კატეგორიები

ეროვნული სუვერენიტეტი „ამერიკისა და ჩინეთისთვის საჩუქრის მიძღვნას ნიშნავს“ - განუცხადა „ევრონიუსს“ იტალიის ყოფილმა პრემიერმა ენრიკო ლეტამ

ეროვნული სუვერენიტეტი „ამერიკისა და ჩინეთისთვის საჩუქრის მიძღვნას ნიშნავს“ - განუცხადა „ევრონიუსს“ იტალიის ყოფილმა პრემიერმა ენრიკო ლეტამ
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „ევრონიუსს“ განუცხადა, რომ თუ ევროკავშირს სურს, კონკურნეცია გაუწიოს ვაშინგტონსა და პეკინს, უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და თან დასძინა, რომ „ნამდვილი ბრძოლა ევროპის სუვერენიტეტისთვის მიმდინარეობს“.

მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „დღეს გადაცემა „12 წუთის“ სტუმარია ენრიკო ლეტა, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამჟამად IE University-ის დეკანი  და ჟაკ დელორის ინსტიტუტის პრეზიდენტია. თქვენ ბრიუსელში იმიტომ ჩამოხვედით, რომ მინისტრებთან ერთად განიხილოთ „ერთი ევროპა - ერთი ბაზრის“ სამოქმედო გეგმა, რომელიც თქვენ მიერ 2024 წელს დაწერილ საბაზისო ანგარიშს ეყრდნობა. მასში თქვენ აღწერეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ინტეგრაცია. ორი წლის შემდეგ როგორ აფასებთ ევროკავშირის მოქმედების ტემპს, რამდენად სწრაფად ასრულებს თქვენ მიერ გაწერილ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს?“

ენრიკო ლეტა, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, IE უნივერსიტეტის დეკანი: „ცხადია, რომ 2025 წელი ძალიან რთული  გამოდგა მრავალი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი ის იყო, რომ ტრამპის მეორე ვადა არ ჰგავდა პირველ ვადას. ასევე მიმაჩნია, რომ ევროპის დონეზე 2025 წელი რთული და გარდამავალი პერიოდი გახლდათ ორი ანაგარიშის, ასევე დრაგის ანგარიშის შესრულების თვალსაზრისითაც. დღეს უკვე ვამჩნევ ტემპის აჩქარებას და ეს აჩქარება დაიწყო თებერვალში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ალდენ-ბიზენში. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამ აჩქარების პოლიტიკური მიზეზი, ჩემი აზრით, გრენლანდიის კრიზისს უკავშირდება. გრენლანდიის კრიზისმა უბიძგა ევროპელ ლიდერებს, რომ ეთქვათ“ „ახლა სერიოზულად უნდა განვახორციელოთ ეს ორი ანგარიში და ხელი მოვკიდოთ ევროპის ერთიანი ბაზრის გაძლიერებას“.

მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „საერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ ევროკავშირის პასუხს უფრო აგრესიული და, ზოგიერთის აზრით, უფრო არაპროგნოზირებადი დონალდ ტრამპის საქციელზე?“

ენრიკო ლეტა, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, IE უნივერსიტეტის დეკანი: „ჩემი აზრით, ზოგიერთი საპასუხო ნაბიჯი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ველოდი. მაგალითად ავიღოთ ვაჭრობა. ხუთი თვის განმავლობაში მივაღწიეთ შეთანხმებას ინდოეთთან, ინდონეზიასთან, ავსტრალიასთან, მექსიკასთან და მერკოსურის ქვეყნებთან. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ბევრად აღემატება ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს და ეს ყველაფერი ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების გამო მოხდა, რადგან აუცილებელი იყო მოქმედება. ზოგიერთ შემთხვევაში საპასუხო რეაქცია სრულიად შეესაბამებოდა საფრთხის მასშტაბს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, აქ, პირველ რიგში, ერთიანი ბაზრის გაძლიერება უნდა გამოვყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების უმცროსი პარტნიორები ვართ. ერთ დონეზე არ ვიმყოფებით. ის ჩვენზე დიდია. რეალური ეკონომიკის დონეზე ამერიკას ტოლს არ ვუდებთ. მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 17%-ს ჩვენ ვქმნით, 25%-ს კი - ისინი. ეს ერთნაირი რანგია. მაგრამ ფინანსების სფეროში ჩვენი 17% საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით 11%-ზე დადის, მათი 25% კი 60%-ზე ადის -  60 და 11 კი აღარ არის ერთი რანგის“.

მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „ამ შედარებამ დანაზოგისა და ინვესტიციის კავშირი გამახსენა - ინიციატივა, რომლის უკანაც, როგორც ჩანს, პოლიტიკური ნება დგას და რომელსაც თქვენც დაუჭირეთ მხარი თქვენს ანგარიშში. რამდენად სასწრაფოა ეს ინიციატივა მოცემული დისბალანსის პირობებში, რომელიც თქვენ აღწერეთ?“

ენრიკო ლეტა, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, IE უნივერსიტეტის დეკანი:  „მთავარი, რაც ჩვენ გვჭირდება, ახლა არის ინტეგრაცია და ევროპის ერთიანი ფინანსური ბაზრის შექმნა. მხოლოდ ეს არის მასშტაბის ზრდის საშუალება. მთავარი საკითხი ფინანსური ბაზრის გაფართოებაა, რადგან ჩვენ ძალიან პატარა ვართ ამერიკასთან შედარებით, ეს კი ინვესტიციებზე აისახება. ისინი ჩვენ ბევრად გვჯობნიან ინვესტიციების კუთხით“.

მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „აშკარაა, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია განვითარებადი კომპანიებისა და სტრატეგიული სექტორებისთვის. მაგრამ როგორ აუხსნით ევროპის მოქალაქეებს, რომ დანაზოგისა და ინვესტიციების კავშირის შექმნა, რაც ევროპის ფინანსური ბაზრის ინტეგრაციას ნიშნავს, მათთვისაც სასარგებლო იქნება?“

ენრიკო ლეტა, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, IE უნივერსიტეტის დეკანი:  „პირველ რიგში, იმით, რომ ჩვენი კონტინენტი დანაზოგისა და დამზოგველების ადგილია. ჩვენ საუკეთესონი ვართ ამ კუთხით, მაგრამ ჩვენს დანაზოგს არასწორად ვიყენებთ. ჩვენი დანაზოგი არ გვაძლევს ისეთ კარგ ამონაგებს, რისი მოცემაც შეუძლია და უნდა  მოგვცეს კიდეც. საქმე ისაა, რომ დანაზოგისა და ინვესტიციების ანგარიშებზე სპეციალური თანხის განთავსება, ანუ ევროპული სტანდარტის შესატყვისი დანაზოგის სისტემის ამოქმედება, გაცილებით უკეთეს ამონაგებს მოიტანს, ვიდრე დღეს მოქმედი სისტემა იძლევა. მეორე მიზეზი ის არის, რომ ეს სისტემა რეალურ ეკონომიკაში ერთმანეთთან აკავშირებს დანაზოგებსა და ინვესტიციებს. დღეს კი ძალიან სუსტია ეს კავშირი. შედეგად ამერიკა აშკარად იგებს ხელოვნური ინტელექტის მარათონს. როგორ? საჯარო დაფინანსებით? არა. კერძო კაპიტალითა და კერძო ინვესტიციებით, რასაც მათი ფინანსური ბაზარი უწყობს ხელს. ამიტომ უნდა გავაუმჯობესოთ ეს ბაზარი და გამოვიყენოთ ინვესტიციების მიღების შესაძლებლობა ჩვენი საჭირობების მიხედვით. ერთ დროს ამერიკელი მომხმარებელი ჩვენს მობილურ ტელეფონებს ყიდულობდა. დღეს გვგონია, რომ ეს ამბავი წარსულს ჩაბარდა. მაგრამ ისევ უნდა დავბრუნდეთ იმ პერიოდში, როცა ევროპელები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული ვიყავით, მაგრამ ამისთვის ინვესტიციები გვჭირდება, მათ შორის კერძო ინვესტიციები.“

მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი:  „ასეთი პერსპექტივისთვის საჭიროა კაპიტალი, შესაძლებლობა, ლიკვიდურობა და ინვესტირება. ესპანეთის მთავრობა უკვე გამოვიდა ინიციატივით, რომელიც ერთიანი სესხის წახალისებას ისახავს მიზნად, რათა ევროკავშირში გააცნობიერონ, რომ ერთიანი ვალის აღებაა საჭირო ამ პრიორიტეტების დასაფინანსებლად. ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ კრისტინ ლაგარდს, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ძალიან სერიოზული ინიციატივაა და განხილვას იმსახურებს. ეთანხმებით?“

ენრიკო ლეტა, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, IE უნივერსიტეტის დეკანი: „ მე ძალიან მომწონს  კარლოს კუერპოს  ინიციატივა. ჩემი აზრით, ის ნამდვილად სწორი მიმართულებით მიდის. წარმატების მთავარი საწინდარი ორი არხის ერთდროულად ამოქმედებაა. საჯარო და კერძო ფინანსებს ვგულისხმობ. რადგან ჩვენ ვერ მოვახერხეთ... ჩვენ აქცენტს მხოლოდ საჯარო სახსრებზე ვაკეთებთ, მუდამ არსებობდა დაპირისპირება ხელმომჭირნეებსა და სამხრეთელებს შორის. უნდა შევწყვიტოთ ეს სულელური ომი. და მიმაჩნია, რომ კარლოს კუერპოს ინიციატივა სწორედ ამას ემსახურება“.

მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „თქვენ ახსენეთ დავა ხელმომჭირნეებთან, რომლებიც, როგორც წესი, ჩრდილოეთის სახელმწოფოებია, რომელთაც არ მოსწონთ ერთიანი სესხის აღების იდეა ისე, როგორც ეს მოსწონთ, მაგალითად, ესპანეთსა და საფრანგეთში. როგორ გგონიათ, საბოლოოდ ევროკავშირში გარდაუვალია მოქმედების პრინციპის შეცვლა? და გვეყოლება ისეთი ქვეყნების ჯგუფები, რომელთაც თამამი ნაბიჯების გადადგმა სურთ, ნაცვლად იმისა, რომ 27-მა სახელწმიფომ ერთსულოვნად იმოქმედოს?“

ენრიკო ლეტა, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, IE უნივერსიტეტის დეკანი: „ჩვენ ინერციის პრობლემა გვაქვს. მე ძალიან მომწონს ევროკავშირის დიდი ექვსიანის იდეა, ვგულისხმობ ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც ცდილობს ამ საკითხების ფინანსურ დონეზე აყვანას. იმიტომ მომწონს, რომ ეს ინერციის დაძლევის გზაა. ბოლო ორ წელიწადში, ანგარიშის წარდგენიდან და მის შესრულებამდე პერიოდში, დავინახე დიდი თანხმობა, აპლოდისმენტები და ა.შ. მაგრამ ყველაზე დიდი მტერი ინერციაა“.

მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „როდესაც ინერციის დაძლევაზე საუბრობთ, იმას ხომ არ გულისხმობთ, რომ ჩვენ ისეთი ევროკავშირისკენ მივდივართ, რომელიც ბლოკების საშუალებით იმუშავებს? რომ გვეყოლება ჯგუფები, რომლებიც ერთად იმოქმედებენ გარკვეული პოლიტიკის გატარების მიზნით“.

ენრიკო ლეტა, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, IE უნივერსიტეტის დეკანი: „დღეს ევროკავშირი 27 წევრისგან შედგება. ხვალ ეს რიცხვი გაიზრდება 35 ან 36-ამდე. გაფართოება ძალიან კარგი პერსპექტივაა. მე ამ იდეის დიდი გულშემატკივარი ვარ, ამიტომ მგონია, რომ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. მაგრამ საკითხი ისე დგას, რომ აუცილებელია ავანგარდის შექმნა და მიმაჩნია, რომ ევროკავშირის ისტორია სწორედ ავანგარდზეა დაფუძნებული. მაგალითად ავიღოთ ევრო. მახოვს, ჩემს ქვეყანაში, იტალიაში, ასევე საფრანგეთსა თუ გერმანიაში მოსახლეობის ნახევარი ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან შიშობდა, რომ ეროვნული ვალუტა თუ აღარ ექნებოდა, იდენტობას დაკარგავდა. დღეს კი ევრო ძალიან წარმატებული პროექტია და ევროს წყალობით უფრო ძლიერი პოზიცია გვიკავია მსოფლიო ასპარეზზე, ხოლო ევროპელების 80% ბედნიერია ევროს გამო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იდენტობა არ დაგვიკარგავს. ისევ იტალიელები, ფრანგები, ესპანელები და გერმანელები ვართ და ევროც გვაქვს. იგივე შეგვიძლია გავიმეოროთ ენერგეტიკის, ურთიერთკავშირისა და ფინანსური ბაზრების სფეროშიც, რათა უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ ისე, რომ არც იდენტობა დავკარგოთ“.

მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „თქვენ ევროს მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ახსენეთ, განსაკუთრებით საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად გარდამტეხი არჩევნები უნდა ჩატარდეს მომავალ წელს. ხომ არ შიშობთ, რომ ეს ეროვნული სუვერენიტეტის იდეა და ანტიევროპული განწყობა, თუ გნებავთ, ისევ დაბრუნდება პოლიტიკურ ავანსცენაზე?“

ენრიკო ლეტა, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, IE უნივერსიტეტის დეკანი: „ეროვნული სუვერენიტეტის ევროპული სუვერენიტეტის წინააღმდეგ გამოყენება ყალბია. ის არ არსებობს. ეროვნულ სუვერენიტეტზე ყურადღების გამახვილება ნამდვილი საჩუქარია ამერიკელებისა და ჩინელებისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით სრული სიცხადე გვმართებს, რადგან ეროვნული სუვერენიტეტი არ  იძლევა ფართო გასაქანს. ამერიკელებისა და ჩინელებისთვის სათანადო კონკურენციის გაწევისთვის აუცილებელ ფართო ასპარეზს გვაძლევს ერთიანი ევროპული პლატფორმა. თავისუფლად შეგვიძლია ამის გაკეთება ისე, რომ ეროვნული იდენტობაც შევინარჩუნოთ. სწორედ ამიტომ ნამდვილი ბრძოლა არის გამართული ევროპული სუვერენიტეტისთვის. რასაკვირველია, როგორც ყველა, მეც თვალს მივადევნებ მომავალ წელს არჩევნებს ევროპაში, არა მხოლოდ საფრანგეთსა და იტალიაში, არამედ პოლონეთში, საბერძნეთსა და ესპანეთშიც. ასე რომ, მომავალი წელი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ერთად მოქმედების მოსაზრება გაიმარჯვებს, რადგან ჩვენი კონკურენტები გიგანტები არიან“.

მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „და ბოლოს, მინდა გაფართოების საკითხს დავუბრუნდე. თქვენ განაცხადეთ, რომ მისი მხარდამჭერი ხართ, მაგრამ ვიცით, რომ რამდენიმე დიდი ევროპული ქვეყანა, რომლებიც ადრე ეკონომიკის მამოძრავებელ ძრავად მიიჩნევდნენ, სტაგნაციას განიცდის. არ გეშინიათ, რომ ამის გამო შესაძლებელია  დასუსტდეს ისეთი ქვეყნების მიღების პოლიტიკური ნება, როგორებიც არიან უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტიც გაცილებით ჩამორჩება ევროპული სახელწმიფოებისას და შესაძლოა გაფართოების ეკონომიკურმა შედეგებმა მოგვიანებით პრობლემები შექმნას?“

ენრიკო ლეტა, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, IE უნივერსიტეტის დეკანი: „ჩემი აზრით, გარკვეული საკითხები უნდა გავმიჯნოთ. მიმაჩნია, რომ ზოგიერთი ქვეყანა სავსებით მზად არის ევროკავშირში შესასვლელად. გულწრფელად რომ გითხრათ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. მათ არ აქვთ დიდი ეკონომიკა, ამიტომ ევროპას არ გაუჭირდება  მათი სწრაფად მიღება. მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ გაფართოებისთვის აუცილებელია  ინსტიტუციონალური ცვლილებები, რაც არ გავაკეთეთ 20 წლის წინ და ეს შეცდომა იყო. კერძოდ, ვგულისხმობ ვეტოს უფლების გაუქმებას საგარეო და თავადაცვის საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, ის, რაც უნგრელებმა გააკეთეს, სერიოზული ნიშანი იყო. უნგრელებმა დემოკრატიული წესით იმოქმედეს, მაგრამ მკაფიოდ განაცხადეს, რომ თითოეული ქვეყანა ევროპის საკეთილდღეოდ უნდა იღვწოდეს და არა მისი ინტერესების წინააღმდეგ, რადგან ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მხოლოდ ძლიერ ევროპას უკავშირდება. ამერიკა და ჩინეთი ხუმრობა არ არის. ისინი ჩვენი კონკურენტები არიან და ეს უნდა გავაცნობიეროთ“.

ავტორები: მარედ გვინ ჯონსი და ლორენ უოლკერი

დაკავშირებული ამბები
ეროვნული სუვერენიტეტი „ამერიკისა და ჩინეთისთვის საჩუქრის მიძღვნას ნიშნავს“ - განუცხადა „ევრონიუსს“ იტალიის ყოფილმა პრემიერმა ენრიკო ლეტამ ბენიამინ ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში- ევროკავშირი ისრაელთან მიმართებით „გონს მოეგება“