„უკრაინა საკუთარ პოლიტიკურ სტრატეგიას ცვლის“ - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ პოსტით ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზოგადოებას აცნობა, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში მასშტაბური საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც დაინიშნება ახალი პრემიერ-მინისტრი და ჩამოყალიბდება მინისტრთა ახალი კაბინეტი.
ჯერჯერობით უცნობია იმ მაღალჩინოსანთა სრული სია, ვინც დარჩება მინისტრის პორტფელის გარეშე, თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ თანამდებობიდან მიდის იულია სვირიდენკო - მთავრობის მოქმედი მეთაური, რომელიც ამ პოსტს უკვე ერთი წელია უძღვება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიღო და მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის, ხოლო მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვალა კიევის ის პრიორიტეტები, რომლებიც მომდევნო თვეების განმავლობაშია დასახული.
„საგარეო პოლიტიკის თითოეული პრიორიტეტული მიმართულება დაევალება კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც აქვს სერიოზული გამოცდილება და შეუძლია იმ გადაწყვეტილებების განხორციელება, რომლებზეც ლიდერების დონეზე ვთანხმდებით და რასაც უკრაინელი ხალხი ელოდება.
ამ მიმართულებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: შეერთებული შტატები და ჩვენი შეთანხმებები Patriot-ის სისტემების წარმოების ლიცენზიებთან დაკავშირებით, ასევე უსაფრთხოების სფეროში სხვა ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც უნდა გადაიქცეს კონკრეტულ სარგებლად როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე უკრაინული და ამერიკული კომპანიებისთვის...
მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს მუშაობა უკრაინის ფრონტისპირა და სასაზღვრო რეგიონებში, რომლებიც ყოველდღიურად ექცევა რუსეთის თავდასხმების ქვეშ. ველი, რომ გაიზრდება ჩვენი არმიისთვის საჭირო შეიარაღების მიწოდება, მათ შორის ყველა ტიპის დრონების.
ზამთრისთვის მზადება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უკრაინა მზად უნდა იყოს ნებისმიერი საფრთხისთვის, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას. უნდა დაჩქარდეს სახელმწიფო კომპანიების გარდაქმნა, რადგან სწორედ მათზეა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული უკრაინის მდგრადობა. ასევე განსაკუთრებულ და მიზანმიმართულ ყურადღებას საჭიროებს უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებით პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმებების განხორციელება.
მადლობელი ვარ იულიასი მისი მკაფიო, სტაბილური და ეფექტიანი მუშაობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ასევე უკრაინის გუნდისთვის მრავალწლიანი ნაყოფიერი სამსახურისთვის. მე მას შევთავაზე შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ახალ და მნიშვნელოვან მიმართულებას ჩვენს ურთიერთობებში ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მინიჭებული ნდობის მანდატისთვის მადლიერია თავად იულია სვირიდენკოც, რომელიც გამორიცხავს უთანხმოებას უკრაინის პრეზიდენტთან და მიიჩნევს, რომ ომში მყოფი ქვეყნის გასაძლიერებლად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთელი ძალისა და რესურსების გაერთიანება.
„ვამაყობ, რომ მქონდა პატივი, ვყოფილიყავი მთავრობის ხელმძღვანელი უკრაინის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში.
მადლობას ვუხდი თითოეულ ქალსა და მამაკაცს, რომლებიც უკრაინის მიწას იცავენ. ჩვენი მებრძოლები ჩვენი ძალაა და ჩვენი დამოუკიდებლობის მთავარი საყრდენი... კვლავ მზად ვარ, ვემსახურო უკრაინის სახელმწიფოს და შევასრულო ნებისმიერი ამოცანა, რომელიც ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვასა და სამართლიანი მშვიდობის მოახლოებას ემსახურება“, - დაწერა უკრაინის მიმავალმა პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ პლატფორმა X-ზე.
უკრაინული მედიისა და სააგენტო Reuters-ის ცნობით, იულია სვირიდენკოს შემცვლელებს შორის, სავარაუდოდ, განიხილება მისი წინამორბედი დენის შმიჰალი, ასევე თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი და სერჰეი კორეცკი, უკრაინის სახელმწიფო ენერგოკორპორაციის ხელმძღვანელი, ასევე ხარკივის მერი იჰორ ტერეხივი, რომელიც, ქვეყანაში ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად, მაღალი საზოგადოებრივი კეთილგანწყობით სარგებლობს.
საგულისხმოა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყველა მათგანს ან პირისპირ შეხვდა ან ტელეფონით გაესაუბრა, თუმცა ნაკლებადსავარაუდოა, საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროს შეეხოს, რუსეთის წინააღმდეგ კიევის გაძლიერებული და წარმატებული დარტყმების გათვალისწინებით.
