კატეგორიები

უკრაინა და ევროკავშირი დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და ევროკავშირი დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ
მაშინ, როცა უკრაინა აქცენტს აკეთებს საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივ წარმოებაზე, რუსული აგრესიასთან საბრძოლველად და კრემლის მიერ დაწყებული ომის რუსეთის ტერიტორიაზე დასაბრუნებლად, თავდაცვის სფეროში კავშირების განმტკიცების მიზნით, ევროკომისიის პრეზიდენტი კიევს ეწვია.

უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც არის ევროკავშირის სამხედრო-სამრეწველო ბაზის გაერთიანება, ომის პირობებში, კიევის საბრძოლო გამოცდილებასთან.

საგულისხმოა, რომ დრონების წარმოების გაზრდასთან ერთად, შეთანხმებაში ჩაწერილია მნიშვნელოვანი პუნქტი. კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების შენახვა შესაძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთელ ტერიტორიაზე, რაც მათ ვეღარ აქცევს მოსკოვის სამიზნეებად.

ხელმოწერილ დოკუმენტში ნაგულისხმევია ევროკომისიის შემდგომი გეგმა, რომლის მიხედვითაც, გაფართოვდება შეთანხმება და დრონების გარდა, მოიცავს ბალისტიკური რაკეტებისა და ანტიბალისტიკური კომპლექსების წარმოებას, თუმცა ეს ჯერჯერობით შორეული მომავლის პერსპექტივაა.

„როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, დაგპირდით, რომ ევროპა თქვენს გვერდით იდგებოდა. ასევე დაგპირდით, რომ შეძლებისდაგვარად ხშირად ჩამოვიდოდი, რათა ეს სოლიდარობა პირადად გამომეხატა. მას შემდეგ დიდი გზა გავიარეთ. ეს უკვე ჩემი მეთერთმეტე ვიზიტია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან და ამ მოგზაურობებიდან არაერთი მომენტი სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება.

თითქმის ყოველდღე მახსენდება ბუჩაში ჩემი შემზარავი ვიზიტი, სადაც საკუთარი თვალით ვიხილე უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტებისა და სისასტიკის მასშტაბი. მახსენდება ისტორიით დამძიმებული ატმოსფერო ჰოსტომელის აეროპორტში, სადაც უკრაინელ გმირთა მცირე ჯგუფმა გადაარჩინა მთელი ქვეყანა და, შესაძლოა, მთელი კონტინენტიც კი. ასევე მახსენდება ევროპის დღის ემოციები წმინდა სოფიას ტაძრის წინ...

უკრაინელო ხალხო, თქვენ მხოლოდ საკუთარი მომავლისთვის კი არ იბრძვით, არამედ მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვისაც. თქვენი ჯარისკაცების სიმამაცემ ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლას შეუწყო ხელი არამხოლოდ საკუთარი სამშობლოს დაცვის მხრივ, არამედ იმ ღირებულებების დაცვის კუთხითაც, რომლებზეც ევროპაა აგებული“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის ეს კიევში მეორე ვიზიტია მიმდინარე წლის განმავლობაში, თუმცა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული.

განსხვავებით სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე ჩამოსვლისგან, ახლა უკრაინამ ბრძოლის ველზეც გარკვეულ უპირატესობას მიაღწია და რუსეთის სიღრმეებში განლაგებულ ნავთობგადამამუშავებელ თუ სხვა რუსულ სტრატეგიულ ობიექტებს, ფაქტობრივად, ყოველგვარი წინაღობის გარეშე ურტყამს, რამაც აგრესორ სახელმწიფოში უკვე გამოიწვია ნაწილობრივი ენერგოკრიზისი.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ლოგისტიკურ მონაკვეთებზე შედეგიანმა დარტყმებმა რუსეთი აიძულა, არმიის მომარაგების უფრო ნელ და ნაკლებად ეფექტურ გზებზე გადასულიყო. მათივე ცნობით, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან სახმელეთო კავშირი ან აღარ არსებობს ან ზედმეტად სახიფათოა, რაც კიევს აძლევს საშუალებას, დასახულ მიზნებს უფრო სწრაფად მიაღწიოს.

ამავდროულად, 24 თებერვლის შემდეგ, შესრულებულია ბრიუსელის დაპირება უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რისი დიდი ნაწილი სწორედ სამხედრო მიზნებისთვისაა განკუთვნილი. ამას ემატება კიდევ ერთი პოლიტიკური ფაქტორი - ერთი თვის შუალედით მეორედ, დამატებითი კლასტერების გახსნა ევროინტეგრაციის გზაზე.

მართალია, ბოლო პერიოდში კიევი ამგვარი მცირე წინსვლებით გადის ფონს, თუმცა, საგულისხმოა, რომ არც მოსკოვში მოქცეულა სრულად ჩრდილში. რუსული საოკუპაციო არმიის გაძლიერებული საჰაერო იერიშების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მიანიშნა ევროპელ და სხვა დასავლელ ლიდერებს, რომ საჭიროა მეტის გაკეთება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამ მიმართულებით მან იგულისხმა ხელშემწყობი ნაბიჯების გადადგმა კიევის სამხედრო პოტენციალის გასაზრდელად.

სხვადასხვა დასავლური სადაზვერვო მონაცემის მიხედვით, ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის გადასაფარად, მოსკოვი მიმართავს ჰიბრიდული ომის მეთოდებს, რაც მათ შორის მოიცავს NATO-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეებში დრონებით შეჭრას და ამ ფორმით არსებობს მცდელობა ან ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვების ან უკრაინის ევროპელი მოკავშირეების დაშინების.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა და ევროკავშირი დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ ოდესაზე განხორციელებულ რუსულ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა