კატეგორიები

ბრიუსელმა კიევს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო კიდევ ერთი კლასტერი გაუხსნა

ბრიუსელმა კიევს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო კიდევ ერთი კლასტერი გაუხსნა
პოლიტიკურად მორიგი მნიშვნელოვანი დღე უკრაინისთვის, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე - გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნიდან 1 თვის თავზე, ბრიუსელმა კიევი კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილება ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.

„ჩვენთვის მე-6 კლასტერის გახსნა კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა დღევანდელ მსოფლიოში.

რუსეთი ყოველთვის ცდილობს შური იძიოს და ჩვენი ევროკავშირში გაწევრების გზაზე მიღწეული დადებითი ამბები ახალი თავდასხმებით გადაფაროს. ასე მოხდა გასულ ღამესაც, როდესაც ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს.

სწორედ ამიტომ, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დღეს კიდევ ერთხელ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ ევროპა ერთიანია. ევროპა ერთიანად დგას უკრაინის გვერდით. ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და მიზანს მივაღწევთ“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ.

„უკრაინა გადის ღრმა გარდაქმნის პროცესს, თანაც წარმოუდგენლად მძიმე პირობებში. გასულ თვეს გავხსენით პირველი კლასტერი, რომელიც მოიცავს უკრაინის რეფორმების დღის წესრიგს -დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერებას, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობას, ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გაძლიერებას.

დღეს კი ვხსნით მე-6 კლასტერს. ეს კლასტერი მოიცავს საგარეო ურთიერთობებს, ასევე ჩვენს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას. ამ მიმართულებებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრების საფუძველი განსაკუთრებით მტკიცეა“, - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.

უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხმა ჩიხური მდგომარეობა დაძლია უნგრეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ვიქტორ ორბანის მთავრობამ რამდენჯერმე დააყოვნა კიევის ევროკავშირში გაწევრების მოთხოვნა ბრალდებების გამო, თითქოს უკრაინის ხელისუფლება უხეშად ეპყრობოდა ქვეყნის დასავლეთით მცხოვრებ უნგრულ ეთნიკურ უმცირესობებს. ეს საკითხი პიტერ მადიარის მთავრობაში მოსვლის შემდეგ ამოიწურა.

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის სახელმწიფო მინისტრის, ტომას ბირნის თქმით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა დააჩქაროს მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა ალბანეთისა და მონტენეგროსთვის.

ევროინტეგრაციის გზაზე, ტირანასთვის გარკვეულწილად შემაფერხებელი, შესაძლოა, აღმოჩნდეს დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული სამშენებლო პროექტი და მის ირგვლივ მზარდი სახალხო პროტესტი.

კანდიდატებს შორის ყველაზე წარმატებულია პოდგორიცა. მონტენეგრო, შესაძლოა, 2028 წლის ბოლომდე გახდეს ევროგაერთიანების 28-ე წევრი.

დაკავშირებული ამბები
ბრიუსელმა კიევს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო კიდევ ერთი კლასტერი გაუხსნა „ანტიბალისტიკური კოალიცია“ უკრაინის მხარდასაჭერად