კატეგორიები

„კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად“, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

„კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად“, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა
ბევრისთვის მოულოდნელი და, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამოუხსნელი - ასე ფასდება ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება უკრაინელთა ნაწილის მიერ მას შემდეგ, რაც, სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, მან თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი.

ცნობილია, რომ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა მისი შეხვედრა მიხაილო ფედოროვთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ოლექსანდრ სირსკისთან.

კიევის მედია აცხადებს, რომ სწორედ ამ ორ მაღალჩინოსანს შორის გარკვეული უთანხმოება და დაძაბულობა ქმნიდა არასახარბიელო მდგომარეობას თავდაცვითი მიმართულებით, რისი აღმოფხვრაც ზელენსკის დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა „ერთიანობის“ შესანარჩუნებლად და სამხედროების „შეთანხმებულად მოქმედებისთვის“.

უკრაინული წყაროები მიუთითებენ დაძაბულობის მიზეზებზეც. კერძოდ, მათი თქმით, კონფლიქტი გამოიწვია მიხაილო ფედოროვის ინიციატივამ სამხედრო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობდა თავდაცვის სამინისტროს სამომავლო ფუნქციონირებას და მის NATO-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებას.

ეს კონფლიქტი შეფასდა როგორც თაობებს შორის ჭიდილი - ერთი მხრივ, ახალგაზრდა, ინოვაციური ხედვებითა და სტარტაპების მოყვარულ ფედოროვსა და უფრო ტრადიციული სტილის, გამოცდილ სამხედრო მაღალჩინოსანს შორის.

აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე მადლობა გადაუხადა თავის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის და ჩამოთვალა მისი მინისტრობის მიღწევები.

„რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ის ხელმისაწვდომობა გაითიშა.

ჩავიბარე თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც პრაქტიკულად ნულოვანი ბიუჯეტი ჰქონდა. წავედი რისკზე, წლის ბოლოს სახელფასო ფონდიდან თანხები გადავანაწილე და ისინი ეფექტიანად ჩავდე საშუალო სიშორის დარტყმის შესაძლებლობების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი FPV-დრონების, იაფფასიანი სადაზვერვო სისტემების, სახმელეთო რობოტული პლატფორმების, დრონების საწინააღმდეგო დრონებისა და შორ მანძილზე მოქმედი დამრტყმელი დრონების განვითარებაში.

დავიწყეთ ოპერაცია „ლოგისტიკური ბლოკადა“, რომელმაც მტრის ლოგისტიკური არხები დაარღვია და ყირიმის იზოლაციის პროცესი დაიწყო.

ამოქმედდა თანამედროვე დრონული მოიერიშე ქვედანაყოფების მხარდაჭერის პროგრამა, რომლებიც ბრძოლაში ძირითადად მოწინავე ტექნოლოგიებს ეყრდნობიან.

შესყიდვების სისტემა საფუძვლიანად გადაიხედა და რეფორმირდა.

დრონების განადგურების მაჩვენებელი 83%-დან 91%-მდე გაიზარდა, ხოლო ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი 47%-დან 87%-მდე.

ამოქმედდა ბრიგადებისა და კორპუსებისთვის დრონებით მომარაგების საბაზისო სისტემა.

დაიწყო ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და რაკეტების მწარმოებლებისთვის მასშტაბური საგრანტო პროგრამა.

დაიწყო სამხედრო სისტემის არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია.

გაიმართა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის სამი შეხვედრა, სადაც შევძელით რუსეთის მიერ გავრცელებული ნარატივის დაძლევა,  თითქოს უკრაინა მარცხდებოდა და პარტნიორების ნდობის აღდგენა. ამის შედეგად მიმდინარე წლისთვის უზრუნველყოფილ იქნა 40 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა

ჩვენი წარმოების ბალისტიკური სისტემებისთვის ტექნიკური მოთხოვნები საფუძვლიანად გადაიხედა, მნიშვნელოვნად გაიზარდა სიზუსტე და წარმოების ღირებულება 30%-ით შემცირდა.

გაფორმდა კონტრაქტი Gripen-ის გამანადგურებელი თვითმფრინავების შესაძენად.

სამხედროებთან თანამშრომლობით დაიგეგმა და განხორციელდა ოპერაცია, რომელმაც მტრის მექანიზებული შეტევა ექვსი თვით შეაჩერა.

„დრონების შეთანხმების“ პროგრამის ფარგლებში გაიხსნა ექსპორტის შესაძლებლობა, რათა მოზიდულიყო ინვესტიციები და გაზრდილიყო ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის წარმოების მასშტაბი.

ამოქმედდა პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სწრაფი ინტეგრაცია ბრძოლის ველზე“, - დაწერა ფედოროვმა პლატფორმა X-ზე.

მიხაილო ფედოროვის თქმით, გააგრძელებს მისიის შესრულებას, რომლითაც მოვიდა თავდაცვის სამინისტროში, რაც მოიცავს „მტრის დამარცხებას ასიმეტრიის, ინოვაციების სისწრაფისა და ორგანიზებულობის ხარჯზე“.

მის შემცვლელად უკრაინის პრეზიდენტმა დაასახელა იჰორ კლიმენკო - ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მანამდე, 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ეროვნულ პოლიციას.

უკრაინელთა დიდი ნაწილი ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, ისევე როგორც გახშირებულ საკადრო ცვლილებებს და მოუწოდებს თანამოაზრეებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისკენ.

„მეგობრებო, უკვე შეუძლებელია იმასთან შეგუება, რაც ჩვენს ხელისუფლებაში ხდება. თავდაცვის მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებენ სწორედ იმ დროს, როდესაც ეფექტიანი რეფორმები მიმდინარეობს, და მის ნაცვლად მოჰყავთ ადამიანი, რომლის პირობებშიც ნებისმიერი რეფორმა შეიძლება დაივიწყოთ.

ჩვენ ვერასოდეს დავამარცხებთ რუსეთს, ვიდრე ჩვენს არმიასა და სამინისტროებში იგივე უმოქმედობა, ჩამორჩენილი სისტემა და კორუფცია იქნება გამეფებული“, - დაწერა პლატფორმა X-ზე ერთ-ერთმა აქტივისტმა.

უკრაინელები მიიჩნევენ, რომ მიხაილო ფედოროვის ხედვების დამსახურებით, უკრაინამ შეძლო, სისრულეში მოეყვანა რუსეთის სიღრმეებში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმები და ანექსირებული ყირიმის სრულ იზოლაციაში მოქცევა, რაც მანამდე, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანდა.

სამთავრობო ცვლილებები, რომელთა ფარგლებშიც ცნობილია, რომ თანამდებობას ტოვებს პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკოც, უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს.

დაკავშირებული ამბები
„კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად“, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა კიევზე, ზაპორიჟიეზე, სუმსა და ოდესაზე მიტანილ რუსულ იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა