თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ პირველად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის თავდაცვის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა დაადასტურა, რომ ჰქონდა კონფლიქტი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან და გენშტაბის უფროს ანდრი გნატოვთან, რომელთა სხვა პირებით ჩანაცვლება შესთავაზა ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ კიევს ნამდვილად სურდა, „მტრისთვის ასიმეტრიული დამარცხების მიყენება მინიმალური დანაკარგებით“.
მიხაილო ფედოროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი აპირებდა თანამდებობიდან ოლექსანდრ სირსკის გაშვებასაც, თუმცა აზრის შეცვლა მოუწია, რადგან მსგავსი ძირეული საკადრო ცვლილებები, ომში მყოფ სახელმწიფოს სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა.
ფედოროვის განმარტებით, დიდად აფასებს სირსკის როლს 2022 წელს კიევისა და ხარკივის დაცვაში, რამაც უკრაინა კრემლის სრული ოკუპაციისგან იხსნა, თუმცა დასძინა, რომ დროთა განმავლობაში მისი გუნდი არაერთი ინიციატივის დაბლოკვას შეეჩეხა სამხედრო მაღალჩინოსნის მხრიდან.
„როდესაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირსკის შეცვლას არ აპირებდა, ეს მისი, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, გადაწყვეტილება იყო. მე ამ გადაწყვეტილებას სრულად დავეთანხმე და ვთქვი: „კარგი, მაშინ ვისწავლი მასთან მუშაობას, რადგან საბოლოოდ ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა უკრაინელი ხალხის წინაშეა და არა რომელიმე ჯგუფის ან კონკრეტული პირის წინაშე.“ სწორედ ამიტომ უნდა გვემუშავა ერთად.
თუმცა რეალობაში შევეჯახეთ იმას, რომ ყველა ინიციატივა, რომელსაც ვთავაზობდით, იბლოკებოდა, ხოლო სირსკი - ყველა იმ პრობლემის მიუხედავად, რომლებზეც დღეს ვისაუბრეთ - არ არის მზად, პირისპირ და ღიად ისაუბროს ამ საკითხებზე. მას უფრო ურჩევნია პირადად შეხვედრებზე სიარული, ინტრიგების ხლართვა და იმის ვარაუდი, თითქოს ვიღაცამ მის წინააღმდეგ მედიაკამპანია დაუკვეთა.
ნაცვლად იმისა, რომ სირსკის ეფიქრა, როგორ დაემარცხებინა რუსეთი - რაც მთავარსარდლის პირდაპირი მოვალეობაა - მან იმაზე იფიქრა, როგორ გაეყო ქვეყანა. სწორედ ამ მდგომარეობამდე მოვედით დღეს. ეს კი ძალიან სერიოზული პრობლემაა...
ჩვენ სწორ გადაწყვეტილებას ყოველთვის მას შემდეგ ვიღებთ, რაც ყველა არასწორ გადაწყვეტილებას გამოვცდით. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტს უკრაინელი ხალხის ხმა ესმის, იცის, რა უნდა გააკეთოს, და ეს ვითარება აუცილებლად მოგვარდება“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
მიხაილო ფედოროვმა გამორიცხა ვოლოდიმირ ზელენსკისთან უთანხმოება და განაცხადა, რომ რჩება მისი ერთგული, როგორც ეს გასული 7 წლის განმავლობაში იყო.
პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მოქალაქეები კიევის ცენტრში მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. ქვეყნის ლიდერს ისინი საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებული ნაბიჯის დაუყოვნებლივი გადახედვისკენ მოუწოდებენ.
უკრაინაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურნენ მოსკოვშიც, ისევ ტრადიციული რიტორიკით.
„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კიევის რეჟიმის წარმომადგენლებს შორის იყოს ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც მშვიდობიანი დარეგულირების ან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულების შესაძლებლობას შექმნის.
კიევში ძალიან კარგად იციან, რა გადაწყვეტილებებია მისაღები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ ასეთი ადამიანები იყვნენ“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
უკრაინელები მიიჩნევენ, რომ მიხაილო ფედოროვის ხედვების დამსახურებით, უკრაინამ შეძლო, სისრულეში მოეყვანა რუსეთის სიღრმეებში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმები და ანექსირებული ყირიმის სრულ იზოლაციაში მოქცევა, რაც მანამდე, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანდა.
