კატეგორიები

„ანტიბალისტიკური კოალიცია“ უკრაინის მხარდასაჭერად

„ანტიბალისტიკური კოალიცია“ უკრაინის მხარდასაჭერად
„მსურველთა კოალიციიდან“ „ანტიბალისტიკურ კოალიციამდე“ - რუსული აგრესიისგან კონტინენტის დასაცავად, პარიზში უკრაინა და ევროპის კიდევ 9 ქვეყანა შეთანხმდა ახალი გაერთიანების ჩამოყალიბებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ახალი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და არსებულის გაძლიერებას.

ვიდრე მოსკოვი ამ ნაბიჯს შეაფასებდეს როგორც ევროპელთა მხრიდან მისთვის ომის გამოცხადებას ან პროვოკაციას, მიღებული დეკლრაცია ნათლად განმარტავს, რომ კოალიცია მხოლოდ მტრული სახელმწიფოებისგან სამომავლო სარაკეტო საფრთხეების შეკავებასა და განეიტრალებაზეა ორიენტირებული.

ამ გაერთიანებაში კიევის მოკავშირეები აღმოჩნდნენ საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, ნორვეგია და დანია, შესაბამის შეთანხმებას კი ხელი მოეწერა პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ მორიგ შეხვედრაზე, სადაც ომში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერად მისი პარტნიორი 30-მდე სახელმწიფოს, ასევე ნატოსა და ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ. მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას, კიევს დაეხმარონ უკრაინული ანტიბალისტიკური სისტემის, FREYA-ს შექმნაში, რომელზეც ცოტა ხნით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.

„ყველანი ხედავთ იმ საფრთხეს, რომელსაც ბალისტიკური რაკეტები დღეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში წარმოადგენს. ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები რუსეთისთვის ამ სისხლიანი ომის გახანგრძლივების უკანასკნელ იმედად და საშუალებად იქცა...
მომდევნო 12 თვის განმავლობაში, ერთად შეგვიძლია, ახალი რაკეტისა და ამ სისტემის მასობრივი წარმოება უზრუნველვყოთ, ანუ FREY-ი ისეთი მასშტაბით ვაწარმოოთ, რომ არსებული დეფიციტი აღმოიფხვრას.

ეს იქნება შედარებით იაფი გადაწყვეტა, რომელიც ევროპას საშუალებას მისცემს, საკუთარი საჭიროებისთვის საკმარისი რაოდენობის ახალი ანტისაბალისტიკური სისტემები ჰქონდეს, ხოლო მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც დაცვა სჭირდებათ, ასეთი სისტემები საკმარისი რაოდენობით მიაწოდოს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პარიზში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტს საფრანგეთის ლიდერმა, ემანუელ მაკრონმა „თავისუფლების ჯილდო“ გადასცა. გაიმართა სახელმწიფოთა მეთაურების პირისპირი შეხვედრაც, რომელიც მხარეთა ცნობით, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული იყო.

„უკრაინას გადაუდებელი საჭიროებები აქვს, განსაკუთრებით ანტიბალისტიკური თავდაცვის მიმართულებით. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ამ ძალისხმევის ნაწილია...

პირველ რიგში, უკრაინისთვის იმ შესაძლებლობების მიწოდების გაგრძელებით, რომლებიც აუცილებელია მისი საჰაერო სივრცის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

მეორე მხრივ, ახალი შესაძლებლობების ლიცენზირებული წარმოების ნებართვის გაცემით. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე განაცხადა, ეს შეეხება Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი ჩამჭრელი რაკეტების წარმოებას. იგივე გადაწყვეტილება მივიღეთ იტალიასთან ერთად განვითარებული სისტემებისთვის განკუთვნილი Aster-ის ტიპის რაკეტებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

პარიზის შეხვედრას დაესწრო გაერთიანებული სამეფოს მიმავალი პრემიერ-მინისტრიც, რომლის თქმითაც, ლონდონიც გაიღებს საკუთარ წვლილს ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ფარგლებში.

„ახლა პუტინი თავდაცვით მდგომარეობაშია. ის კვლავ შეეცდება ჩვენს დაშინებას - ესკალაციაზე საუბრითა და ჰიბრიდული თავდასხმების გაძლიერებით... ამიტომ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დაპირისპირებას არ ვესწრაფვით, მსგავსი ტაქტიკა ვერ შეგვაჩერებს უკრაინის მხარდაჭერაში. როგორც იცით, ეს იყო ჩემი ბოლო შეხვედრა „მსურველთა კოალიციის“ ფორმატში. ამიტომ, დღევანდელი შეხვედრით ვისარგებლე, რათა მადლობა გადამეხადა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, რომლებთან ერთადაც ამაყად ვიდექი უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სავარაუდო მემკვიდრეს, ენდი ბერნჰემს უკვე აქვს ნათქვამი, რომ ლონდონი კიევისადმი მხარდაჭერას არ შეამცირებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა პარტნიორებს შორის ურთიერთობა ისეთივე, როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ჯერ კიდევ მოქმედი მეთაურის მმართველობისას.

„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას ყურადღებით აკვირდბენოდნენ მოსკოვში, საიდანაც ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა გააკეთა განცხადება და ლიდერების შეკრებას უწოდა „ომის წამქეზებელთა კოალიცია, რომელსაც ომის გაგრძელება სურს“.

დაკავშირებული ამბები
„ანტიბალისტიკური კოალიცია“ უკრაინის მხარდასაჭერად მოსკოვი კიევს გაორმაგებული პასუხით ემუქრება