კატეგორიები

უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - მეტი ბიზნეს წარსულით, ვიდრე პოლიტიკური

უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - მეტი ბიზნეს წარსულით, ვიდრე პოლიტიკური
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად, ენერგოკორპორაცია NaftoGaz-ის აღმასრულებელი დირექტორი სერჰი კორეცკი დაამტკიცა, რომელმაც პოსტზე იულია სვირიდენკო შეცვალა.

გადაწყვეტილებას 289-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უკრაინული მედია ვარაუდობდა, რომ ამ თანამდებობას კვლავ დაუბრუნდებოდა დენის შმიჰალი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ვარაუდები არ გამართლდა.

ზამთრისთვის მომზადება, ენერგო და ნავთობინფრასტრუქტურის დაცვა რუსული იერიშებისგან, ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება და საერთაშორისო დახმარების ეფექტურად მართვა დასახელდა უკრაინის მთავრობის ახალი მეთაურის ძირითად პრიორიტეტებად.

კორეცკის პროფესიული წარსული უკრაინული პოლიტიკისთვის საკმაოდ განსხვავებულია**.**

მას კარიერა არც პოლიტიკური პარტიების და არც სახელმწიფო უწყებების მეშვეობით არ აუგია. პოლიტიკაში კერძო სექტორიდან მოვიდა, სადაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კომპანიების განვითარებით, ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციითა და მრავალრიცხოვანი გუნდების მართვით იყო დაკავებული.

უკრაინული მედიის ცნობით, სწორედ კრიზისულ სიტუაციებთან წარმატებულად გამკლავება გახდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მთავარი ფაქტორი, კორეცკი, უკრაინისთვის რთულ მდგომარეობაში პრემიერ-მინისტრად დაენიშნა.

სერჰი კორიცკი მრავალი წლის განმავლობაში ბიზნესსექტორში მუშაობდა. 2022 წლის ნოემბერში ის UkrNafta-ს ხელმძღვანელი გახდა, რომელიც სახელმწიფომ ოლიგარქ იჰორ კოლომოისკის ჩამოართვა, 2025 წლიდან კი ის ნავთობკორპორაცია NaftoGaz-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში სამთავრობო ცვლილებები ხშირია. ქვეყანამ მთავრობის მეთაური სამჯერ შეიცვალა - მათგან ყველაზე დიდხანს მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობდა დენის შმიჰალი - 2020 წლის 4 მარტიდან 2025 წლის 17 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ზუსტად 1 წელი გაატარა იულია სვირიდენკომ - უკრაინის ისტორიაში მთავრობის მეორე ქალმა მეთაურმა, იულია ტიმოშენკოს შემდეგ, რომელსაც ეს პოსტი ორჯერ ჰქონდა დაკავებული - 2004 წლის 25 იანვრიდან იმავე წლის 8 სექტემბრამდე და 2007 წლის 18 დეკემბრიდან 2010 წლის 4 მარტამდე.

იულია სვირიდენკო ზელენსკის ადმინისტრაციაში რჩება, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას უკრაინის ხელისუფლებაში.

დაკავშირებული ამბები
უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - მეტი ბიზნეს წარსულით, ვიდრე პოლიტიკური „კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად“, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა