კატეგორიები

ბრიტანელებს ახალი პრემიერ-მინისტრისგან სტაბილურობის იმედი აქვთ

ბრიტანელებს ახალი პრემიერ-მინისტრისგან სტაბილურობის იმედი აქვთ
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, თავის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, „ევრობლოკთან უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას“ გააგრძელებს, განსხვავებით კირ სტარმერისგან, რომელიც, მათი აზრით, ამ გზაზე ბოლომდე წარმატებით ვერ გამოირჩეოდა.

ბრიუსელთან დაახლოებას ლონდონში უმრავლესობა მიესალმება და აუცილებლადაც კი მიიჩნევს.

„ვფიქრობ, რაც მისი მანჩესტერში ჩატარებული საარჩევნო კამპანიიდან ვნახე, საკმაოდ სასიამოვნო ადამიანი ჩანს. ცოტა სამწუხაროა, რომ კირ სტარმერი წავიდა. ჩემი აზრით, ცუდი ლიდერი არ იყო. ვფიქრობ, მან ბევრი კარგი საქმე გააკეთა, თუმცა, ამავდროულად, ეს გარკვეულწილად საინტერესო მოვლენაცაა, რადგან ჩანდა, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ბოლომდე ერთიანი არ იყო. როგორც გავიგე, ენდი ბერნემმა, შესაძლოა, ბრიტანეთის ევროპაში დაბრუნების საკითხი წამოსწიოს. ვერასოდეს იტყვი წინასწარ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა“, - ამბობს ქეროლ კემპბელი, ლონდონის მცხოვრები.

როგორ შიდა ისე საგარეოპოლიტიკური მიმართულებით, ბერნემი სტაბილურობისა და თანმიმდევრულობის მომხრეა - იმის, რაც დიდ ბრიტანეთს უკვე დიდიხანია აკლია და ეს არ არის მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების ან ექსპერტების მოსაზრება, არამედ ბრიტანელი მოსახლეობის სიტყვები. 

„რაც ყველაზე მეტად მაშფოთებს ისაა, რომ, სავარაუდოა, ვერ შევძლოთ იმ მნიშვნელოვანი სტრუქტურული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ქვეყანას მომდევნო ხუთი ან ათი წლის განმავლობაში სჭირდება. ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ კვარტლიდან კვარტლამდე ან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვიდან გამოკითხვამდე. საჭიროა უფრო გრძელვადიანი და სისტემური ცვლილებები, რომლებიც რეალურად შეცვლის ვითარებას.

დიახ, ის აშკარად პოპულისტური პოლიტიკის წარმომადგენელია, თუმცა მემარცხენე ფრთაზე, რაც გარკვეულწილად უჩვეულოა. მას აქვს გარკვეული ქარიზმა, გარკვეულწილად ტონი ბლერის მსგავსი - არა თავისი პოლიტიკით, არამედ იმით, თუ როგორ იზიდავს ამომრჩეველს. ეს მისი ხელისუფლებაში ყოფნის მხოლოდ პირველი დღეა, ამიტომ დრო უნდა მივცეთ. აშკარაა, მან მიანიშნა, რომ მისი მმართველობა „ლეიბორისტული პარტიის“ ტრადიციულ ღირებულებებს დაეფუძნება, რაც საინტერესოა. მაგრამ არის თუ არა ეს სწორედ ის, რაც ქვეყანას ახლა სჭირდება?“ - თქვა ადრიან სპენსერმა, ლონდონის მცხოვრებმა.

მოსახლეობის ნაწილი თავს იკავებს მოქმედი პრემიერ-მინისტრის შეფასებისგან და აძლევს მას უფლებამოსილების შესასრულებლად საკმარის ვადას, თუმცა აკრიტიკებს მთავრობის წინა მეთაურების ქმედებებს, რამაც, მათი აზრით, დიდი ბრიტანეთი რთულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

„ბევრი საკითხია, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, განსაკუთრებით ჯანდაცვის სისტემასა და იმიგრაციის პრობლემებს. ვფიქრობ, სამწუხაროა, რომ სტარმერისთვის ეს ყველაფერი ასე დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება. თუმცა, ვიმედოვნებ, ენდი ბერნემი შეძლებს ამ სტაბილურობის უზრუნველყოფას და პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება“, - ამბობს ლონდონის მცხოვრები ანნა რიგბი.

„ლეიბორისტებისა“ და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პოლიტიკური ლიდერის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა ბოლო პერიოდში არასახრბიელო იყო. ბრიტანელთა 23% კირ სტარმერს დადებითად აფასებდა, მაშინ როდესაც სამჯერ მეტი მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ეს გახდა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც მას დაუნინგ-სთრითის კაბინეტიდან წასვლა მოუწია.

გაამართლებს თუ არა გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი მოსახლეობის იმედებს - ეს ყველაფერი მის შესრულებულ ნაბიჯებსა და საზოგადოებრივ პრობლემებისთვის პასუხის გაცემაზე იქნება დამოკიდებული.

დაკავშირებული ამბები
ბრიტანელებს ახალი პრემიერ-მინისტრისგან სტაბილურობის იმედი აქვთ ბრიტანეთის ახალი პრემიერი მთავრობის დაკომპლექტებას შეუდგა