პორტუგალიის ხელისუფლება ევროკავშირის თითქმის მილიარდ-ნახევარი ევროს მოცულობის დახმარების წყალობით ხელს უწყობს პროფესიულ განათლებას, რათა საშუალო სკოლის მოწაფეთა 55% -მა მოთხოვნადი პროფესიები შეისწავლოს.
ევროპაში დამსაქმებლების 40 პროცენტი წუხს, რომ ვერ პოულობს გამოცხადებული ვაკანსიის შესაბამისი კვალიფიკაციის მუშახელს. ამიტომ პორტუგალიაში პროფესიული განათლებისა და გადამზადების წახალისებას ცდილობენ.
ფამალიკანუში მდებარე CIOR-ის სკოლაში 400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს როგორც ლითონის შედუღებას, ისე არტერიული წნევის გაზომვას. მათ სჯერათ, რომ კურსები, რომლებზეც სწავლობენ, ზუსტად პასუხობს საზოგადოების ტენდენციებს. ხანში შესულ მოსახლეობას ფარმაცევტები სჭირდება. ციფრულ, ნახშირბადის დაბალ გამონაბოლქვზე ორიენტირებულ ეკონომიკას კი რიცხვული პროგრამული მართვის სპეციალისტები. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, აქ არავინ ღელავს იმის გამო, რომ რობოტი წაართმევს სამუშაოს.
„არ მგონია, რომ რობოტებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა ოდესმე ჩვენი ჩანაცვლება შეძლონ,“ - ამბობს დინიშ ვილას-ბოასი, CIOR-ის რიცხვული პროგრამული მართვის კურსის სტუდენტი. „იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი პრობლემის იდენტიფიცირებას მოახერხებენ, ვერასდროს შეძლებენ მომხმარებელს აუხსნან, თუ რამ გამოიწვია ესა თუ ის პრობლემა, ან როგორ უნდა გადაიჭრას“.
„ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ინსტრუმენტია,“ - განმარტავს ლარა მარტინს კაპელო, CIOR-ის ფარმაკოლოგიის კურსის სტუდენტი. „მაგალითად, ხშირად ვიყენებ მას უფრო ტექნიკური სიტყვების მარაგის შექმნის მიზნით და ა.შ. მაგრამ ნამდვილად არ მგონია, რომ ის ფარამცევტის კონსულტაციას ჩაანაცვლებს“.
პორტუგალიაში სხვადასხვა კვალიფიკაციის ათვისებას ეროვნულ დონეზე უწყობენ ხელს. მთავრობას სურს, რომ 2030 წლისთვის საშუალო სკოლების მოწაფეთა 55%-მა პროფესიული განათლება მიიღოს ან გადამზადება გაიაროს. ამ პროფესიულ გადამზადებაზე „ევროპის სოციალური ფონდი პლუსი“ (European Social Fund Plus) თითქმის მილიარდ-ნახევარ (1.5 მილიარდი) ევროს დახარჯავს პორტუგალიის PESSOAS 2030-ის ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში.
ამ სკოლის დირექტორი ხშირად ხვდება დამსაქმებლებს, რათა დაწრმუნდეს, რომ მისი გადამზადების კურსები იმ კვალიფიკიაციას იძლევა, რომელსაც დამსაქმებლები უკვე ითხოვენ ან მომავალში მოითხოვენ. დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სტუდენტებმა კარგად უნდა ისწავლონ, რათა მათგან კარგი თანამშრომელი დადგეს, ამას კი სულ სხვა უნარები სჭირდება.
"ჩვენ აქცენტი იმაზე უნდა გავაკეთოთ, რომ სრულყოფილი განათლება მივცეთ პიროვნებას,“ - განმარტავს ამადეუ დინიში, CIOR-ის დირექტორი. „მოზარდი იქნება თუ ზრდასრული, ყველას სჭირდება ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებსაც დღეს ბაზარი ითხოვს: კრეატიულობა, სანდოობა, კომპეტენტურობა, კარგი კომუნიკაციის უანრი და ა.შ. - ყველა ეს უნარი ნებისმიერ სფეროში აუცლებელია“.
მიუხედავად ასეთი დაფინანსებისა, ევროპული საზოგადოება პროფესიულ განათლებას არაერთგვაროვნად აფასებს. ევრობარომეტრის (Eurobarometer) ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ევროპელების მხოლოდ ნახევარი ურჩევს ახალგაზრდებს პროფესიული განათლების მიღებას, მაშინ, როცა ევროპელების 85% თანხმდება, რომ ამ ტიპის განათლება ისეთ პროფესიულ უნარ-ჩვევებს იძლევა, რომლებიც დღეს ყველაზე პოპულარული პროფესიებისთვის არის აუცილებელი.
მრავალი ქვეყნის მთავრობას სურს სტუდენტების წახალისება, რათა მათ გამოსადეგი ხელობა ისწავლონ. მაგრამ მაინც როგორი პოლიტიკა უნდა გატარდეს პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით?
პორტუს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლის პროფესორი ავრორა ტეიშეირასი ამტკიცებს, რომ კომპანიებმა უფრო მაღალი ხელფასი უნდა მისცენ ახალბედა თანამშრომლებს და მეტი ინვესტიცია ჩადონ ინოვაციებში, მთავრობამ კი ეკონომიკა, სასურველია, უფრო ფართო კონტექსტში განიხილოს.
„საგანმანათლებლო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი განათლების პოლიტიკა, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიულ პოლიტიკას ბიზნესპოლიტიკასთან,“ - განმარტავს ავრორა ტეიშეირა. „პროფესიული გადამზადება აუცილებელი პირობაა ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის, რომ უფრო მეტ კომპანიას შესწევდეს კონკურენციის უნარი“.
პორტუგალიის ამ რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი დამსაქმებელია გერმანული კამერებისა და ოპტიკური აპარატურის კომპანია Leica. მათ სარემონტო სამუშაოებზე ელექტრიკოსად აიყვანეს CIOR-ის ყოფილი სტუდენტი 18 წლის ანტონიო კრუსი. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ანტონიო ამბობს, რომ, მართალია, სასწავლებელი დაამთავრა, მაგრამ სწავლას აგრძელებს.
“ალბათ შენობაში ელექტრობის გაყვანას ვისწავლი, თუმცა დანადგარების უკეთ შესწავლაც მინდა,“ - ამბობს ანტონიო. „ახლახან მოვკიდეთ ხელი რობოტიკას. ეს ყველაფერი აუცილებლად დაგვჭირდება მომავალში“.
სანამ მთავრობა პროფესიული განათლების ფართოდ დანერგვას ცდილობს, ამ განათლების მქონე სტუდენტებს ბედი უკვე უღიმის, რადგან ასეთი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა სამი-მეოთხედი სამუშაოს სწავლის დასრულებისთანავე პოულობს.
ავტორი: ჯერემი უილქსი
