ირანის ბალისტიკურ-სარაკეტო პროგრამას, მის რეგიონულ მარიონეტულ დაჯგუფებებს და, შესაძლოა, ამ ეტაპზე ბირთვულ პროგრამასაც კი სრულად აღარ შეეხოს, რადგან მთავარი ყურადღება ჰორმუზის სრუტის გახსნასა და უსაფრთხოებაზე იქნება გადატანილი...“ - ამბობს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ჯეისონ კემპბელი.
ანალიტიკოსის აზრით, ირანზე ამ დარტყმების სადამსჯელო ხასიათს, თუ მართლაც უნდა გამოეწვია ის, რომ თეირანი მოლაპარაკების მაგიდასთან უფრო ხელსაყრელი პირობებით დაბრუნებულიყო, ეს აქამდეც მოხდებოდა.
მისივე შეფასებით, საბოლოოდ, აშშ-მა სტრატეგიულ მიზნებს მნიშვნელოვან ნაწილში ვერ მიაღწია, მიუხედავად ბოლო თვეებში გაკეთებული არაერთი განცხადებისა, რომ განადგურებულია ისლამური ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები.
„ამ ეტაპზე, ჩემი შეფასებით, აშშ-მა უკვე დახარჯა თავისი საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი. ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, ისევე როგორც მისმა ბევრმა რეგიონულმა მოკავშირემ და პარტნიორმა.
ამჟამად ჩვენ შევედით ისეთ ციკლში, სადაც ესკალაციის რისკი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ არც ერთ მხარეს მკაფიოდ არ განუსაზღვრავს თავისი სტრატეგიული მიზნები - კონკრეტულად რის მიღწევას ცდილობს ძალადობის ამ ახალი ტალღით.
ამიტომ, დიახ, ეს ძალიან არასტაბილური და სახიფათო პერიოდია. დეესკალაციისთვის აუცილებელი იქნება, რომ ერთმა ან ორივე მხარემ - შუამავლობის გზით ან მაღალი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებით - იპოვოს გზა დაძაბულობის შესამცირებლად“, - თქვა ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ჯეისონ კემპბელმა.
ახლა მთავარი კითხვაა ისიც - გამოიყენებს თუ არა ირანი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე ზემოქმედების დამატებით, გაცილებით რთულ ბერკეტს და მოახდენს თუ არა წითელი ზღვის ბლოკირებას, სადაც გლობალური საზღვაო ტვირთის 15, ხოლო კონტეინერული გადაზიდვების 30%-ის ტრანსპორტირებაა უზრუნველყოფილი.
