ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხრეთ კორეასთან ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელოვნად შემცირების მთავარი მიზეზი თავად სამხრეთ კორეის პოზიციაა - არ ჩაერთოს ირანთან მიმდინარე კონფლიქტში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებითვე, მრავალწლიან პარტნიორთან წვრთნების შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი ასევე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთათ არსებული დადებითი ურთიერთობაა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, კიმ ჩენ ინი მას ყოველთვის დიდ პატივს სცემდა.
როდესაც ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, ესაუბრა თუ არა იგი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუბარი შედგა, თუმცა მაგრამ კონკრეტული დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
“სამხრეთ კორეას მრავალი წლის განმავლობაში ვიცავდით. ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ისინი დათანხმდნენ, რომ ჩვენთვის წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი გადაეხადათ. ამის გაკეთება მათ მე ვთხოვე. ჩემი თხოვნა იყო ეს. ვუთხარი, რომ არასწორად იქცეოდნენ. არ იყვნენ კმაყოფილი, მაგრამ ამას მაინც დასთანხმდნენ. თავიდან 10 მილიარდი დოლარი ვუთხარი. ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ. ბოლოს შევთანხმდით, რომ ეს იქნებოდა 3 მილიარდი დოლარი და ის ყოველწლიურად გაიზრდებოდა. შესაბამისად, მათ დაიწყეს გადახდა, რომ ჩვენ ისინი დაგვეცვა. როდესაც არჩევნები გაყალბდა, ოთხი წლის განმავლობაში გარედან მომიწია ყველაფრის ყურება. შემდეგ დავბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ ბაიდენმა ეს 3 მილიარდი დოლარი უმიზეზოდ გააუქმა.
ცოტა ხნის წინ დავურეკე სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, რომელიც ძალიან მომწონს, ვფიქრობ, რომ ის სინამდვილეში ძალიან კეთილია. მე მას ვუთხარი: „გსურთ, დაგვეხმაროთ? ირანთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვჭირდება დახმარება. მაგრამ თუ გსურთ, დაგვეხმარეთ“. მან მიპასუხა: „არა, გმადლობ“. მე ვუთხარი: „მოიცადეთ ერთი წუთით, თქვენთან 39 000 ჯარისკაცი გვყავს, რომლებიც კიმ ჩენ ინისგან, თქვენი კარის მეზობლისგან, გიცავენ და თქვენ არ გსურთ, ირანში ძალიან მარტივ სამხედრო ოპერაციაში დაგვეხმაროთ? ეს უცნაურია“. „არა, არა. ჩვენ არ გვინდა, აქ ჩავერთოთ“. მე ვუთხარი: „კარგი, მაგრამ მაშინ ჩვენ რატომ ვართ ჩართულები თქვენს დახმარებაში? “მე მინდა დავეხმარო მათ. მაგრამ იცით, როდესაც ვინმეს დახმარებას სთხოვ და ისინი გპასუხობენ: „არა, გმადლობ“... თან გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ მათ ვიცავთ, რაც მილიარდობით დოლარი გვიჯდება. არა მხოლოდ მათ, არამედ სხვა ქვეყნებსაც. შეხედეთ ნატოს. ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ევროპის რუსეთისგან დასაცავად, ასობით მილიარდს. ძირითადად რუსეთისგან, თუმცა სხვა რაღაცებისგანაც.
შემდეგ კი ამბობენ, რომ არ სურთ იმ სრუტის დაცვაში ჩართვა, საიდანაც ნავთობის უმეტეს ნაწილს იღებენ. ნავთობის 50 პროცენტს იღებენ და არ სურთ ჩარევა. რატომ ვაკეთებთ ამას? მე მხოლოდ სამართლიანობა მინდა. სამხრეთ კორეას ძალიან კარგად ვუგებ, მაგრამ წელიწადში 3 მილიარდ დოლარს იხდიდნენ. შემდეგ კი ალბათ ბაიდენი დაარწმუნეს, რომ მე ცუდი ადამიანი ვიყავი და არ უნდა გადაეხადათ. ბაიდენმა ეს ბრძანება მაშინვე გააუქმა. გაცილებით მეტს მივიღებდით. ჩვენ ყველა ამ ქვეყნის დაცვა არ შეგვიძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ჩვენს დახმარებაზე უარს ამბობენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციამდე ერთი დღით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების პეზიდენტმა პენტაგონს სამხრეთ კორეასთან ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნების „მნიშვნელოვნად შემცირება“ უბრძანა. სამხედრო წვრთნების მიზანი, რომელშიც 18,000 სამხრეთკორეელი სამხედრო მონაწილეობს, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომავალი საფრთხეებისთვის მზადყოფნიის გაძლიერებაა.
წვრთნების შემცირების გადაწყვეტილება კი დონალდ ტრამპის მხრიდან მოკავშირე ქვეყნის წინააღმდეგ და მოწინააღმდეგე ლიდერის სასარგებლოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. სამხრეთ კორეის მსგავსად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ სხვა მოკავშირე სახელმწიფოებიც, მათ შორის ევროპა და ნატოს წევრი სახელმწიფოები არაერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ირანთან ომში ჩართვაზე უარი განაცხადეს.
