საერთაშორისო ბაზარზე მშვიდობა ხანმოკლე აღმოჩნდა - ისევე როგორც სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისთვის. მას შემდეგ, რაც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის „ურთიერთგაგების მემორანდუმი“, ფაქტობრივად, ანულირდა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პერიოდული საბრძოლო მოქმედებები განახლდა, დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარება მყისიერად აისახა ნავთობის ფასებზე.
კრიტიკულად აუცილებელ ნედლეულზე ღირებულება დაახლოებით 5%-ით გაიზარდა და 22 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შეადგინა.
Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 75-დან 85 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს, რაც, ექსპერტების შეფასებით, არ არის სახიფათო მდგომარეობა, თუმცა არაპროგნოზირებად გარემოს ქმნის როგორც მოვაჭრეებისთვის, ისე მსოფლიო მოსახლეობისთვის.
სამხედრო რისკების სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა საზღვაო გადამზიდ კომპანიებს ურჩია, დროებით შეაჩერონ რეისები ჰორმუზის სრუტეში. ამავდროულად, სხვა კომპანიები ირანელების მხრიდან კომერციულ გემებზე განხორციელებული ახალი თავდასხმების ფონზე გეგმავენ, თავიანთი სადაზღვევო პირობებს გადახედონ.
ივლისის ბოლო ესკალაციამდე, ნავთობის ფასები დაღმასვლისკენ იყო მიმართული, რადგან ბაზარი ცდილობდა დროებითი ზავის პირობების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთიდან განახლებული მიწოდების ათვისებას. გარდა ამისა, ნედლეულის მარაგების ზრდის ნიშნებიც დამატებით ხელს უწყობდა ნავთობზე ფასების კლებას.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუკი დიპლომატიურ პროცესს ექნება ხელშეწყობა და ვითარება დაძაბულობის ნაცვლად განმუხტვისკენ აიღებს გეზს, მიწოდების ჯაჭვში არსებული ხარვეზები ივლისის ბოლოსთვის უნდა აღმოიფხვრას, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ამ სცენარის რეალობად გადაქცევის შანსი ნაკლები ხდება - მით უმეტეს, თუ ვაშინგტონი ირანულ ნავთობზე შეზღუდვებს დააწესებს.
