კატეგორიები

რუმინეთში მდინარე დუნაის წყლის დონე კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა

რუმინეთში მდინარე დუნაის წყლის დონე კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა
ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველაზე გრძელი მდინარე დუნაი წყლის ნაკლებობას განიცდის. კრიტიკულად დაბალი ნიშნულის გამო, რუმინეთის სამხეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბეკეტში პრობლემები შეექმნა სოფლის მეურნეობისა და სატრანსპორტო სექტორებს, ამ მარშრუტით ბულგარეთისკენ მოძრავ მცირე ნავებსა და გემებს ალტერნატიული გზების ძიება უწევთ.

„მდინარე დუნაიზე მოძრაობა შეჩერებულია და არ ვიცით, როდის განახლდება. ყოველწლიურად აქ დასავლეთიდან საკრუიზო ლაინერები ჩამოდიან, წელს კი მათ სერიოზული პრობლემები შეექმნათ - მათ არ შეუძლიათ დანიშნულების პუნქტამდე მიღწევა“, - ამბობს Euronews-სთან საუბრისას, კონსტანტინ იონელე, ადგილობრივი.

განსხვავებით საკრუიზო ლაინერებისა, საარსებოდ ალტერნატიული გზების გამონახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია ფერმერებისთვის, რომლებიც მოსავლის გარეშე რჩებიან. წყლის ნაკლებობასთან ერთად, რუმინეთის ეს ნაწილი ნალექების ნაკლებობასაც უჩივის, ამიტომ აგროსექტორში მომუშავეთა თქმით, თუკი მათ ამინდი მაინც არ შეუწყობს ხელს, გვალვა ყველა მცენარეს შეიწირავს.

„დუნაიში წყლის დაბალი დონეა. წყალი არ გვყოფნის. ახლა თითოეული ცენტის დათვლა მოგვიწევს, რადგან ფულიც აღარ გვაქვს“, - ამბობს კონსტანტინ იანკუ, ფერმერი.

ჰიდროლოგებს დამაიმედებელი პროგნოზები არ აქვთ. მათი თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში მდინარე დუნაიში წყლის დონე მხოლოდ კლებას განაგრძობს, ხოლო უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა ამ დანაკლისის შევსებას ვერ უზრუნველყოფს, ასეთ მდგომარეობაში კი სატუმბი სადგურების მუშაობა შეუძლებელია.

სპეციალისტები შექმნილ მდგომარეობას ევროპის მასშტაბით ძლიერ სითბურ ტალღას უკავშირებენ, რომელიც მაისში დაიწყო და გარკვეული პერიოდულობით, უკვე მესამე თვეა, გრძელდება.

დაკავშირებული ამბები
რუმინეთში მდინარე დუნაის წყლის დონე კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა რუმინეთში, კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა