ბოლო საერთაშორისო ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში - კირ სტარმერი კიევში ჩავიდა, უკრაინისადმი გაერთიანებული სამეფოს მრავალწლიანი მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად და ვოლომირ ზელენსკისთვის მორიგ ჯერზე იმის სათქმელად, რომ ომში მყოფი სახელმწიფოს შეუპოვარმა წინააღმდეგობამ შესაძლებელი გახადა ევროპის უსაფრთხოების დაცვა.
ვიზიტის დაწყებამდე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც მიმოხილულია ის საკვანძო საკითხები, რომლებიც კირ სტარმერის მმართველობის პერიოდში ლონდონმა კიევის სასარგებლოდ გადაწყვიტა ან მათ წინ წაწევას მხარი დაუჭირა.
მათ შორის ნათქვამია, რომ 2024 წლის ივლისიდან, გაერთიანებულმა სამეფომ დაამტკიცა 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი, ომში მყოფ ქვეყანას მიაწოდა 250 000-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 8 000-მდე რაკეტა და 350 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი.
ამავდროულად, კირ სტარმერის პრემიერ-მინისტრობისას, საფუძველი ჩაეყარა „მსურველთა კოალიციის“ ჩამოყალიბებას, რომელმაც უკრაინის მოკავშირე 34 ქვეყანა გააერთიანა და 16 შეხვედრა გამართა, საიდანაც ერთ-ერთი ბოლო პარიზში 13 ივლისს შედგა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, პარტნიორებთან თანამშრომლობით, ლონდონმა მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო კიევის სამხედრო მხარდაჭერის თვალსაზრისით, მათ შორის, შეიქმნა დრონების მწარმოებელი მრეწველობა და ხელი მოეწერა გრძელვადიან შეთანხმებებს უკრაინასთან ინტელექტუალურ საკუთრებასა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული გამოცდილების გასაზიარებლად.
მიღწევებზე საუბრისას, კირ სტარმერის ადმინისტრაცია წერს, რომ 2 წლის განმავლობაში გაერთიანებულმა სამეფომ მნიშვნელოვნად გააფართოვა სანქცირებულთა სია და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა დაუწესა მოსკოვთან დაკავშირებულ 1 400-ზე მეტ ფიზიკურ პირს, ორგანიზაციასა და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდებს, რომლებსაც კრემლი პირდაპირ იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაფინანსებლად. ამ მიმართულებით, კირ სტარმერის ბრიტანეთი გახდა „დიდი შვიდეულის“ პირველი ქვეყანაც, რომელმაც სანქციები დაუწესა ოთხივე წამყვან რუსულ გიგანტ ენერგოკორპორაციას - „როსნეფტს“, „ლუკოილს“, „გაზპრომსა“ და „სურგუტნეფტგაზს“.
გაერთიანებული სამეფოს მიმავალი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიევში შედგა იმ ფონზე, როდესაც ლონდონმა აიღო ვალდებულება, შეუერთდეს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს და საკუთარი წვლილიც გაიღოს ომში მყოფი სახელმწიფოს დასახმარებლად.
კირ სტარმერი თანამდებობას ოფიციალურად 17 ივლისს ტოვებს. პრემიერის პოსტზე მისი მემკვიდრე ენდრი ბერნჰემია, რომელიც დაუნინგ-სთრითის კაბინეტს 20 ივლისს გადაიბარებს. მისი დაპირებაა, რომ ლონდონი კვლავაც უცვლელად განაგრძობს კიევის მხარდაჭერას რუსულ აგრესიასთან გამკლავებაში.
