რეკორდული რაოდენობის, თითქმის 6 700 სამხედრო, 98 ავიაგამანადგურებელი, 31 ვერტმფრენი და 315 ერთეული ტექნიკა - ტრადიციული მარშრუტით ტრიუმფალური თაღიდან კონკორდის მოედნამდე, საფრანგეთმა ეროვნული დღესასწაული, ბასტილიის დღე, ტრადიციულად, პომპეზურად აღნიშნა, რითაც მორიგ ჯერზე მკაფიოდ გამოავლინა საკუთარი სამხედრო ძალა და მოკავშირეებთან ერთიანობა.
საზეიმო აღლუმში ფრანგი ჯარისკაცების გარდა, მონაწილეობა მიიღეს მოკავშირე სახელმწიფოების სამხედრო დანაყოფებმა, ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლებმა, მათ შორის, სიმბოლურად, 25-მა მათგანმა ომში მყოფი უკრაინიდან.
თავთავიანთი შეიარაღებული ძალების მარშირებას პარიზის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი ტრიბუნებიდან თვალს ადევნებდნენ საფრანგეთის პარტნიორი სახელმწიფოების, ასევე ნატოსა და ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის, საპატიო სტუმრის სტატუსით, უკრაინის პრეზიდენტი და ქვეყნის პირველი ლედი.
მთავრობათა მეთაურების დიდი ნაწილი პარიზში 13 ივლისს, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე ჩავიდა.
პრეზიდენტის რანგში, ემანუელ მაკრონისთვის ბოლო სამხედრო აღლუმი უნდა ყოფილიყო ნათელი დემონსტრირება იმისა, რა და როგორ შეიცვალა საფრანგეთის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, მისი ლიდერობისას, ასევე რამდენად ერთიანი და მძლავრია ევროპა მტრული ძალების წინაშე, მით უმეტეს მაშინ, როცა NATO-ს სამიტზე გაიცა დაპირება, რომ კონტინენტი შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ერთი დღით ადრე, 13 ივლისს, საფრანგეთის შეიარაღებული ძალებისადმი მიმართვისას, ემანუელ მაკრონმა გაიხსენა 9 წლისწინანდელი დაპირება, თავდაცვის სფეროში გარდამტეხი ცვლილებების შესახებ - იმ დროს, როცა არც მოსახლეობას და არც ბევრ ჯარისკაცს არ ჰქონდა უკეთესო მდგომარეობის იმედი.
მისი თქმით, სისრულეშია მოყვანილი 2017 წელს გაკეთებული განცხადება, როცა საზოგადოებამ მას პრეზიდენტის მანდატი მიანიჭა, რომლის მიხედვითაც „საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, აღებული ვალდებულებები შესრულდებოდა, ხოლო შეიარაღების ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მიაღწევდა“.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, გეოპოლიტიკური მდგომარეობაც და პარიზის ამჟამინდელი შესაძლებლობებიც იძლევა უფრო სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედების საშუალებას და იმ გეგმის დროზე ადრე შესრულებას, რომელიც 2030 წლისთვისაა დასახული - ანუ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის გაზრდა 64 მილიარდ ევრომდე, რაც, მარტივი სიტყვებით - 10 წელიწადში თანხების გაორმაგებას ნიშნავს.
გარდა საზეიმო ღონისძიებებისა 14 ივლისი საფრანგეთისთვის გლოვის დღეც არის. 10 წლის წინ, ქალაქ ნიცაში ბასტილიის დღის აღნიშვნისას, სატვირთო მანქანის მძღოლი ხალხის ნაკადში შევარდა, რის შედეგადაც 86 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარი ტერორისტულ აქტად არის შეფასებული.
