ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამთენიისას ირანის ტერიტორიაზე იერიშები კვლავ მიიტანა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომ შეთანხმების მიღწევა „კვლავაც შესაძლებელია“, ვითარება მწვავდება და სამხედრო დარტყმების უკვე ზედიზედ მესამე დღეა.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა პლატფორმა X-ზე წერს, რომ მისმა ძალებმა „წარმატებით დაარტყეს სამხედრო სამიზნეებს ირანის მასშტაბით, მათ შორის ბუშერში, ჩაბაჰარში, ჯასკში, კონარაკში, აბუ მუსასა და ბანდარ-აბასში“. მათივე ცნობით, ოპერაცია ხუთ საათს გაგრძელდა.
ახალი დარტყმების შესახებ გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში ტრამპმა მათ „კიდევ ერთი მასშტაბური შეტევა“ უწოდა.
„ძალიან ძლიერად ვურტყამთ. ეს გაგრძელდება და ვნახავთ, რა მოხდება,“ - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.
„ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. მათი სამხედრო ძალები გავანადგურეთ. ძალიან ძლიერად ვურტყამთ. გუშინ, ან გუშინწინ, შეთანხმება გვქონდა - ყველაფერი დასრულებული იყო. მაგრამ შემდეგ მათ ეს შეთანხმება დაუყოვნებლივ ჩაშალეს, რადგან აღმოაჩინეს, რომ მასში რაღაც ისეთი იყო, რაც არ მოეწონათ. ისინი სხვანაირად აზროვნებენ და ამას არ შევეგუებით. ჩვენ უბრალოდ წინ მივიწევთ. დღეს ღამით ვუტევთ. ვანადგურებთ მათ ყველა შესაძლებლობას, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, საბოლოოდ სრულად ჩვენ გავაკონტოლებთ. რასაც ისინი აკეთებენ, დიდი უგუნურებაა, დიდი სუსულელეა. ასევე, ხალხს საშინლად ექცეოდნენ“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
კითხვას, მივიდა თუ არა დასკვნამდე, რომ ირანთანმოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია, დონალდ ტრამომა ასეთის პასუხი გასცა:
„არა, ასეთ დასკვნამდე არასდროს მივსულვარ. მაგრამ, როგორც იცით, ამ ღამით მათ ძალიან ძლიერად ვურტყამთ. ჩვენ უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა გვაქვს. იმდენი, რამდენიც წლებია არ გვქონია. და მათ ძალიან ძლიერად ვურტყამთ. ეს გაგრძელდება და ვნახავთ, რა მოხდება. მაგრამ მათ ყველა შეტევით შესაძლებლობას ვანადგურებთ. ჩვენ ვაკონტროლებთ სრუტეებს და ბლოკადას ხელახლა ვაწესებთ, რომელიც არავის ეხება, გარდა ირანისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინც ირანთან თანამშრომლობს, სრუტეში ვერ გაივლის. ყველა დანარჩენი გავლას შეძლებს. ეს ძალიან მკაცრი ბლოკადაა. ალბათ ბლოკადადარტყმებზე უფრო ეფექტურიც კი იყო, მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ამ ორის კომბინაცია იძლევა შედეგს“.
ამერიკულ იერიშებს ირანმა ბაჰრეინზე დარტყმებით უპასუხა. ამასთან, შეუტიეს ჰორმუზის სრუტეში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დაკავშირებულ ორ ტანკერსაც.
როგორც აბუ-დაბიში გამთებიისას განაცხადეს, თავდასხმის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, რვა კი დაშავდა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ტანკერებზე თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ გემებმა „არაერთი გაფრთხილება უგულებელყვეს“.
მათვე განაცხადეს, რომ რაკეტებითა და დრონებით ბაჰრეინში არსებულ სამიზნეებზეც მიიტანეს დარტყმები.
