ურთიერთიერიშების განახლების შემდეგ, ირანმა პირველად აღიარა, რომ ამერიკულმა ძალებმა მის ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშები მიიტანა და მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.
ისლამური ქვეყნის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ძალების სამიზნეებად იქცა ჰორმუზის სრუტის საპორტო ქალაქ ბანდარ ხამირში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი, ასევე ირანშაჰრის აეროპორტი და სარკინიგზო სადგური ბანდარ-აბასში - ირანის კუნძულზე, რომელზეც მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნავთობინფრასტრუქტურაა განლაგებული. თეირანი მსხვერპლის შესახებ იუწყება.
ცენტრალური სარდლობის ძალები ადასტურებენ, რომ 17 ივლისის ღამით განხორციელებული დარტყმებისას, ვაშინგტონმა გამოიყენა ავიაგამანადგურებლები, უპილოტო საფრენი აპარატები, სამხედრო ხომალდები და სხვა ტიპის, მაღალი სიზუსტის შეიარაღება, რომელიც მიმართული იყო ირანის სამხედრო ობიექტებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემასა და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე.
რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „ირანში დიდ წარმატებებს აღწევს“ და რომ „ამ შრომის ნაყოფს“ ყველა „ძალიან მალე იხილავს“, თუმცა საგულისხმოა ერთი გარემოებაც - თეთრი სახლის ლიდერი ისლამური ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ომის „უახლოს მომავალში დასასრულზე“ უკვე დიდიხანია, საუბრობს, თუმცა, როგორც ამჟამინდელი მდგომარეობა აჩვენებს, სამშვიდობო შეთანხმებამდე ჯერ კიდევ შორია.
გასათვალისწინებელია ირანის სამხედრო ქმედებების ფაქტორიც. ისლამურმა ქვეყანამ 17 ივლისის ღამითაც მიიტანა საჰაერო იერიშები ბაჰრეინსა და ქუვეითზე და განაცხადა, რომ სამიზნე ამ ქვეყნებში განლაგებული ამერიკული სამხედრო ობიექტები იყო.
აფეთქებების შესახებ იუწყება კატარიც, სადაც ითქვა, რომ რაკეტების განეიტრალებისას, საბრძოლო აპარატის ჩამოვარდნის შედეგად, 1 ბავშვი დაშავდა.
პარალელურად, თეირანი იმუქრება წითელი ზღვის ბლოკირებითაც და, ანალიტიკოსების თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით იემენელ ჰუსიტებთან მუდმივ კოორდინაციაშია. ეს მარშრუტი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო არტერიაა, რამეთუ უზრუნველყოფს გლობალური საზღვაო ტვირთის 15%-ისა და კონტეინერული გადაზიდვების 30%-ის ტრანზიტს.
თუკი წითელი ზღვა მართლაც ბლოკადაში მოექცევა, ეს უდიდეს დარტყმას მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას, რადგან თავისუფალი ნაოსნობა არც ჰორმუზის სრუტეშია უზრუნველყოფილი.
