იქნება თუ არა ალპები ევროპაში წყლის მარაგის ამოუწურავი რეზერვუარი? პროექტ ვოტერვაიზის Waterwise ფარგლებში ალპების მწვერვალების მიმდებარე მთელ ტერიტორიაზე უპრეცედენტო რაოდენობის მონაცემს აგროვებენ, რათა უკეთ გაიგონ, რა შესაძლო პრობლემები შეიძლება წარმოიშვას იმ ნაკადულების შემკრებ აუზში, რომლებიც დიდ მდინარეებს კვებავენ.
ისევ იქნება თუ არა ალპები ევროპაში წყლის მთავარი რეზერვუარი? მეცნიერები პასუხის პოვნას საფრანგეთში, ლე-კონტამინ-მონჟუას ბუნებრივ ნაკრძალში ცდილობენ. ევროპული პროექტის Waterwise-ის ფარგლებში მკვლევრები „სათავეების შემკრები“ აუზის მდგომარეობას სწავლობენ - რომელიც მაღალი მთებიდან ჩამდინარე იმ ნაკადულებისგან შედგება, ევროპის კონტინენტის ყველაზე დიდ მდინარეებს რომ კვებავენ.
"ჩვენ ვაგროვებთ არსებულ მონაცემებს, ასევე ისეთ მონაცემებს, რომლებიც ზოგჯერ აკლია საერთო სურათს და შემდეგ ამ ყველაფრის საფუძველზე გაიმართება დისკუსია ამ საპილოტე ტერიტორით დაინტერესებულ მხარეებს შორის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ადგილები მომავალშიც საცხოვრებლად ვარგისი იქნება,“ - ამბობს სოლენე პინიარდი, Waterwise-ის მკვლევარი საფრანგეთის ეროვნული ბუნებრივი ნაკრძალის მხრიდან.
მთის ნაკადული, რომელზეც მონბლანის ცნობილი მარშრუტი გადის, მრავალმხრივ ზეწოლას განიცდის - მასზე გავლენას ახდენს ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და თან იმ მთის მასივში მიედინება, სადაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ უფრო სწრაფად მიდის დათბობის პროცესი.
"მხოლოდ ისეთი ადგილის დაცვა შეგვიძლია, რომელსაც კარგად ვიცნობთ,“ - განმარტავს ჟოფრეი გარსელი, ლე-კონტამინ-მონჟუას ბუნებრივი ნაკრძალის ზედამხედველი. „Waterwise-ის მსგავსი პროექტის მთავრი აზრი ის არის, რომ გავაფართოოთ ცოდნის არეალი და, შესაბამისად, დაცვის ხარისხიც გაიზრდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მთა საერთოა და წყალი მთავარი ფაქტორი იქნება ამ საზიარო სივრცეში“.
აქ აგროვებენ კლიმატის, ჰიდროლოგიის, ბიომრავალფეროვანებისა და სოციო-ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციას: Waterwise-ი თავს უყრის მრავალფეროვან ინფორმაციას, რომელსაც ერთიანი ციფრული პლატფორმის მეშვეობით ერთმანეთს უზიარებენ. მაგალითად, ადგილობრივი საზოგადოება და ოფიციალური პირები შესაძლოა დააკვირდნენ მდინარის ნაკადსა და წყლის სიჯანსაღეს, რათა შეიმუშაონ ადაპტაციის სტრატეგიები.
"ჩვენ კლიმატის ცვლილების გავლენას განვიციდით, სულ უფრო მეტი წყალი გვჭირდება და სულ უფრო ხშირია ექსტრემალური მოვლენები,“ - ამბობს მარკუს ნოაკი, კარლსრუეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი. „აშკარაა, რომ მკვეთრად იზრდება ისეთი დღეების რაოდენობა, როდესაც მდინარეში წყლის დონე იკლებს. ვმუშაობთ ისეთ ჰიდროლოგიურ და სოციო-ეკონომიკურ მოდელებზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ, წინასწარ განვსაზღვროთ, თუ როგორ შეიცვლება წყლის რაოდენობა ან წყალზე მოთხოვნა მომავალში სხვადასხვა კლიმატური სცენარის პირობებში“.
პროექტ Waterwise-ის მთლიანი ბიუჯეტი 2.7 მილიონი ევროა, რომლის 60%-იც ევროკავშირის თანადაფინანსებაა. ამ პროექტში 12 პარტნიორია ჩართულია ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და სლოვენია.
ავტორი: სირილ ფურნერისი
