ფხენიანი ბირთვული ძალების გაზრდას გეგმავს - როგორც ხარისხობრივად, ისე რაოდენობრივად - ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ასეთია ქვეყნის ლიდერის დაპირება.
შრომის პარტიის ცენტრალური სამხედრო კომისიის სხდომაზე აზიური სახელმწიფოს პირველმა პირმა გამოაცხადა შეიარაღებული ძალების მოდერნიზების გეგმის, თანამედროვე ტიპის სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და ახალი საბრძოლო სისტემების დანერგვის შესახებ, რადგან, როგორც ამბობს, „მხოლოდ ძლიერ არმიას შეუძლია ჭეშმარიტი მშვიდობის გარანტირება“.
ამასთან, ფხენიანის მიზანია, გააფართოოს სადაზვერვო სამსახურის საქმიანობა, რომლის მანდატის ქვეშ აღმოჩნდება ბევრად მეტი შესაძლებლობა, ვიდრე ახლაა.
შეერთებული შტატების კონგრესის კვლევითი სამსახურის განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩრდილოეთი კორეა საკუთარ ბირთვულ პროგრამას ამუშავებს, რაც მზარდ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ვაშინგტონისთვის, ისე აღმოსავლეთ აზიისთვის, განსაკუთრებით სამხრეთ კორეისთვის, რომელიც ფხენიანს „სახელმწიფოებრიობის მთავარ მტრად ჰყავს გამოცხადებული“.
ივნისის ბოლოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, ფხენიანი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად ორ 5000 ტონიან სამხედრო ხომალდს ააშენებს. საესკადრო ნაღმოსანს ე.წ. „ბირთვული ქობინების“ მატარებელი ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლია.
2006 წლიდან ცნობილია ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის 6 დადასტურებული ფაქტი, თუმცა, სეული მიიჩნევს, რომ რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
