კატეგორიები

ტრამპი ირანის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებით იმუქრება, თუ თეირანი დიპლომატიას არ დაუბრუნდება

ტრამპი ირანის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებით იმუქრება, თუ თეირანი დიპლომატიას არ დაუბრუნდება
დონალდ ტრამპი ირანს დაემუქრა ელექტროსადგურებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდების განადგურებით, თუკი ისლამური ქვეყანა არ დაუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას.

Fox News-თან საუბრისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანს ერთკვირიან ვადას აძლევს იმის გასააზრებლად, რა მოუვა მის ენერგოინფრასტრუქტურას, თუ უგულებელყოფილი იქნება ვაშინგტონის შეთავაზება.

„მე მათ შანსი მივეცი. მინდოდა, შანსი მიმეცა შეთანხმების დასადებად. ორი დღის წინ შეთანხმება უკვე გვქონდა - ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ უცებ ვეღარ შეძლეს მისი შესრულება. შეთანხმებაში რაღაც აღარ მოეწონათ და უარი თქვეს. შემდეგ კი მათ პირველებმა გახსნეს ცეცხლი და ეს დიდი შეცდომა იყო, რადგან მას შემდეგ ჩვენ მათ ძლიერად ვურტყამთ.

ძალიან რთული ხალხია. 47 წლის განმავლობაში ვიტანდით ამას.

თუ წარსულს გადახედავთ ყველაფერი იქიდან იწყება. ათასობით ადამიანი... ათასობით ამერიკელი დაიღუპა. ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა. ბევრი მათგანი დღეს დადის - ან საერთოდ ვეღარ დადის, იმდენად მძიმედ არიან დაშავებულები - ეს ყველაფერი ქასემ სოლეიმანის მიერ გამოყენებული ბომბების გამო, რასაც „გზისპირა ბომბს“ ეძახიან. უმეტესობა ასე მოიხსენიებს.

ეს ნამდვილი კატასტროფაა. მე კი ის ჩემი პირველი პრეზიდენტობის დროს გავანადგურე. ეს რომ არ გამეკეთებინა, შესაძლოა, დღეს სულ სხვა მდგომარეობა გვქონოდა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებებს ეწინააღმდეგება ისლამური ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა. თეირანში კატეგორიულად უარყოფენ მოლაპარაკებებზე უარის თქმას და დიპლომატიური პროცესისთვის ხელშეშლაში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებენ.

„ირანს არასდროს დაუტოვებია მოლაპარაკებების მაგიდას. ამერიკა იყო ის, რომელმაც გაანადგურა ისლამაბადის „ურთიერთგაგების მემორანდუმი“. ჩვენ მსგავსი არაფერი გაგვიკეთებია.

ის ფაქტი, რომ მათ სურთ ირანი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, არის მოთხოვნა, რომელიც არ შესრულდება. შეერთებული შტატების დანაშაულებრივი ქმედებების ფონზე, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ამერიკასთან. მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადმა.

„ისინი კვლავ ამგვარი რიტორიკით საუბრობენ. მაგრამ მიაღწიეს კი თავიანთ მიზნებს ადგილზე? მათ, ვისაც ირანის დანაწევრება სურდა, რას მიაღწიეს? ჩვენ საქმით ვპასუხობთ და ვიცავთ იმას, რისიც გვჯერა - ჩვენი მიწის ყოველ გოჯს. უხეში ენა, რომელსაც ისინი იყენებენ, მათ უფრო შეეფერებათ, ვიდრე ჩვენ.

უპირველეს ყოვლისა, ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს. ნებისმიერი სიტყვა ან განცხადება, რომელიც საზოგადოებაში განხეთქილებას იწვევს, ჩვენს ძალას ასუსტებს“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა.

ურთიერთბრალდებების ფონზე ყოველი ღამე სპარსეთის ყურის რეგიონში მასირებული ურთიერთიერიშების ფონზე გადის. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა და ფლოტმა მორიგ ჯერზე ძლიერად დაარტყეს ირანის სამხრეთ სანაპიროსა და თეირანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კუნძულებს, სადაც მისი ნავთობინფრასტრუქტურაა განლაგებული. ბოლო იერიშებისას, ირანის ჯანდაცვის უწყება, 260-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება.

პასუხი არ დააყოვნა ისლამურმა ქვეყანამაც და, „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, სამიზნეში ამოიღეს ბაჰრეინში მდებარე ამერიკის მეხუთე ფლოტის ობიექტები და სამეთაური პუნქტები, ასევე სამხედრო ინფრასტრუქტურა ქუვეითსა და იორდანიაში.

ყველა ამ დარტყმას თეირანი უწოდებს „ლეგიტიმურ სამიზნეს“, რადგან, მათი თქმით, მოწინააღმდეგის ეს ბაზები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ირანის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს.

სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში აცხადებენ, რომ შეძლეს ზოგიერთი ირანული რაკეტის ჩამოგდება, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

რეგიონში ვითარება კიდევ უფრო მეტად გაამწვავა 14 ივლისს დონალდ ტრამპის მიერ ისლამური ქვეყნის პორტებისთვის დაწესებულმა ბლოკადამ და ამერიკული სამხედრო ძალების მიზანმა, გააკონტროლონ ჰორმუზის სრუტეში ხომალდების გადაადგილება.

შტატების პრეზიდენტის თქმით, იერიშებთან კომბინაციით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ზომაა.

დაკავშირებული ამბები
„ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის არის მზად“ - აცხადებს ნეთანიაჰუ ტრამპი ირანის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებით იმუქრება, თუ თეირანი დიპლომატიას არ დაუბრუნდება