ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარების მორიგი ესკალაციისა და ხანმოკლე მყიფე მშვიდობის შემდეგ, კვლავ ყოველდღიურობადქცეული ურთიერთიერიშების ფონზე, ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის სრულმასშტაბიანი ომის განახლებისთვის.
ბენიამიან ნეთანიაჰუს კონკრეტული დეტალების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა ირანის ლიდერები გააფრთხილა მოსალოდნელი შედეგების შესახებ, თუკი ისლამური ქვეყანა კვლავ განაგრძობს მასირებულ დარტყმებს და არ დაუბრუნდება კონსტრუქციულ ფორმატს.
„ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია და ამას ირანის ლიდერებს ვეტყვი: ნუ გექნებათ გათვლა, რომ ყველაფერი მშვიდად იქნება, თუ თავს დაგვესხმებით. ნუ გექნებათ იმედი, რომ ეს ისევ ისე განმეორდება, რადგან ეს უბრალოდ განმეორება არ იქნება. წინა პასუხიც საკმარისად ძლიერი იყო, მაგრამ შემდეგი სრულიად განსხვავებული და გაცილებით უფრო მძლავრი იქნება.
დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენთვის დაერტყა და საპასუხოდ გამანადგურებელი დარტყმა არ მიეღო. ასე მოვექეცით ირანში არსებულ „ბოროტების ღერძს“ და ასე მოვექცევით ყველას, ვინც ზიანს მოგვაყენებს. სწორედ ასე ვმოქმედებთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ირანისა და ლიბანის მიმართ ისრაელის მთავრობის შედარებით ხისტი პოზიციის გამო, „ურთიერთგაგების მემორანდუმმა“ ვაშინგტონსა და თელ-ავივს შორის გარკვეული უთანხმოება გამოიწვია.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი სამხედრო თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რის გამოც ურთიერთობებში ბზარი გაჩნდა ისეთ მოკავშირეებს შორის, რომლებიც, უკვე წლებია, როგორც წესი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ მოქმედებენ.
ასე იყო 28 თებერვალსაც, როდესაც ორმა ქვეყანამ ისლამური ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა.
ახლო აღმოსავლეთში მოვლენათა ამჟამინდელი განვითარებისა და ირანისადმი დონალდ ტრამპის რიტორიკის გათვალისწინებით, სავარაუდოა, ეს ყველაფერი გახდეს ვაშინგტონსა და თელ-ავივს შორის უთანხმოებების აღმოფხვრისა და ურთიერთობების კვლავ ნორმალიზების საკმარისი საფუძველი.
