კატეგორიები

შავ ზღვაში LPG-ით დატვირთულ უკრაინულ ტანკერს სავარაუდოდ, რუსეთი დაესხა თავს

შავ ზღვაში LPG-ით დატვირთულ უკრაინულ ტანკერს სავარაუდოდ, რუსეთი დაესხა თავს
შავ ზღვაში, რუმინეთის აკვატორიაში მოძრავ ხომალდზე თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის შემდეგ 3 ადამიანი დაშავდა.

რუმინული მედიის ცნობით, 3790 ტონა ფეთქებადსაშიში ნივთიერება ტანკერს ეგვიპტის საპორტო ქალაქ ალექსანდრიიდან უკრაინის რენის პორტში გადაჰქონდა და, სავარაუდოდ, რუსეთის მორიგი დანაშაულებრივი ქმედებების სამიზნე გახდა.

„ინციდენტიდან მალევე, რუმინეთის საზღვაო სამსახურის ორი ხომალდი შემთხვევის ადგილზე გაემართა და გემის მთელი ეკიპაჟის, მათ შორის სამი დაშავებული წევრის უსაფრთხო ევაკუაცია მოახდინა. ყველა მათგანი უვნებლად გადაიყვანეს ნაპირზე.

გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე გაგზავნილი ბუქსირი უზრუნველყოფს, რომ გემი დინებამ არ გაიტაცოს და სანაოსნო უსაფრთხოებას დამატებითი საფრთხე არ შეექმნას.

სახელმწიფო უწყებები საგანგებო მზადყოფნაში არიან და დაადგენენ ამ მძიმე ინციდენტის გარემოებებს, მიზეზებსა და პასუხისმგებელ პირებს. არსებული შეფასებით, ეს შემთხვევა, დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული უკანონო, აგრესიული ომის შედეგია“, - დაწერა რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანიმ პლატფორმა X-ზე.

საგულისხმოა, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან რუსული არმია აქტიურად ესხმის თავს შავ ზღვასა და სხვადასხვა საერთაშორისო წყლებში მოძრავ უკრაინულ ან კიევთან დაკავშირებულ ხომალდებს - იქნება ეს კომერციული თუ სამხედრო ბორტები. პასუხს არც ომში მყოფი ქვეყანა აყოვნებს და, სანაცვლოდ, აქტიურად უტევს, ძირითადად, რუსულ ნავთობტანკერებსა და საზღვაო ფლოტის ბალანსზე არსებულ გემებს.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ომის განმავლობაში მოხდა 2022 წლის აპრილში, როდესაც უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანი - სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ გაანადგურა. რუსული მხარე დღემდე აცხადებს, რომ გემის განადგურების მიზეზი ხანძარი იყო.

დაკავშირებული ამბები
შავ ზღვაში LPG-ით დატვირთულ უკრაინულ ტანკერს სავარაუდოდ, რუსეთი დაესხა თავს რუმინეთში მდინარე დუნაის წყლის დონე კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა