ბულგარეთის ვეტომ დანარჩენი 26 სახელმწიფოს ხმა გადაწონა - ევროკავშირმა რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციების დაწესება ისევ ვერ შეძლო.
სოფიამ გადაწყვეტილება ახსნა „რელიგიური და კულტურული“ მიზეზებით, თუმცა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი არ ყოფილა ერთადერთი პირი, ვის წინააღმდეგაც შეზღუდვების დაწესებას ბულგარეთი არ მიემხრო. მათ შორის მოხვდა რუსი მილიარდერი, კრემლთან და მსხვილ ნავთობკორპორაცია „ლუკოილთან“ დაკავშირებული ვაგიტ ალეკპეროვი.
ბულგარული მხარის ეს ვეტო სრულიად მოსალოდნელი იყო ევროპული სახელმწიფოებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყნის ექსპრეზიდენტმა, რუმენ რადევმა საპარლამენტო არჩევნები მოიგო და ახლა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გაცილებით დიდი მანდატით სარგებლობს. პოლიტიკოსს მანამდეც არაერთხელ და საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ზოგიერთ სანქციას არ მიემხრობოდა, განსაკუთრებით იმას, რომელიც რელიგიურ საკითხებთან იყო დაკავშირებული.
ამ განცხადებების შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უმეტესობამ მიიჩნია, რომ ვიქტორ ორბანის ბუდაპეშტის ნაცვლად, ბრიუსელს ახალ წინაღობად შეხვდებოდა რუმენ რადევის სოფია.
მაღალი იერარქიის რუსი სასულიერო პირი სანქციებს 2022 წელს გადაურჩა, როცა ვიქტორ ორბანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უნგრეთმა ბრიუსელის ამ ინიციატივას ვეტო დაადო - არგუმენტით, რომ ეს „აღმსარებლობის თავისუფლებას ზღუდავს“.
თავისი რელიგიური და პოლიტიკური განცხადებებით, პატრიარქი კირილე რუსეთში საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა, ევროპაში კი აზრთასხვადასხვაობას იწვევს.
დასავლელი პოლიტიკოსები მას ადანაშაულებენ საეკლესიო ამბიონის გამოყენებას პროპაგანდისტული მიზნებისთვის, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა და უკრაინაში კრემლის ომის გამართლებისთვის.
მისი ხელმძღვანელობით, რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო დოკუმენტი, რომელიც გამოდის მოწოდებით, განადგურდეს უკრაინის დამოუკიდებლობა, კიევის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებს კი პატრიარქი კირილე „წმინდა ომს“ უწოდებს.
ბრძოლის შეწყვეტისა და ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებისადმი მოწოდების ნაცვლად, შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების ხოცვა, სასულიერო პირი მწვანე შუქს უნთებს ბირთვული იარაღის გამოყენებასაც.
