ირანის „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის“ მტკიცებით, ისლამური ქვეყნის სამხედრო ძალებმა ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით გაანადგურეს ბაჰრეინში მდებარე ამერიკული გიგანტი კომპანია Amazon-ის მონაცემების მთავარი ინფრასტრუქტურა და შეუტიეს შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვაშინგტონისა და რიგი ევროპული სახელმწიფოების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული გასამხედროებული ირანული დაჯგუფება აცხადებს, რომ ბაჰრეინის მუჰარაკისა და რიფას რაიონებში „აღარ არსებობს ამერიკული რადიოლოკაციური დანადგარები“, რისი დადასტურებაც ჯერჯერობით რთულდება ცალმხრივად გავრცელებული ინფორმაციის გამო.
ამავდროულად, ქუვეითი აცხადებს, რომ ირანმა კვლავ შეუტია მის ელექტროსადგურებსა და გამტკნარების ქარხნებს, რამაც მორიგ ჯერზე დიდი ზიანი გამოიწვია.
თეირანი აცხადებს, რომ თავდასხმები იყო „წინა ღამით შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე პასუხი“, რა დროსაც, ვაშინგტონმა მასირებული დარტყმები მიიტანა მშენებლობის პროცესში მყოფ დარხოვინის ატომურ ელექტროსადგურზე.
ეს ობიექტი ირანის მიერ განიხილება როგორც ქვეყნის ტექნოლოგიური პროგრესისა და თვითკმარობის სიმბოლო, ისრაელისა და აშშ-ის მიერ კი დასახელებულია ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რეგიონში ესკალაციის დაწყების დღიდან.
გასულ კვირაში შტატების პრეზიდენტმა გააფრთხილა თეირანი, რომ, ამერიკულ ბაზებზე იერიშების გაძლიერების შემთხვევაში, ვაშინგტონი სამიზნეში ამოიღებს ისლამური ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის დამაკავშირებელ ხიდებს, რაც არმიის ლოგისტიკურ მომარაგებას შეუძლებელს გახდის.
ჯერ კიდევ სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველივე კვირებში ექსპერტები ამბობდნენ, რომ მონაცემთა ცენტრები გახდებოდა ირანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, მოწინააღმდეგისთვის მეტი ზიანის მისაყენებლად.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სპარსეთის ყურისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე, ვაშინგტონის მოკავშირე სახელმწიფოებში განლაგებულია არამხოლოდ ამერიკული ბაზები, არამედ ამერიკული კომპანიების ძირითადი ტექნოლოგიური ცენტრებიც.
