აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს ზედიზედ უკვე ექვსი დღეა უტევენ. ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის ტერიტორიაზე ათეულობით სამიზნე განადგურდა, მაშინ, როდესაც ჰორმუზის სრუტის გარშემო დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ღამის განმავლობაში აშშ-ის ავიაიერიშების შედეგად ჰორმოზგანის პროვინციაში რამდენიმე ხიდი დაზიანდა, დაიღუპა სულ მცირე შვიდი ადამიანი. ვაშინგტონმა იერიშები მიიტანა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ბანდარ-ხამირზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე მდებარეობს. თავდასხმა იყო ასევე თეირანის მიმდებარე ტერიტორიებსა და სემნანის პროვინციაში, სადაც ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და კოსმოსური პროგრამის ობიექტებია განთავსებული.
დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ხიდებზე იერიში გაგრძელდება, რათა თეირანმა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი შეასუსტოს. პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადაც აღადგინა.
ამ ფონზე, ჰორმუზის სრუტეში ტვირთბრუნვა უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა. საზღვაო ანალიტიკური კომპანიის მონაცემებით, თვის დასაწყისში სატვირთო გადაზიდვების მოცულობა თითქმის მეოთხედით დაეცა, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბოლო დღეების სამხედრო ესკალაციის ფონზე გადაზიდვები კიდევ უფრო შემცირდება. მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული მარშრუტის ირგვლივ შექმნილი ვითარება კი ნავთობისა და ბუნებრივი აირის გლობალურ ბაზრებზე დამატებითი არასტაბილურობის რისკს ზრდის.
