ევროპარლამენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი, დეცენტრალიზებული მოძრაობის, „უკრაინის მეამბოხე არმიის“ სახელი მიენიჭა.
ამ ნაბიჯმა მორიგ ჯერზე დაძაბა ურთიერთობები კიევსა და ვარშავას შორის, სადაც უკრაინული გაერთიანების სახელი მტკივნეულ ისტორიულ მოგონებებთან ასოცირდება.
ვოლინის 1943-1945 წლებს ხოცვა-ჟლეტისას, ნაცისტური ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ათასობით პოლონელი დაიღუპა, რაც ვარშავამ გენოციდად აღიარა, თუმცა უკრაინას ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არ აქვს.
უკრაინული მხარისთვის მეამბოხე არმიის მოძრაობის საქმიანობა დიდად დაფასებულია, საბჭოთა ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო.
კიევის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატის მიერ ინიცირებული შესწორება მოჰყვა უკრაინის ევროკავშირის გაწევრების შესახებ რეზოლუციაში, სადაც ნათქვამია, რომ ეს არის „არასაჭირო და არაფრით პროვოცირებული ესკალაცია“, რომელიც „ძირს უთხრის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს“ და „არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს“ - ასევე ნახსენებია პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა რუსული აგრესიის მსხვერპლი უკრაინისა და მისი მოსახლეობის მიმართ.
კიევსა და ვარშავას შორის დიპლომატიური დაძაბულობა გასულ თვეში გამწვავდა, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების საპასუხოდ, მისმა პოლონელმა კოლეგამ მას „თეთრი არწივის“ ჯილდო ჩამოართვა, რასაც ყოფილ თუ მოქმედ უკრაინელ პოლიტიკოსებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს უბიძგა, თავად ეთქვათ უარი ვარშავის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოსთვის.
მხარეებს შორის უთანხმოება მივიდა იქამდეც, რომ გდანსკში, „უკრაინის აღდგენის“ ყოველწლიურ კონფერენციაზე ქვეყნის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის დონეზე იყო წარმოდგენილი.
ნატოს ანკარას სამიტის ფარგლებში, კაროლ ნავროცკი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ, რაც პოზიტიურ გზავნილად იქნა აღქმული, ურთიერთობების დასტაბილურების გზაზე, თუმცა კიევის თუ ვარშავის პერიოდულმა ხისტმა ნაბიჯებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს უკრაინის ევროინტეგრაციაზე.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, პოლონეთის მოქალაქეთა 60% ევროკავშირში კიევის გაწევრების წინააღმდეგია.
