კატეგორიები

ევროკომისიამ AliExpress-ი 550 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკომისიამ AliExpress-ი 550 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ევროკომისიამ ჩინურ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა AliExpress-ს 550 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ევროკომისია კომპანიას საკუთარ პლატფორმაზე სახიფათო და ყალბი პროდუქციის გაყიდვის წინააღმდეგ საკმარისი ზომების არ მიღებაში ადანაშაულებს.

ევროკომისიის წარმომადგენელის თომას რეგნიეს განცხადებით, კომპანიის ინფორმაციითვე, გასულ წელს AliExpress-მა ევროპელ მომხმარებლებს დაახლოებით 15 მილიონი უკანონო პროდუქტი შესთავაზა,  მათ შორის იყო სათამაშოები, ტანსაცმელი და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა.

„ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის AliExpress-ი 550 მილიონი ევროთი დაჯარიმდა. AliExpress-მა ვერ შეაფასა და ვერ შეამცირა იმ რისკები, რომლებიც მის ონლაინ პლატფორმაზე უკანონო პროდუქციის შეთავაზებას უკავშირდება. მაგალითისთვის: თავად კომპანიამ განაცხადა, რომ გასულ წელს ევროკავშირის მომხმარებლებს თითქმის 15 მილიონი უკანონო პროდუქტი შესთავაზეს. ძირითადად საუბარია სახიფათო და ყალბ პროდუქტებზე, როგორიცაა კოსმეტიკა, სათამაშოები, ტანსაცმელი და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა. AliExpress-ს ევროკავშირში 193 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, შესაბამისად კომპანიისთვის ევროკავშირის ბაზარი ყველაზე დიდია. თუ ჩვენს ბაზარზე წვდომა გსურთ, თქვენი სერვისები უსაფრთხო უნდა იყოს. თქვენ უნდა შეაფასოთ რისკები და ეფექტიანად შეამციროთ ისინი. AliExpress-ს 20 ოქტომბრამდე აქვს ვადა, რათა ევროკომისიას სამოქმედო გეგმა წარუდგინოს და ციფრული სერვისების აქტის მოთხოვნებს სრულად დაემორჩილოს”, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, თომას რეგნიემ.

ევროკომისიის ჯარიმა ეხება კომპანიის საქმიანობას 2025 წლის ივნისამდე. სწპრედ გასული წლის ივნისში გამოაქვეყნა ევროკომისიამ წინასწარი დასკვნა, სადაც AliExpress-ის მხრიდან ციფრული სერვისების აქტის დარღვევებზე იყო საუბარი. აქტის მიზანია უზრუნველყოს ინტერნეტმომხმარებლების უსაფრთხოება და შეაჩეროს მომხმარებლისთვის მავნე კონტენტის გავრცელება. ამასთან, კანონი მიზნად ისახავს ევროპელების ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას. 2025 წელსვე AliExpress-მა აიღო ვალდებულება, რომ საკუთარი სისტემებს გააუმჯობებსებდა, თუმცა ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ კომპანია ამისთვის საკმარის ნაბიჯებს არ დგამს.

მედიასაშუალება Associated Press-ისთვის მიცემულ ოფიციალურ განცხადებაში, AliExpress-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ციფრული სერვისების აქტის ამოქმედების შემდეგ, ისინი ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩებიან. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ჯარიმა არაპროპორციულია და ის ახლად დანერგილ გაუმჯობესებულ სისტემას სათანადოდ არ ასახავს. ყალბი და სახიფათო პროდუქციის გავრცელების გამო, AliExpres-ის მსგავსად, რამდენიმე თვის წინ ევროკომისიამ ჯარიმა კიდევ ერთ ჩინურ ონლაინ პლაფორმას Temu-საც დაუწესა.

დაკავშირებული ამბები
ევროკომისიამ AliExpress-ი 550 მილიონი ევროთი დააჯარიმა კუბაში ჰუმანიტარული ტვირთის ახალი ნაკადი ჩავიდა