როგორც აღმოჩნდა, დონალდ ტრამპის ინტერესი გრენლანდიისადმი არ მინელებულა და მიუხედავად ნახევარკუნძულთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მოდუნებული ყურადღებისა, იანვარში ნათქვამი სიტყვები და დასახული გეგმები მას არ დავიწყებია.
ევროპელი მოკავშირეებისთვის მტკივნეული საკითხი და ჯერ კიდევ მოუშუშებელი ტრავმა მან კვლავ წინ წამოწია NATO-ს ანკარას სამიტზე, სადაც თქვა, რომ აქვს რამდენიმე ვარიანტი დანიის დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, თუმცა დარწმუნებულია გრენლანდიასთან შეთანხმება შესაძლებელია.
„რაღაც გაგებით, ეს კლასიკური ტრამპია - ის ცდილობს გამოიყენოს გავლენის მოხდენის ნებისმიერი ბერკეტი და არასდროს ვიცით, მას სინამდვილეში უკეთესი შეთანხმების მიღება სურს თუ ამას მხოლოდ საბაბად იყენებს ურთიერთობის გასაწყვეტად. ამ შემთხვევაში ეს ორმაგად ასეა.
შესაძლოა, მას ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა სურს და ახლა უკვე აქვს საბაბი, რომ ამაში ევროპელები დაადანაშაულოს. შესაძლოა, ერთ დღეს გრენლანდიის ცალმხრივად დაპყრობა ან კონტროლის დამყარება მოინდომოს, და ახლა ამისთვისაც უკვე აქვს საბაბი“, - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ულრიკ პრამ გადი.
უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების ნაწილის შეფასებით, გრენლანდია ტრამპის დღის წესრიგიდან ან კიდევ დიდხანს არ ამოვარდება ან საერთოდ არასდროს, ამიტომ მათი აზრით, მნიშვნელოვანია, სულ მცირე, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცვლილებამდე, ანუ 2029 წლის იანვრამდე ევროპელმა მოკავშირეებმა შეინარჩუნონ ერთიანობა და საერთო სულისკვეთება საკუთარი ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
„ყველაზე გონივრული ნაბიჯია, დანიელებმა და გრენლანდიელებმა თანმიმდევრულად გააგრძელონ პოლიტიკა, რომელსაც აქამდე მისდევდნენ. უპირველეს ყოვლისა, მათ ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, ამასთანავე, მაქსიმალურად შეინარჩუნონ ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, უნდა უზრუნველყონ, რომ ამერიკულმა საზოგადოებამ, ამერიკელმა სამხედროებმა და კონგრესმა იცოდნენ, რომ დანია და გრენლანდია შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობენ უსაფრთხოების იმ გონივრულ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც ვაშინგტონს გრენლანდიაში სურს.
ასევე მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელია არსებული კონსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში“, - ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ულრიკ პრამ გადი.
ანალიტიკოსების მეორე ნაწილი ვარაუდობს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული შეერთებულ შტატებში, შემოდგომაზე გასამართ შუალედურ არჩევნებზე, თუმცა, მათივე აზრით, არსებულ ვითარებაზე საუკეთესო პასუხი იქნება ერთობლივი მუშაობა და დიპლომატიური პროცესით პრობლემის გადაჭრა.
„მას აინტერესებს, როგორ გამოვა მისი პარტია შუალედურ არჩევნებში. ამიტომ, როდესაც ის ცდილობს ასიამოვნოს თავისი მხარდამჭერების იმ ნაწილს, რომელიც ევროპის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი ან იზიარებს ტრამპის პოლიტიკურ ხაზს, ასევე იმ სხვადასხვა ჯგუფებს, რომლებსაც განსხვავებული ინტერესები აქვთ, ამით ის საკუთარ მხარდაჭერას ამყარებს და პოლიტიკურ პოზიციას კიდევ უფრო აძლიერებს.
თუ კი შეერთებული შტატები ყველაფრის გაკეთებას მარტო გადაწყვეტს, მისი სამხედრო ძალა იმდენად ძლიერია, რომ ამას დამოუკიდებლადაც შეძლებს, მაგრამ ძალიან დიდი და, რაც მთავარია, სრულიად არასაჭირო დანახარჯის ფასად - ისეთი დანახარჯის, რომლის მხარდაჭერაც ამერიკულ საზოგადოებას, დიდი ალბათობით, არ ექნება.
ამიტომ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, თუ ეს თანამშრომლობის გარეშე მოხდება, შედეგი უარყოფითი იქნება როგორც გრენლანდიის მოსახლეობისთვის, ისე ევროპელებისთვის, რომლებიც ნატოს ფარგლებში ამერიკის მხარდაჭერისადმი ნდობას დაკარგავენ, და საბოლოოდ - თავად ამერიკელი საზოგადოებისთვისაც“, - განაცხადა დანიის სამეფოს თავდაცვის კოლეჯის ასოცირებულმა პროფესორმა, თომას კროსბიმ.
NATO-ს სამიტიდანაც და კოპენჰაგენიდანაც დონალდ ტრამპს შეახსენეს, რომ გრენლანდია არ იყიდება და ნახევარკუნძულით ვაჭრობა, მით უმეტეს, როცა საქმე მოკავშირის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, დაუშვებელია. თეთრი სახლის ლიდერი ისევ იმ აზრზე რჩება, რომ თუკი ვაშინგტონი არ მიაღწევს დასახულ მიზანს, მაშინ ამას მოსკოვი და პეკინი გააკეთებენ, რაც დასავლურ უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრის, თუმცა ევროპელი მოკავშირეებისთვის ეს არგუმენტი არ არის.
