27 ოქტომბერს ისრაელის მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება - ქვეყნის მართვის სადავეები ისევ ბენიამინ ნეთანიაჰუს ანდოს თუ აირჩიოს ახალი გზა ახალ ლიდერთან ერთად.
მოახლოებული კენჭისყრა მოქმედი პრემიერ-მინისტრისთვის ნამდვილი გამოცდაა და ერთგვარ რეფერენდუმად ფასდება 2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყებისა და არაერთი სადავო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მემარჯვენე კოალიციისგან შემდგარი ნეთანიაჰუს ხელისუფლება ჩქარობს რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, ალიანსის გაძლიერებასა და არჩევნების დღემდე უფრო დიდი გავლენებით მისვლას.
ამ ნაბიჯებისთვის მიმართვა არსებულ ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება, რადგან მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრის მთავარი მეტოქე ბენიამინ ნეთანიაჰუს ომის კაბინეტის ყოფილი წევრი გადი ეისენკოტი იქნება.
საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების თანახმად, ცენტრისტი პოლიტიკოსი მაღალი ნდობით სარგებლობს. წინასაარჩევნო კამპანია მან ივნისის ბოლოსკენ დაიწყო, თანაც მოქმედი ხელისუფლების ქმედებების კრიტიკითა და სახელმწიფოებრივად არასწორ ნაბიჯებზე მითითებით, რაც, როგორც ამბობს, ისრაელს საერთაშორისო არენაზე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
პოლიტოლოგების ვარაუდით, სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს გუნდისადმი გადი ეისენკოტის კრიტიკას საზოგადოების უფრო ფართო წრეები დაიჯერებენ, რადგან ის სისტემას შიგნიდან და საფუძვლიანად იცნობს.
ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს ეისენკოტი 2023 წლის 7 ოქტომბრის, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ ორგანიზებული თავდასხმების შემდეგ სტრატეგიულად არაკომპეტენტური და დამაზიანებელი პოლიტიკის გატარებაში ღიად ადანაშაულებს. მკაცრად ითხოვს დამოუკიდებელი კომისიის შექმნას, რათა პასუხები გაეცეს დაზვერვით და სამხედრო ჩავარდნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუს ოპონენტი ემხრობა ისრაელის სამხედრო ოპერაციებს როგორც ღაზაში, ისე ლიბანსა და ირანში, მისი შეფასებით, ყველა ამ წერტილში საბრძოლო მოქმედებები, გრძელვადიანი გეგმის არსებობის გარეშე, თელ-ავივს კარგს არაფერს მოუტანდა, ომი კი უნდა იყოს მხოლოდ უსაფრთხოების მიღწევის ინსტრუმენტი და არა მიზანი.
საგულისხმოა, რომ მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ნდობისა, ეს მას მაინც არ აძლევს პრემიერ-მინისტრობის გარანტიას. დანაწევრებული მრავალპარტიული სისტემის გამო, ისრაელში ამ თანამდებობაზე მყოფი პირები იშვიათად ახერხებენ 4-წლიანი უფლებამოსილების ბოლომდე შესრულებას.
მიუხედავად ბენიამინ ნეთანიაჰუსადმი სკეპტიკური განწყობებისა, მის ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება ფართო კოალიციის ჩამოყალიბება პოსტიდან მის გადასაყენებლად, თანაც იმ დროს, როცა პოლიტიკური პარტიების ნაწილი სრულად ეხმრობა ისრაელის სამხედრო ოპერაციების ამჟამინდელი ფორმით გაგრძელებას როგორც ლიბანში, ისე ღაზაში.
