დიდ ბრიტანეთს ოფიციალურად ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - მეექვსე ბოლო 10 წელიწადში.
გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ მესამემ ენდი ბერნჰემს ოფიციალურად დაავალა ახალი მთავრობის ფორმირება.
დიდი მანჩესტერის ყოფილმა მერმა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის პოსტი კირ სტარმერისგან 17 ივლისს გადაიბარა, სამი დღის თავზე კი - დაუნინგ-სთრითის კაბინეტიც.
პრემიერ-მინისტრის რანგში მოსახლეობას კირ სტარმერმა ბოლოჯერ მიმართა და თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე ისაუბრა:
„ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, მემსახურა თქვენთვის და ამ დიდებული ქვეყნისთვის პრემიერ-მინისტრის რანგში. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ბრიტანეთი უფრო ძლიერი და უფრო სამართლიანი ქვეყანაა, ვიდრე ორი წლის წინ იყო.
ჩვენი ეკონომიკა გაძლიერდა, საჯარო მომსახურება გაუმჯობესდა და სამედიცინო მომსახურების მოლოდინის დრო ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა. ყოველდღიურად უფრ ო და უფრო მეტი ბავშვი ახერხებს სიღარიბიდან თავის დაღწევას. იმიგრაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, ჩვენი თავდაცვა და უსაფრთხოება გაცილებით მყარ საფუძველზე დგას, ხოლო ჩვენი საერთაშორისო რეპუტაცია საგრძნობლად გაძლიერდა.
დღეს ისეთი მსოფლიოს წინაშე ვდგავართ, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგეები არაფერზე იხევენ უკან, რათა გაგვყონ ჩვენი ღირებულებების, თავისუფლებისა და ღირსების გამო, და, გულწრფელად რომ ვთქვათ, იმ ურყევი მხარდაჭერის გამოც, რომელსაც მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ ვავლენთ.
სწორედ ამიტომ, ამ ზეწოლისა და გამოწვევების პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ბრიტანეთის სიდიადე, რომელიც ჩვენ გარშემოა“.
წინამორბედმა მემკვიდრეს თანამდებობაზე წარმატება უსურვა, რომელმაც, თავის მხრივ, თქვა, რომ ბრიტანულ პოლიტიკას სტაბილურობა და პასუხისმგებლობა უნდა დაუბრუნდეს და რომ ქვეყანამ უნდა აღიაროს მის წინაშე არსებული გამოწვევები.
„ამ მომენტს ბრიტანეთისთვის გარდამტეხ ეტაპად ვაქცევთ და ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს განვახორციელებთ - შევქმნით ახალ პოლიტიკურ და ახალ ეკონომიკურ მოდელს.
1980-იან წლებში ბრიტანეთმა არაერთი მცდარი ნაბიჯი გადადგა. პოლიტიკური ძალაუფლება ცენტრალიზდა, ეკონომიკური ძალაუფლება პრივატიზრიდა, ქვეყნის დიდი ნაწილი დეინდუსტრიალიზაციას დაექვემდებარა და ამ შედეგებისგან დღემდე სრულად ვერ გამოკეთდა.
დღეს ბევრს კვლავაც აქვს განცდა, რომ ქვეყანა დაღმასვლის გზაზეა და მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობა არ გააჩნია.
სწორედ ამიტომ შევცვლით პოლიტიკას - ის უფრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული იქნება და უფრო მეტად პრობლემების გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული, ვიდრე პოლიტიკური ქულების დაწერაზე.
ასევე, ძალაუფლებას ცენტრალური ხელისუფლებისგან რეგიონებსა და ადგილობრივ თემებს გადავცემთ, რათა ქვეყნის თითოეულ ნაწილს მეტი შესაძლებლობა მიეცეს საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად და განვითარებისათვის“, - განაცხადა ენდი ბერნჰემმა.
ცნობილია 59-ე პრემიერ-მინისტრის პირველი ნაბიჯები, რომლებსაც ის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურის რანგში გადადგამს. ესენია სატელეფონო კომუნიკაცია შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებთან. ენდი ბერნჰემის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მისი გზავნილია, რომ კიევისადმი ლონდონის მხარდაჭერა კვლავ ურყევი იქნება.
მისი განცხადებით, დიდი მანჩესტერის მერობისას, მჭიდროდ თანამშრომლობდა უკრაინული ქალაქების მთავრობებთან და ახალ თანამდებობაზეც აპირებს ამ გამოცდილების გამოყენებას.
ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა კირ სტარმერის მმართველობისას, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით - კერძოდ, შეიქმნა კიევის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიცია“, ლონდონმა დაუწესა სანქციები მოსკოვთან დაკავშირებული 1 400-ზე მეტ ფიზიკური და იურიდიული პირის, ასევე ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, რომელსაც კრემლი საერთაშორისო შეზღუდვების გვერდის ასავლელად იყენებდა.
ანალიტიკოსების თქმით, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი „ევრობლოკთან უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას“ გააგრძელებს, განსხვავებით კირ სტარმერისგან, რომელიც, მათი აზრით, ამ გზაზე ბოლომდე წარმატებით ვერ გამოირჩა.
საგულისხმოა, რომ ბრიუსელთან დაახლოებას ლონდონში უმრავლესობა მიესალმება და აუცილებლადაც კი მიიჩნევს.
