კატეგორიები

მაკრონის თქმით, „საფრანგეთი და ევროპა მზად არიან, თავისუფლება სისხლის ფასადაც კი დაიცვან“

მაკრონის თქმით, „საფრანგეთი და ევროპა მზად არიან, თავისუფლება სისხლის ფასადაც კი დაიცვან“
აუცილებლობის შემთხვევაში, პარიზი აცხადებს, რომ საფრანგეთიც და ევროპაც მზად არიან, თავისუფლება და ღირებულებები სისხლის ფასადაც კი დაიცვან.

ქვეყნის შეიარაღებული ძალებისადმი, პრეზიდენტის რანგში, ბოლო მიმართვისას ემანუელ მაკრონმა გაიხსენა 9 წლისწინანდელი დაპირება, თავდაცვის სფეროში გარდამტეხი ცვლილებების შესახებ - იმ დროს, როცა არც მოსახლეობას და არც ბევრ ჯარისკაცს არ ჰქონდა უკეთესო მდგომარეობის იმედი.

მისი თქმით, სისრულეშია მოყვანილი 2017 წელს გაკეთებული განცხადება, როცა საზოგადოებამ პრეზიდენტის მანდატი მიანიჭა, რომლის მიხედვითაც „საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, აღებული ვალდებულებები შესრულდებოდა, ხოლო შეიარაღების ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მიაღწევდა“.

„გზავნილი, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს ვუგზავნით, შემდეგია: დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანია. დიახ, ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებასა და უფლებებს და, დიახ, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ მათ დასაცავად, აუცილებლობის შემთხვევაში, სისხლის ფასადაც კი.

საფრანგეთი საიმედო და სტაბილური პარტნიორია, რომელიც საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს და თანმიმდევრულ პოზიციას ინარჩუნებს - არამეომარ მხარედ რჩება იმ კონფლიქტებში, რომლებიც თავად არ აურჩევია.

ეს არის საერთაშორისო სამართლის, თავისუფლებისა და, მათ შორის, ნაოსნობის თავისუფლების პატივისცემის პოზიცია. სწორედ ამ თავისუფლების დაცვას აპირებს საფრანგეთი ჰორმუზის სრუტეში.

ევროპა ძალად ყალიბდება - ძალად, რომელიც მის შემადგენელ სახელმწიფოებს ეყრდნობა, პატივს სცემს მათ სუვერენულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ამავე დროს საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას საკუთარი თავი და იმოქმედოს როგორც ერთიანმა ძალამ.

ეს იქნება ევროპა, რომელიც აღარ იქნება ნაციონალიზმის ტყვე - იმ ნაციონალიზმის, რომელმაც ის დიდი ხნის განმავლობაში დაასუსტა. პირიქით, მისი წევრი სახელმწიფოების პატრიოტიზმის გაერთიანებითა და ერთიანად მოქმედებით, ჩვენ ყველანი უფრო ძლიერები ვხდებით“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 13 ივლისს.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, გეოპოლიტიკური მდგომარეობაც და პარიზის ამჟამინდელი შესაძლებლობებიც იძლევა უფრო სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედების საშუალებას და იმ გეგმის დროზე ადრე შესრულებას, რომელიც 2030 წლისთვისაა დასახული - ანუ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის გაზრდა 64 მილიარდ ევრომდე, რაც, მარტივი სიტყვებით - 10 წელიწადში თანხების გაორმაგებას ნიშნავს.  

დაკავშირებული ამბები
მაკრონის თქმით, „საფრანგეთი და ევროპა მზად არიან, თავისუფლება სისხლის ფასადაც კი დაიცვან“ მარინ ლე პენი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს