კატეგორიები

თავდაცვის მინისტრის გადაყენებას უკრაინაში მრავალათასიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა

თავდაცვის მინისტრის გადაყენებას უკრაინაში მრავალათასიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა
კიევი, დნიპრო, ოდესა, კრივი-რიჰი, პოლტავა, დნიპრო, მიკოლაევი, ლვივი - ყველა ამ ქალაქში უკრაინის მოსახლეობა აპროტესტებს თანამდებობიდან ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებას.

მიუხედავად იმისა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინისთვის საკადრო ცვლილებები ხშირია, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო გადაწყვეტილებებმა მაღალი საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია.

პროტესტის მონაწილეთა ნაწილი შეცდომად მიიჩნევს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტიდან ფედოროვის გადაყენება იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, განსაკუთრებით აგრესორი ქვეყნის სიღრმეებში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმების მიტანითა და მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის იზოლაციაში მოქცევის თვალსაზრისით, რაც მანამდე, ერთი შეხედვით, რთულად შესრულებადი საქმე იყო.

„ჩემი აზრით, ფედოროვი სრულიად ახალი ტიპის, სრულიად ახალი დონის ლიდერია და ამავე დროს ძალიან წარმატებულია. მას არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. მის მიერ წამოწყებული და განხორციელებული პროექტები ამას თავად ადასტურებენ.

სამწუხაროდ, იგივე ვერ ითქმის ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაზე, რომლის საქმიანობაც ჯერჯერობით საპირისპიროს აჩვენებს. ამას ყველა ხედავს. და რაც მთავარია, ამას ჩვენც ვხედავთ.

ამიტომ აქ არჩევანი ასეთია: ან წინ მივდივართ და ვიმარჯვებთ, ან ერთ ადგილზე ვდგავართ, ან უკან ვიხევთ - და ასეთ შემთხვევაში დამარცხების ალბათობა ძალიან მაღალი“, - თქვა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ომის ვეტერანმა ანდრიმ.

„ვერ ვიტყვი, რომ მისი დანიშვნისას განსაკუთრებული ენთუზიაზმი მქონდა ან რაიმე განსაკუთრებულს ველოდი. მაგრამ მისი დანიშვნის შემდეგ, როგორც ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და ამ ქვეყანაში ცხოვრობს, გვირაბის ბოლოს სინათლე დავინახე. მივხვდი, რომ შესაძლოა ომის დასრულებასაც მოვესწრო“, - ამბობს პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე ანა ლენსკა.

უკრაინის სხვადასხვა ქალაქში შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის მოთხოვნაა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის გადაყენებაც, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, თავდაცვის უწყებაში გამოწვეული საკადრო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ამ საკითხზე თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ პირველად ისაუბრა თავად მიხაილო ფედოროვმაც, რომლის თქმითაც, სამხედრო მაღალჩინოსანმა ზელენსკი, ფაქტობრივად, ულტიმატუმის წინაშე დააყენა - არჩევანი გაეკეთებინა მასსა და სირსკის შორის.

„ფედოროვი საუკეთესო კანდიდატი იყო და არის. თანამდებობაზე ის მხოლოდ 6 თვის განმავლობაში იყო, რაც ხანმოკლე დროა, მაგრამ მან საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. როგორც ხედავთ, მისი მიღწევების ყველაზე ნათელი დასტური სწორედ აქ შეკრებილი ადამიანები არიან. ამას ყველა ხედავს. არ მგონია, რომ ხმარამ, კლიმენკომ ან ნებისმიერმა სხვამ შეძლოს ადამიანებზე ისეთი გავლენის მოხდენა, რომ მათ დასაცავად ამდენი ადამიანი შეიკრიბოს“, - ამბობს ალინა ვოლოშინა, პროტესტის მონაწილე.

„ახალი მთავრობის, მინისტრთა ახალი კაბინეტის დანიშვნის ეს გადაწყვეტილება საერთოდ არავის აუხსნია. პრობლემა ის იყო, რომ კომუნიკაცია საერთოდ არ ყოფილა - არავის არაფერი განუმარტავს, უბრალოდ ასე მოიქცნენ. თითქოს გვეუბნებიან: თქვენ ახსნა-განმარტებას არ იმსახურებთ. უბრალოდ ასე გავაკეთეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. რატომ? რის საფუძველზე? ეს არავის უთქვამს. მხოლოდ რამდენიმე ფრაზა მოგვიგდეს, ძაღლებისთვის გადაგდებული ძვლებივით - „შეეგუეთ“. სწორედ ამიტომ დგანან აქ ადამიანები უკვე 12 საათზე მეტია“, - თქვა ვალენტინ ლარინმა, პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ.

უთანხმოებას არმიის ხელმძღვანელობასა და თავდაცვის აწ უკვე ყოფილ მინისტრს შორის ადასტურებს ვოლოდიმირ ზელენსკიც.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საკადრო ცვლილებები არის იძულებითი ნაბიჯი იმ ფონზე, როდესაც შეუძლებელი გახდა კონფლიქტის აღმოფხვრა შეიარაღებული ძალების წამყვან რგოლებში, ქუჩებში შეკრებილ დემონსტრანტებზე საუბრისას კი მან თქვა, რომ ეს მკაფიოდ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ პროცესს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტია ბრძოლის ველი, თუმცა თუ შევხედავთ შექმნილ რთულ მდგომარეობას ან რთულ დიალოგს არმიის ხელმძღვანელობასა და თავდაცვის სამინისტროს შორის, რაც, სხვათა შორის, სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს - მაშ საქმე მხოლოდ ამ პროცესში მონაწილე პიროვნებებამდე არ დადის. ქვეყანაში ამ პრობლემების აღმოფხვრა აუცილებელია. არ ვამბობ, ამ ორიდან რომელი მხარი უნდა აგვარებდეს ამ საკითხს. ვთვლი, ეს ერთობლივად უნდა გაკეთდეს, რადგან არ გამოვა, რომ ერთი მხარე იმარჯვებს აქ, ხოლო მეორე ამაზე პასუხისმგებლობას იღებს. არა, ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პრობლემებზე, რომლებიც ასეთ ფართო საზოგადოებრივ რეზონანს იწვევენ.

მე უკრაინის პრეზიდენტი ვარ. არსებობს თავდაცვის სამინისტრო და არმიის ხელმძღვანელობა - მათ თავიანთი საქმე უნდა აკეთონ. ყოველდღე, თანმიმდევრულად და პატიოსნად, ჩემი მხარდაჭერით. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის პრიორიტეტულია, თუმცა გარკვეული საკითხები მათ საკუთარ დონეზეც უნდა მოაგვარონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ პატივს ვცემ, ამიტომ აუცილებლად ვაჩვენებ, რომ ჩემი მოქმედების კურსი პირდაპირი და მკაფიოა. უბრალოდ ვაჩვენებ, რომ თუ პასუხისმგებელი პირები საკითხს ვერ მოაგვარებენ, მაშინ მისი მოგვარება თავად მომიწევს.

რაც შეეხება ქუჩებში გამოსულ ხალხს. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. სწორედ ამიტომ, ხალხი აკეთებს იმას, რაც სურს. მათ უნდოდათ ქუჩებში გასვლა და ეს ნორმალურია. ომის პირობებშიც კი, მოსახლეობას შეუძლიათ თავისუფალი ნების გამოხატვა. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე მეტს ნიშნავს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

16 ივლისის სხდომაზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საგაზაფხულო სესიისთვის დასკვნითი იყო, უმაღლესმა რადამ უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ სერჰი კორეცკის ხელმძღვანელობით - პირის, რომელსაც პოლიტიკურზე მეტად ბიზნესგამოცდილება აქვს, თუმცა, როგორც უკრაინული მედია წერს, წარმატებულად შეუძლია კრიზისული სიტუაციების მართვა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკისთვის წონადი არგუმენტი აღმოჩნდა.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად უკრაინის პრეზიდენტმა ევგენი ხმარა დანიშნა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებს. მისი თქმით, ხმარას კანდიდატურას თავდაცვის უწყების მმართველის პოზიციაზე უმაღლეს რადას მალე წარუდგენს, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს საზოგადოების ზეწოლას ზელენსკიზე.

დაკავშირებული ამბები
ზაპორიჟიესა და ოდესაზე მიტანილი რუსული იერიშები კვლავ მსხვერპლით დასრულდა თავდაცვის მინისტრის გადაყენებას უკრაინაში მრავალათასიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა