კატეგორიები

ერთი წელი მსხვერპლის გარეშე - როგორ იქცა ჰელსინკის საგზაო უსაფრთხოება სამაგალითოდ მთელ მსოფლიოში

ერთი წელი მსხვერპლის გარეშე - როგორ იქცა ჰელსინკის საგზაო უსაფრთხოება სამაგალითოდ მთელ მსოფლიოში
დიდი ჰელსინკის მეტროპოლიურ ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით მილიონ 400 ათასია, საგზაო უსაფრთხოების კუთხით ნამდვილად დიდ წარმატებას მიაღწიეს. მაინც რა შეიძლება ისწავლონ ევროკავშირის სხვა ქვეყნების დედაქალაქებმა ჰელსინკის წარმატების მაგალითზე?

წელიწადი ისე გავიდა, რომ დიდი ჰელსინკის ქუჩებში არ მომხდარა არცერთი უბედური შემთხვევა, რომელიც რომელიმე ქვეითის, ველოსიპედისტის, მოტოციკლისტის ან ნებისმიერი მძღოლის გარდაცვალებით დასრულდა. დიდი ჰელსინკის მეტროპოლიური ტერიტორიის ფარგლებში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით მილიონ 400 ათასია, ნამდვილად დიდ წარმატებას მიაღწიეს საგზაო უსაფრთხოებით კუთხით. ევროკავშირის სხვა დიდი ქალაქები ახლა ცდილობენ, ჰელსინკის მაგალითს მიბაძონ.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ფინეთის დედაქალაქის ხელსუფლებამ დიდი  ინვესტიციები ჩადო ინფრასტრუქტურაში, რომელიც მძღოლების, ქვეითებისა და ველოსიპედისტების უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება.

“გასულ წელს ჰელსინკიმ დაახლოებით 35 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო ველოსიპედისტებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურაში, რომელიც შეიძლება ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს საგზაო ინვესტიციებზე გამოყოფილი ბიუჯეტის მხოლოდ 13%-ია“, - ამბობს მატი ჰირვონენი, ფინეთის ველოსიპედისტთა მუნიციპალიტეტების ქსელის მთავარი სპეციალისტი.

 

ამ ქალაქში ჯერ კიდევ 40 წლის წინ დაიწყეს გამოსავლის ძიება, რათა საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა შეემცირებინათ - და საბოლოოდ მიაღწიეს კიდეც მიზანს. ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. 2024 წლიდან 2025 წლამდე 12 თვის განმავლობაში არცერთი მსხვერპლი არ აღნუსხულა. შედარებისთვის, იმავე პერიოდში პარიზის ქუჩებში 13 ადამიანი დაიღუპა. ამ რეპორტაჟის გადაღების დროს საანგარიშო პერიოდიდან კიდევ 9 თვე იყო გასული მსხვერპლის გარეშე.

“რა თქმა უნდა, გზების უსაფრთხოების გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განმარტავს რონი უტრიაინენი, ქალაქ ჰელსინკის ურბანული გარემოს განყოფილების საგზაო ინჟინერი. „მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გზაზე მავალთა მიერ უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა, მოწესრიგებული ავტომობილები, კანონმდებლობა და საგზაო გარემო. ქალაქში შეამცირეს სიჩქარის ზედა ზღვარი, გააუმჯობესეს საფეხმავლო და ველოსიპედისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, დაავიწროვეს გზის სავალი ნაწილი, დააყენეს სათვალთვალო კამერები. ჰელსინკიში ძალიან კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რაც ავტომობილით გადაადგილებას ამცირებს და, შესაბამისად, მცირდება ავარიებიც“.

კერძო ავტომობილებს მთავარი რკინიგზის შემოგარენში 2030 წლიდან აღარ დაუშვებენ, რაც ძალიან მოსწონს პასი ანტეროინენს. იგი ფინეთის საგზაო უსაფრთხოების საბჭოს - კერძო-საჯარო არასამთავრობო ორგანიზაციის Liikenneturva-ს - მმართველია, რომელიც ადგენს საგანმანათლებლო პროგრამებსა და აწარმოებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რათა ფინეთის გზებზე უსაფრთხოება გაიზარდოს.

“კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოების თანხმობა,“ - ამბობს პასი ანტეროინენი. „მაინც რა არის მისაღები ქვეყანასა თუ ქალქში? როგორია  ჩვენი მოლოდინი? აი, ეს არის მნიშვნელოვანი. როდესაც ფინეთში ბავშვი 6-7 წლის ხდება, ის სკოლაში ძირითადად მარტო დადის. ამიტომ მათ უსაფრთხო სიარულის ჩვევები უნდა ვასწავლოთ. ჩემი აზრით, ჰელსინკელებმა გადაწყვიტეს, რომ ქუჩა უსაფრთხო იყოს“,

დაახლოებით 20 წლის წინ ქალაქის ქუჩებში მოძრაობის სიჩქარის ზედა ზღვრად 30 კილომეტრ-საათი დაადგინეს. აქ უბრალოდ დაუშვებელია სიჩქარის გადაჭარბება ან ნარკოტიკული თრობისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ საჭის მართვა.

“ჰელსინკიში გაიზარდა ავტომატური თვალთვალის არეალი,“ - განმარტავს დენის პასტერშტეინი, ჰელსინკის პოლიციის განყოფილების საგზაო კონტროლის ოპერაციების უფროსი ზედამხედველი. „70 კამერა აკონტროლებს სიჩქარეს. გარდა ამისა, გვაქვს საგზაო კონტროლი, რომელიც ამოწმებს სიჩქარის ზღვრებსა და ალკოლჰოლის დონეს. რასაკვირველია, ყველა ტიპის ტრანსპორტს ვაკონტროლებთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საკომუნიკაციო კამპანიები. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სოციალურ მედიას. გასულ წელს, მაგალითად, მხოლოდ ჩვენ სოციალური მედიის გვერდებს 30 მილიონი ნახვა ჰქონდა.  ასეთი კამპანიები ასჯერ და ზოგჯერ ათასჯერაც ზრდის ერთი საგზაო ჯარიმის ხილვადობას. ამას კი უზარმაზარი გავლენა აქვს მანქანის მართვის ქცევაზე“.

ევროკავშირის სტრატეგია „ხედვის არე“ მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისთვის, რამდენადაც შესაძლებელია, ნულამდე დაიყვანოს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს მსხვერპლის რაოდენობა. ამ სტრატეგიის მთავარი იდეა ის არის, რომ საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და ტრავმების აღკვეთა შესაძლებელია. მაინც რისი სწავლა შეუძლიათ ევროკავშირის სხვა ქვეყნების დედაქალაქებს ჰელსინკის წარმატებული მოდელისგან?

“ჩვენ მიზანი 40 წლის წინ დავისახეთ. ახლა კი ეს რეალობად იქცა. ნამდვილად მნიშვნელოვანია მიზნების დასახვა და მომავალზე ფიქრი“, - ამბობს მარტი ტულენჰეიმო, ფინეთის ველოსიპედისტთა ფედერაცის მთავარი სეპციალისტი.

“მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის დასმა რომ შეიძლებოდეს, მე სიჩქარის ზედა ზღვრების შემცირებას დავასახელებდი“, - განმარტავს საგზაო ინჟინერი რონი უტრიაინენი.

 “რა თქმა უნდა, ევროპის ზოგიერთი დედაქალაქი ჰელსინკიზე 10-ჯერ დიდია. თუმცა მათ ყოველდღე შეუძლიათ სცადონ რაღაცის გაუმჯობესება“, - აჯამებს საკითხს ფინეთის საგზაო უსაფრთხოების საბჭოს მმართველი დირექტორი პასი ანტეროინენი.

ავტორი: ხულიან გომესი

დაკავშირებული ამბები
ერთი წელი მსხვერპლის გარეშე - როგორ იქცა ჰელსინკის საგზაო უსაფრთხოება სამაგალითოდ მთელ მსოფლიოში ბავარიული სტარტაპი ეკომეგობრულ შოკოლადს მზესუმზირას მარცვლებისგან ამზადებს