ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს მთავარი სპორტული მოვლენის მასპინძლობის შემდეგ, ახლა ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების განახლებული სამხედრო ოპერაცია უფრო მძლავრ და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
ამ ვარაუდს დამატებით ამყარებს ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ამერიკიდან დამატებით საწვავით გამმართველ თვითმფრინავებს ელის, თუმცა, თელ-ავივში დასძენენ, რომ ვიდრე თეირანი მათ წინააღმდეგ თავდასხმებს არ მოაწყობს ან ვიდრე ვაშინგტონი არ მოითხოვს დახმარებას, თელ-ავივი კონფლიქტში ჩაბმას არ აპირებს.
ამავდროულად, ირანის იერიშები სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე არ წყდება.
ვაშინგტონი ერაყსა და იორდანიაში მდებარე ბაზებზე დრონებით მიტანილი დარტყმებისას სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება. ისლამური ქვეყნის სამიზნეებად მორიგ ჯერზე იქცა კატარი, ბაჰრეინი და ქუვეითიც, სადაც აცხადებენ, რომ ანეიტრალებენ მოწინააღმდეგის მიერ გაშვებულ რაკეტებსა და დრონებს.
საპასუხოდ, შეერთებული შტატების ცენტრალური სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ განაგრძობენ მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტების, სარაკეტო გამშვები პუნქტების, სამხედრო-სამეთაური წერტილების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სანაპირო დაცვის სამიზნეში ამოღებას, რისი მიზანიც არის თეირანის საბრძოლო შესაძლებლობების მინიმუმამდე დაყვანა.
„ვფიქრობ, ცენტრალურმა სარდლობამ ძალიან მკაფიოდ განმარტა, რა არის ამ ოპერაციის მიზნები. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა იერიშები განახორციელა, არის ირანის იმ სამხედრო ობიექტების განადგურება, რომლებიც გამოიყენება გლობალურ კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის.
ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო საზღვაო გზაა, თუმცა ისინი კვლავაც ახორციელებენ თავდასხმებს ამ საერთაშორისო წყლებში მოძრავ გემებზე. სხვა ქვეყნებიც უნდა შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში.
ამერიკა არამხოლოდ ამ გემების დაცვაშია ჩართული, არამედ იმ ადგილების განადგურებაშიც, საიდანაც ისინი უშვებენ რაკეტებსა და დრონებს. ეს არის ამ მისიის მიზანი და ის ასეთად რჩება.
ყოველდღიურად და საკმაოდ წარმატებით ვამცირებთ ირანის შესაძლებლობას, მიზანში ამოიღოს გემები. თქვენ იგებთ ცნობებს იმ გემების შესახებ, რომლებსაც დაარტყეს, მაგრამ ვერ იგებთ იმ გემებზე, რომლებიც დავიცავით, ან იმ თავდასხმებზე, რომელთა განხორციელებაც მათ ვეღარ შეძლეს. თუმცა, ვიდრე ირანი გააგრძელებს საერთაშორისო საზღვაო გზაზე კონტროლის დამყარების მცდელობას, ჩვენ იძულებული ვიქნებით, შესაბამისი პასუხი გავცეთ...
ჩვენ გავაგრძელებთ პასუხის გაცემას. თუ დიპლომატიისთვის კარი გაიხსნება - თუ ისინი, ვისაც ირანისთვის რაიმე კონსტრუქციულის გაკეთება სურს, გაიმარჯვებენ და ამ სისტემაზე ან მოლაპარაკებების პროცესზე კონტროლს მოიპოვებენ - ეს მოვლენათა ძალიან დადებითი განვითარება იქნება“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანი კვლავაც განაგრძობს ჰორმუზის სრუტის ზეწოლისა და შანტაჟის მექანიზმად გამოყენებას და მოუწოდა მოკავშირე ქვეყნებს, თეირანის ამ ნაბიჯის აღსაკვეთად, ვაშინგტონისთვის დახმარების გაწევას, რათა თავიდან იყოს აცილებული გლობალური ენერგოკრიზისი.
საბრძოლო მოქმედებების გამწვავების გამო, სრუტეში გადაადგილება კვლავ შეიზღუდა, რამაც უკვე იქონია გავლენა საერთაშორისო ბაზრებზე. მცირე რყევების შემდეგ, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე კვლავ გადააჭარბა 90 ამერიკულ დოლარს.
საგულისხმოა, რომ ირანი დაიმუქრა დამატებით წითელი ზღვის ბლოკირებითაც, რასთან დაკავშირებითაც იემენელ ჰუსიტებთან მუდმივ კოორდინაციაშია.
ანალიტიკოსების თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, მსოფლიო, შესაძლოა, აქამდე არნახული ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ნედლეულითა და სხვა რესურსებით თუ პროდუქციით ვაჭრობის ჯაჭვი თითქმის სრულად გაწყდება.
გარდა ასეთი ტიპის მუქარებისა, გასულ შაბათს ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, რომელიც საჯაროდ ისევ არ ჩნდება და სახელმწიფო მედიით გავრცელებული მორიგი განცხადებით შემოიფარგლება, „დაუვიწყარი გაკვეთილის შესახებ“ გააფრთხილა შტატები, თუ ვაშინგტონი განაგრძობს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ თავდასხმებს.
თუმცა, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, არ აპირებს იერიშების შეჩერებას, რაც დაეტყო კიდეც ირანის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. დარტყმების შედეგად, განადგურებულია ქვეყნის რამდენიმე მთავარი ელექტროსადგური და წყლის გამანაწილებელი რეზერვუარები, ასევე ისლამური რესპუბლიკის სამხრეთით მდებარე სამი საკვანძო ხიდი.
