კატეგორიები

დონალდ ტრამპი ირანში სამხედრო იერიშების გაფართოებას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი ირანში სამხედრო იერიშების გაფართოებას არ გამორიცხავს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. თუმცა რეგიონში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ირანმა საპასუხოდ ბაჰრეინისა და ქუვეითის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.

ბოლო დღეების განმავლობაში ორმხრივმა დარტყმებმა და ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულმა დაძაბულობამ დროებითი შეთანხმება პრაქტიკულად ჩაშალა და რეგიონი სრულმასშტაბიანი ომის საფრთხის წინაშე დააყენა. ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ამერიკულ იერიშებს 35-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. დარტყმები თეირანის შემოგარენსაც პირველად შეეხო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე შეტევები გაგრძელდება მანამ, სანამ ამას საჭიროდ ჩათვლის. მისი თქმით, თუ თეირანი მოლაპარაკებებს არ დათანხმდება, მომდევნო დღეებში სამიზნე ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გახდება.

 „იერიშები გაგრძელდება მანამ, სანამ მე არ ვიტყვი, რომ საკმარისია. სამხედროები ასეთ ვითარებას „შესაძლებლობების დეგრადაციას“ უწოდებენ. მათი შესაძლებლობები უკვე ძალიან დაბალ დონემდეა, დასუსტებულია. დღეს ღამით მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ხვალ ღამითაც ძლიერად შევუტევთ.  შემდეგ ღამესაც იგივე გაგრძელდება. ხოლო შემდეგი კვირა მათთვის გაცილებით მძიმე იქნება, რადგან სამიზნე გახდება ელექტროსადგურები და ხიდები. გავანადგურებთ მათ ელექტროსადგურებს და ხიდებს, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან. პრობლემა ის არის, რომ ისინი არ ჩერდებიან. მათ ბირთვული იარაღის შექმნა სურდათ. ჩვენ ვიცოდით, რომ ამისკენ მიისწრაფოდნენ. ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს, ისრაელი აღარ იარსებებდა. ასე ამბობენ, მაგრამ ყველაფერი, რასაც ისინი აცხადებენ, ტყუილია. ისინი მუდმივად იტყუებიან. მსგავსი არაფერი მინახავს. უმჯობესია, შეთანხმებას მიაღწიოთ, თორემ აღარაფერი დაგრჩებათ. როგორც იცით, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ძალიან ფრთხილად ვმოქმედებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: შეთანხმებას უნდა მიაღწიოთ, თორემ აღარაფერი დაგრჩებათ“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ თეირანი საკუთარ ვალდებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ შეერთებული შტატებიც შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. მისივე თქმით, შეთანხმების დარღვევის შემდეგ ირანმაც საჭირო ნაბიჯები გადადგა.

„თავიდანვე ვამბობდით: ვალდებულება ვალდებულების სანაცვლოდ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს ვალდებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევასრულებთ, თუ მეორე მხარეც შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს. მეორე მხარემ შეთანხმება დაარღვია, ამიტომ ჩვენც საჭიროების შემთხვევაში შევწყვიტეთ ჩვენი ვალდებულებების შესრულება. ამავე გზას გავაგრძელებთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვიტყვით, რომ შეთანხმება არსებობს თუ არა. შეთანხმება მხოლოდ ორმხრივი ვალდებულებების ერთობლიობაა.

მე გამოვიყენე სიტყვები, რომ შეთანხმება „ნაფლეთებად აქციეს“, ხოლო ბატონმა ღარიბაბადიმ თქვა, რომ ის „გაანადგურეს“. მიზეზი ის არის, რომ მეორე მხარემ დაპირებების დარღვევა შეთანხმების პირველივე პუნქტიდან დაიწყო. ჩვენ არ გვაქვს ხელები შეკრული.  ჩვენი შეიარაღებული ძალები აშშ-ის აგრესიას პასუხობენ“- განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ.

დაძაბულობას სიმბოლური გზავნილებიც ემატება. თეირანის ცენტრალურ ენღელაბის მოედანზე განთავსდა ბილბორდი, რომელზეც გამოსახულია, რომ დონალდ ტრამპი კუბოში წევს. იმავე მოედანზე დაიდგა მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის აღმართული მუშტის ქანდაკებაც. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი სიკვდილისთვის შურისძიებას გააგრძელებს.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპი ირანში სამხედრო იერიშების გაფართოებას არ გამორიცხავს სპარსეთის ყურის ირგვლივ არსებული მდგომარეობა ბაზარზე რყევებს იწვევს