კატეგორიები

ილონ მასკმა მარინ ლე პენს „საფრანგეთის უკანასკნელი იმედი“ უწოდა

ილონ მასკმა მარინ ლე პენს „საფრანგეთის უკანასკნელი იმედი“ უწოდა
მულტიმილიარდერი, არაერთი ინოვაციური კომპანიისა და სოციალურ პლატფორმა X-ის მფლობელი ილონ მასკი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს, მარინ ლე პენს „საფრანგეთის უკანასკნელ იმედს“ უწოდებს და მომავალი წლის აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს.

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში გადააზიარა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ბოლო კვირების განმავლობაში ფრანგი პოლიტიკოსის მხარდამჭერთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ის დამაჯერებლად ამარცხებს თავის მეტოქეს. საგულისხმოა, რომ ამ მონაცემების სინამდვილე ჯერჯერობით არ დადასტურებულა და უცნობია, როგორც კვლევის მეთოდოლოგია, ისე ზოგადად - ჩატარდა თუ არა მსგავსი კვლევა ბოლო პერიოდში.

ილონ მასკის ამ სიტყვებმა საფრანგეთში, ლე პენის მოწინააღმდეგეთა და ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი წარმომადგენლების მხრიდან მყისიერი რეაქცია გამოიწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ფრანგული გამონათქვამი მოიყვანა მაგალითად და დაწერა, რომ „მხოლოდ სულელები არასდროს იცვლიან აზრს“.

ყოფილმა ევროკომისარმა და საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები მანიშნებელია არჩევნებში „ჩარევების სეზონის დაწყებისა“, რაც, მისივე განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან არის აღსაკვეთი - კერძოდ, არ მისცენ საშუალება პლატფორმა X-ის ალგორითმს, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი. ყოფილი მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ ლე პენის მხარდაჭერა ილონ მასკის პირადი საქმე და უფლებაა, თუმცა, როგორც ამბობს „კანონის უზენაესობა ყველაზე უნდა გავრცელდეს“.

ილონ მასკისადმი ბრალდება არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით არახალია. წარსულში მან არაერთხელ საჯაროდ დაუჭირა მხარი ნაციონალისტური და პოპულისტური ხედვების მქონე პოლიტიკოსებს, მათ შორის 2024 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთადერთია, რომელიც შეძლებს ქვეყნის გადარჩენას.

ილონ მასკი ასევე გამოეხმაურა რუმინეთში განვითარებულ მოვლენებს. მან „დიქტატორები“ უწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმეს, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ რუსეთი ნაციონალისტი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს, სასარგებლოდ ერეოდა არჩევნებში.

დაკავშირებული ამბები
ილონ მასკმა მარინ ლე პენს „საფრანგეთის უკანასკნელი იმედი“ უწოდა მრავალრიცხოვანი ტექნიკა, მოკავშირე ქვეყნების სამხედროები და ლიდერები - საფრანგეთმა ბასტილიის დღე აღნიშნა