კატეგორიები

სირიის ახლადარჩეულმა პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა

სირიის ახლადარჩეულმა პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა
სირიის ახლად არჩეულმა პარლამენტმა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ პირველი სხდომა გამართა. წლების განმავლობაში მიმდინარე ომისა და ავტორიტარული მმართველობის შემდეგ, დამასკო ქვეყანაში საკანონმდებლო პროცესის აღდგენას ცდილობს.

210-წევრიანი სახალხო ასამბლეის ორი მესამედი საარჩევნო კოლეგიების მეშვეობით აირჩიეს, დეპუტატების ერთი მესამედი კი გარდამავალმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ, დაამტკიცა.

ახალი პარლამენტი უფლებამოსილებას 30 თვის განმავლობაში შეასრულებს. ამ პერიოდში ქვეყანამ მომავალი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს და ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე იმუშაოს.

პარლამენტის მუშაობის დაწყებას სირიის პოლიტიკური გარდაქმნის მნიშვნელოვან ეტაპად აფასებენ. ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში ასადის ოჯახის მმართველობისა და დამანგრეველი ომის შედეგების დაძლევას ცდილობს. კონფლიქტმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დეპუტატებს სიტყვით მიმართა აჰმედ ალ-შარაამ. მისი განცხადებით, ქვეყნის გათავისუფლებისა და თავისუფლების დაბრუნების შემდეგ მთავარი ამოცანა სახელმწიფოს გაძლიერებაა.

„მოგიწოდებთ, ეს საბჭო პასუხისმგებლობისა და კომპეტენტურობის მაგალითად აქციოთ, ხელი შეუწყოთ დიალოგის კულტურის დამკვიდრებას, კანონის უზენაესობის დაცვასა და ინსტიტუტების პატივისცემას და გახდეთ ნამდვილი პარტნიორები ახალი სირიის მშენებლობაში“ - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ.

ფიცის დადების შემდეგ კანონმდებლებმა პარლამენტის თავმჯდომარედ აბდულ ჰამიდ ალ-ავაქი აირჩიეს. სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანას“ ინფორმაციით, ალ-ავაქი წარმოშობით ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ჰასაქას პროვინციიდანაა და იუსტიციის სამინისტროში მოსამართლედ ათი წლის განმავლობაში მუშაობდა.

„დღეს რევოლუციის გამარჯვებისა და ყოფილი რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველი პარლამენტის პირველ სხდომას ვმართავთ. უპირველეს ყოვლისა, ამ მომენტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამ პარლამენტის მეშვეობით სირიაში პოლიტიკურ ცხოვრებას აღვადგენთ“ - ახალი პარლამენტის წევრმა აკილ ჰუსეინმა.

მედიის ცნობით, ის იმ სირიელ მაღალჩინოსნებს შორის იყო, რომლებმაც აჯანყების პირველ წლებში ასადის ხელისუფლება დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ.

ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყებით სირიის გარდამავალი ხელისუფლება პოლიტიკური და საკანონმდებლო ინსტიტუტების აღდგენას ცდილობს.

დაკავშირებული ამბები
სირიის ახლადარჩეულმა პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა მაკრონის ვიზიტის პარალელურად სირიის დედაქალაქში აფეთქებები იყო